საფრანგეთი პრო დ2

18:22 | 27.09.2016 | ნანახია 1899 - ჯერ

პრო დ2-ის სტატისტიკა: ლელოებს შემოდგომაზე ითვლიან

საფრანგეთის რანგით მეორე ელიტარულ ლიგაში 5 ტური მიილია. ქართველი ლეგიონერებიდან გამართლ შეხვედრებში მოედანზე 18 მოთამაშე გავიდა.

„აჟენის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა „ბორჯღალოსნების“ გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც კლუბში პოზიცია შეუცვალეს და მეორე მგეზავის ადგილი ჩააბარეს. თაზომაც ახალ ამპლუას ალღო იოლად აუღო და ბოლო ორ ტურში „ბიარიცთან“ და „მონ დე მარსანთან“ მოპოვებულ უმნიშვნელოვანეს გმარაჯვებებში თავისი ლომის წილი 2 დადებული ლელოთი შეიტანა. მან ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან 4 ძირითადში დაიწყო და მოედანზე 354 წუთი გაატარა.

ფედერალიდან პრო დ2-ში დაწინაურებული „ანგულემის“ წარმატებულ სტარტში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა, რომელმაც თაზოს მსგავსად 5 შეხვედრა ითამაშა, 4 სასტარტოში, მანაც 354 წუთი დაჰყო მოედანზე, ბოლო ტურში კი „მონტობანთან“ მოგებულ მატჩში საუკეთესოდ დასახელდა.

პრო დ2-ის გათამაშების ლიდერ „ორიაკში“ მხტომელმა ლევან დათუნაშვილმა ყველა შეხვედრა ძირითადში დაიწყო და ჯამში 344 წუთი ითამაშა.

საწყისი ორი ტური კოჭის ტრამვის გამო გამოტოვა შუამარბმა მერაბ შარიქაძემ, რომელმაც შემდეგი სამი თამაში სასტარტოში დაიწყო და 225 წუთი ითამაშა.

4 თამაში ჩაატარა „ბეზიეს“ მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ, რომელმაც ორი შეხვედრა ძირითადში დაიწყო ( ჯამში 196 წუთი). ბოლო ტურში „ალბთან“ მოგებულ თამაშში, ბოლო შეტევისას მან ლელო დადო, რითაც თავის გუნდს დამატებითი ბონუს ქულა მოუტანა, ხოლო „კარკასონთან“ შეხვედრაში მოლის ჩაქცევისთვის მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა.

შარიქაძის მსგავსად საწყისი ორი ტური გამოტოვა „ალბის“ ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა, მაგრამ ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია იყო, რომელიც ბექას წინა სეზონიდან გადმოყვა. შემდეგი სამი თამაში ძირითადში დაიწყო და მოედანზე 186 წუთი გაატარა, „ბეზიესთან“ შეხვედრაში კი ყვითელი ბარათით დაისაჯა.

4 თამაში ითამაშა (სამი ძირითადში) „დაქსის“ ბურჯმა ელიზბარ ყუფარაძემ, რომელმაც 175 წუთი გაატარა მოედანზე.

ტოპ-14-დან პრო დ2-ში დაქვეითებული „უიონას“ ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ მოედანზე 161 წუთი დაჰყო (3 თამაში), ხოლო „დაქსთან“ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა.

„ვანის“ მხტომელი ვახტან მაისურაძე 3-ჯერ გამოჩნდა მოედანზე, მათ შორის 2-ჯერ ძირითადში და ჯამში 152 წუთი ითამაშა.

4 შეხვედრა ჩაატარა „მონ დე მარსანის“ მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ, რომელმაც 2 შეხვედრა ძირითადში ითამაშა. „ბუგუენთან“ მატჩში მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა, ჯამში კი, 152 წუთი დაჰყო მოედანზე.

„ორიაკის“ ბუჯრი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითად შემადგენლობაში 2-ჯერ მოხვდა, ერთხელაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში, რითაც 112 წუთი დაუგროვდა. „პერპინიენთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ის ტურის სიმბოლურში მოხვდა.

ასევე სამ მატჩში ითამაშა „აჟენის“ ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა, ოღონდ თავისი „ორიაკელი“ კოლეგისგან განსხვავებით, ძირითადში მხოლოდ ერთხელ დაიწყო შეხვედრა, 103 წუთი ჯამში.

დანერჩენი 6 მორაგბე მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოვიდა სათამაშოდ. მათ შორის აღსანიშნავია ლაშა თავბერიძის დებიუტი „ანგულემში“, არჩილ ბეჟიაშვილის „ვანში“ და ვახტანგ ახობაძის „აჟენში“. ამ უკანასკნელს დებიუტი მსაჯმა ყვითელი ბარათით გაუფერმკრთალა. ახობაძეს განვლილ ტურშიც უნდა ეთამაშა, მაგრამ კაპიტნის ვარჯიშზე დაშავდა.

პრო დ2-ის ლეგიონი სრულად (ძირითადი გუნდი+ესპუარები):

ალბი: ბექა შეყლაშვილი (ბურჯი);

ანგულემი: შალვა სუთიაშვილი (მარბიელი/მღლეტელი), ლაშა თავბერიძე (მღლეტელი);

აჟენ: თამაზ მჭედლიძე (მეორე მგეზავი/გარემარბი), გიორგი თეთრაშვილი (ბურჯი), ვახტანგ ახობაძე (ბურჯი), გიორგი მარველიანი (ბურჯი);

ბეზიე: ლაშა ლომიძე (შემკვრელი), ბესო გოგოლაძე* (მხტომელი);

დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე (ბურჯი);

ვანი: ვახტან მაისურაძე (მხტომელი), არჩილ ბეჟიაშვილი(ბურჯი);

კარკასონი: გიორგი ნაცარაშვილი (ბურჯი);

მონ დე მარსან: ბექა გორგაძე (შემკვრელი); გიორგი ნეფარიძე* (ბურჯი);

ნარბონი: ტარიელ რატიანიძე (ბურჯი), შაკო ოდიშარია (ბურჯი);

უიონა: ირაკლი მირცულავა (ბურჯი), გიორგი ვეფხვაძე (ბურჯი);

ორიაკ: ლევან დათუნაშვილი (მხტომელი), მერაბ შარიქაძე (მეორე მგეზავი), ნიკოლოზ ხატიაშვილი(ბურჯი), გიორგი შარაშიძე (ბურჯი).

შენიშვნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:51 | 28.09.2016
federer (17) (469)

გამრავლოთ ღმერთმა რამდენი კაცი გვყოლია აქაც და იმედია ამათგან ნახევარი ტოპ-14 ში აიწევს მომავალ სეზონშიი

22:48 | 27.09.2016
qomagi (248)

წარმატებები ლომებო!!!

0.104691