მამუკა გორგოძის გმირულმა თამაშმა მისი, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონი“ სეზონის მეოთხე მარცხისგან იხსნა. უკვე ვწერდით, რომ მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში „ტულონმა“ „კლერმონს“ ქართველის მიერ ინდივიდუალურად გატანილი ლელოთი 23:21 სძლია და ამან ტულონელები მე-11-დან მე-5 ადგილამდე აღაზევა.
გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და არა მხოლოდ 73-ე წუთზე დადებული გადამწყვეტი ლელოსთვის. ის იბრძოდა, არაფერს თმობდა, გუნდის ლიდერად მოგვევლინა და ყველაზე მეტჯერ, 15-ჯერ შეუტია. ჯამში მამუკამ 43 მეტრი მოიგო, ერთი ლელო გაიტანა, ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი, ორ მბოჭავს დაუსხლტა, ერთი ოფლოუდი გაახერხა და ერთხელაც მეტოქის დერეფანი მოიგო. მის ანგარიშზეა 6 გადაცემა და „ტულონის“ რიგებში ყველაზე მეტი, 12 ბოჭვა. ეს მშრალი სტატისტიკაა, მოედანზე კი, ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზად ჩანდა და სპეციალისტების უმაღლესი შეფასებებიც აბსოლიტურად დამსახურებულია. ალბათ გასაკვირი არავისთვის იქნება თუ დავამატებთ, რომ გორგოძე ტოპ 14-ის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ჩილაჩავა თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ერთხელ შეუტია და ერთი მეტრი მოიგო, ერთხელ პასი გააკეთა და 2 მეტოქე შებოჭა. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ალხაზაშვილი, ხოლო სტუმრების 23-ში დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი.
თამაშს რაც შეეხება, მისი პირველი ტაიმი „ტულონმა“ 16:6 მოიგო, მაგრამ 53-ე და 55-ე წუთებზე მცველებმა მეტოქის ფეხით თამაშისას შეცდომები დაუშვეს და „კლერმონი“ 21:16 დაწინაურდა. ეს ანგარიში 73-ე წუთამდე შენარჩუნდა და მასპინძლები მისი შემომბრუნებელი აღარ ჩანდნენ, თუმცა ქართველი არ დანებდა, ლელოდან 8 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მოიპარა, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და გამარჯვებისა დაამიწა.
ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიემ“, რომელმაც კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივთან“ პრემიაც აიღო - 42:13. მატჩში მონაწილეობა მასპინძელთა სამმა ქართველმა მიიღო და სამივე სასტარტოში იყო. მიქაუტაძემ, რომელიც უმეტესად შავ სამუშაოს ასრულებდა, ერთხელ შეუტია, 4 ბოჭვა შეასრულა და 52-ე წუთზე შეცვალეს; ქუბრიაშვილმა მოედანზე 55 წუთი გაატარა, 4-ჯერ შეტევით ბურთი 15 მეტრით წაწია წინ, ორ მბოჭავს დაუსხლტა და ორი პასი გააკეთა, ხოლო დაცვაში 3 ბოჭვა მოაგროვა; ნარიაშვილმა 60 წუთი ითამაშა და სამი მიძალებით 12 მეტრი მოიგო, ერთხელ ოფლოუდი შეასრულა და 3 პასი გააკეთა, ხოლო ბოჭვებში გუნდში მეორე მაჩვენებელი ჰქონდა - 9 და მხოლოდ ერთით ჩამორჩა გალტიეს.
მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და 5 ლელო დადეს, საიდანაც სამი ნემანი ნადოლოს, ხოლო თითო-თითო ფრანსუა სტეინისა და გელის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ „მონპელიეს“ შერკინება შეუჩერებელი იყო და 4 ლელო 51-ე წუთამდე, ანუ ქართველების მოედანზე ყოფნის პერიოდში გავიდა.
სატურნირო ცხრილს კვლავ ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ ლიდერობს, რომელმაც განვლილი ექვსი თამაშიდან 4 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთში მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მე-6 ტურში ლიდერმა დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონთან“ გამარჯვების პრემიაც აიღო - 34:17. ყაულაშვილმა შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა და სამი შეტევით ამდენივე მეტრი მოიგო, ერთხელ კი, პასი გააკეთა. მოედანზე დაბრუნებული ხინჩაგიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. ვეტერანმა ქართველმა 4-ჯერ მიიღო ბურთი და ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა მოაგროვა. ის 2-ჯერ დაჯარიმდა. „ლა როშელმა“ თითო ტაიმში ორ-ორი ლელო გაიტანა, ბოლოს ერთი თავადაც გაუშვა, მაგრამ ამით ხასიათი არ გაფუჭებია.
