ჩელენჯ კაპი

22:49 | 9.04.2016 | ნანახია 1393 - ჯერ

ევროთასებზე იტალიელების ადგილი არ არის!

რომ არა თითო-თითო ავტომატური ადგილი ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე პრო 12-ის იტალიური კლუბებისთვის [„ბენეტონი“ და „ძებრე“], ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ევროპის საკლუბო ტურნირებში ალბათ ვერც ვიხილავდით.

ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ორრაუნდიანი ჯახის პირველი თამაშები, იტალიის ჩემპიონატის მოწინავე გუნდებმა რუსულ „ენისეისთან“ და რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსთან“ დიდი სხვაობებით დათმეს. ერთმა განმეორებითმა თამაშმა პრაქტიკული აზრი დაკარგა, მეორეში კი, „კალვიზანო“ მცირედი შანსის გამოყენებას ეცდება.

რუსეთის ვიცე-ჩემპიონი, კრასნოიარსკის „ენისეი“ „როვიგოს“ ეწვია, ხუთი უპასუხო ლელო უსახსოვრა და 31:0 გაანადგურა. რა თქმა უნდა გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა „ბორჯღალოსანმა“, შუამარბმა დავით კაჭარავამ.

იტალიელები შერკინებაში გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, რის ხარჯზეც საწყის წუთებში ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ დერეფანი არ უვარგოდათ. ტაიმის შუაში სტუმრებმა კარგი გარღვევა ლელოთი დაასრულეს, ზედ შესვენების წინ კი, ფორვარდებმა მოარღვიეს „როვიგოს“ დაცვა და რუსები 14:0 დაწინაურდნენ. თამაშის განახლებიდან 7 წუთში „ენისეიმ“ მესამე ლელო დადო, ხოლო დასკვნით მეოთხედში კიდევ ორჯერ აიღო მათი ჩათვლის მოედანი და საბოლოოდ 31:0 იმარჯვა.

განმეორებითი შეხვედრა 23 აპრილს კრასნოდარში გაიმართება, თუმცა მას პრაქტიკული აზრი უკვე დაკარგული აქვს და კაჭარავა და „ენისეი“ შემოდგომიდან ჩელენჯ ქაფის ძირითად ბადეში კვლავ იქნებიან.

„ტიმიშოარა-სარასენსმა“ „კალვიზანოს“ უმასპინძლა და განმეორებითი შეხვედრის წინ 13-ქულიანი ფორა შეიქმნა - 36:23, თუმცა, სხვაობა ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო. პირველ ტაიმში ბრძოლა გაჩაღდა და ანგარიში იტალიელთა რუმინელმა ლეგიონერმა ვლაიკუმ ჯარიმით გახსნა, რაზეც რუმინელებმა ჯარიმითვე უპასუხეს, მერე კი, ლელო დადეს. ვლაიკუმ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა შესვენებამდე კინიკინილაუმ მეორედ აიღო სტუმართა ჩათვლის მოედანი და რადგან კალაფეტეანუს გარდასახვები არაზუსტი იყო, ტაიმი 13:6 დასრულდა.

მეორე ტაიმი „ტიმიშოარამ“ ძალიან კარგად დაიწყო, კიდევ ორი ლელო გაიტანა და 33:6 დაწინაურდა. სხვაობა დიდი იყო, მაგრამ „კალვიზანო“ არ დანებდა და ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა. მასპინძლებმა ამას ჯარიმით უპასუხეს და დასკვნით 15 წუთში დაცვაში მეტი ყურადღებით რომ ეთამაშათ, განმეორებით მატჩს აზრს დაუკარგავდნენ, ასე კი, კიდევ ორი ლელო გაუშვეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და მართალია მიზერული, მაგრამ იტალიელებს ორი კვირის შემდეგ ჯამში წარმატების შანსი დარჩათ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.148847