მოედანს დაუბრუნდა ზურაბ ჟვანიაც, რომლის „სტად ფრანსე“ ვასილ კაკოვინის „ტულუზთან“ სტუმრად 18:23 დამარცხდა. ჟვანია შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა და ამ პერიოდში სამი შეტევით 6 მეტრი მოიგო, ერთი პასი გააკეთა და ერთხელ დაჯარიმდა. შეხვედრის პირველ ტაიმში „ტულუზმა“ სამი ჯარიმა გაიტანა, „სტად ფრანსემ“ მხოლოდ ერთი და 37-ე წუთზე სერჯიო პარისე სახიფათო ბოჭვის შემდეგ წითელი ბარათით დაკარგა. მეორე ტაიმში გუნდებმა მორიგეობით ორ-ორი ლელო დადეს და „სტად ფრანსე“ კმაყოფილი უნდა იყოს, კაცნაკლული პრემიას რომ გამორჩა.
ტურის სხვა თამაშებში ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონი“ 10:32 დამარცხდა „ბორდოსთან“. ადამ ეშლი-კუპერმა სამი ლელო გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა პრემიაც აიღო.
ჩემპიონი „რასინგი“ „კასტრთან“ 23:31 დამარცხდა. თამაში დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთამდე სტუმრები მოგების შანსს ინარჩუნებდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე მესამე ლელო მიიღეს. ქულაუხვი გამოდგა „გრენობლისა“ და „პოს“ შეხვედრა. გუნდებმა ქულები უმეტესად ჯარიმებით აგროვეს, მასპინძლები ერთი პერიოდი 13 ქულასაც იგებდნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში მიღებული ლელოთი ჩამორჩნენ, მერე ჯარიმით ორჯერ დაწინაურდნენ - 70-ე და 78-ე წუთებზე, თუმცა ორივე შემთხვევაში საპასუხო ჯარიმა მიიღეს.
საფრანგეთი. ტოპ 14. VI ტური
კასტრი - რასინგი 31:23
ბორდო - ლიონი 32:10
გრენობლი - პო 38:39
ლა როშელი - ბეიონი 34:17
ტულუზი - სტად ფრანსე 23:18
მონპელიე - ბრივი 42:13
ტულონი - კლერმონი 23:21
1. | ლა როშელი | 6 | 4 | 1 | 1 | 183:131 | 21 | 3 |
2. | კლერმონი | 6 | 3 | 2 | 1 | 194:131 | 19 | 3 |
3. | მონპელიე | 6 | 4 | 0 | 2 | 170:96 | 19 | 3 |
4. | კასტრი | 6 | 3 | 1 | 2 | 160:110 | 16 | 2 |
5. | ტულონი | 6 | 3 | 0 | 3 | 151:148 | 15 | 3 |
6. | ბორდო | 6 | 3 | 0 | 3 | 135:133 | 14 | 2 |
7. | რასინგი | 6 | 3 | 0 | 3 | 140:153 | 14 | 2 |
8. | პო | 6 | 3 | 0 | 3 | 129:144 | 14 | 2 |
9. | ბრივი | 6 | 3 | 1 | 2 | 133:162 | 14 | 0 |
10. | ტულუზი | 6 | 3 | 0 | 3 | 114:132 | 13 | 1 |
11. | სტად ფრანსე | 6 | 2 | 1 | 3 | 157:149 | 12 | 2 |
12. | ლიონი | 6 | 2 | 1 | 3 | 116:152 | 11 | 1 |
13. | ბეიონი | 6 | 1 | 1 | 4 | 95:155 | 6 | 0 |
14. | გრენობლი | 6 | 1 | 0 | 5 | 135:216 | 6 | 2 |
VII ტური. 1-2 ოქტომბერი
კლერმონი - კასტრი, ბეიონი - ლიონი, პო - ბორდო, ტულუზი - გრენობლი, ბრივი - რასინგი, სტად ფრანსე - ლა როშელი, ტულონი - მონპელიე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორჯერ ვუყურე თამაშს, ისეთი დიდი სიამოვნება მომანიჭა მამუკას თამაშმა. ჩვენი გორგოძილა ყველა ასპექტში შეუდარებელი იყო, ლელო ხომ საერთოდ მაგარი დადო და სწორედ მისი დამსახურებით მოიგო ტულონმა. რა საამაყო მოსასმენია, როდესაც ლელოს დადების შემდეგ ტრიბუნები მამუკა გორგოძის სახელს და გვარს სკანდირებდნენ!!! ნამდვილად იმსახურებდა სიმბოლურს.
აქვე მინდა ავღნიშნო ლევან ჩილაჩავას კარგი თამაშიც, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა მეორე ტაიმში, მაგრამ დიდი შავი სამუშაო გასწია და ერთ-ერთ შერკინებაში საერთოდ მარტომ ათრია მთელი კლერმონის შერკინება.
მოკლედ, ჩვენი ლომები საფრანგეთში სეზონს მაგრად იწყებენ და იმედია ფორმის პიკზე შეხვდებიან ნოემბრის ტესტებს.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=pITb6_14WVc')>0?'https://www.youtube.com/watch?v=pITb6_14WVc':'https://www.youtube.com/watch?v=pITb6_14WVc')) მთლიანი თამაში