საფრანგეთი პრო დ2

17:41 | 26.09.2016 | ნანახია 2775 - ჯერ

პრო დ2: ორი ლელო და ორიც საუკეთესო

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში, გასული ტურის მსგავსად, მე-5 ტურშიც ორი ქართული ლელო გავიდა და ორი ჩვენებური მატჩის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ, ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ბურთის დამიწება და ორივე შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს მომენტში. წინა ჯერზე მისი ლელო „აჟენისთვის“ გამარჯვების მომტანი, ხოლო ამჯერად გარდამტეხი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, მე-4 ტურში მას მხარი ირაკლი მირცხულავამ აუბა, ხოლო ამჯერად თავი ლაშა ლომიძემ გამოიჩინა. რა გასაკვირია, რომ მჭედლიძე ამ ტურშიც გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო მეორე ქართველი, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილია.

ტური ქართული დერბით გაიხსნა. ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ დასკვნითი მეოთხედის წინ 21:6 ამარცხებდა, თუმცა მჭედლიძემ გუნდი ბრძოლაში დააბრუნა და საბოლოოდ სტუმრებმა 23:21 იმარჯვეს. 23 წლის მორაგბემ ჯერ კიდევ შარშან, ტოპ 14-ში მოთამაშე „აჟენში“ იტვირთა ლიდერის ფუნქციები და 6 ლელო დადო, ახლა კი, პოზიციებს კიდევ უფრო იმტკიცებს, შუამარბად გადაინაცვლა და 4 თამაშში ორი ლელო მიითვალა.

მჭედლიძე რომ გუნდის ლიდერია ამაზე ფრანგი ჟურნალისტების დამოკიდებულებაც მეტყველებს. რეპორტაჟის დაწყებამდე CANAL+SPORT-ის წამყვანებმა მასზე მთელი წუთი ისაუბრეს და ამ პერიოდში ტელემაყურებელი თაზოს გახურებას და საბრძოლო განწყობას ადევნებდა თვალს. ის თავის საქმესაც აკეთებდა და მითითებებს თანაგუნდელებსაც აძლევდა.

შუამარბმა სრულად ითამაშა და ლელო 59-ე წუთზე დადო. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს ბურჯი თეთრაშვილი. იყო მოლოდინი, რომ პრო დ2-ში დებიუტი ექნებოდა ახალგაზრდა ბურჯ მარგველანს, რომელიც თადარიგში იყო, თუმცა სიტუაციიდან, დაძაბულობიდან გამომდინარე მწვრთნელებმა მისი ბრძოლაში ჩართვა ვერ გარისკეს. მხოლოდ დასკვნითი 4 წუთი ითამაშა შეცვლაზე მასპინძელთა მესამეხაზელმა გორგაძემ.

მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ჯარიმა, ხოლო მე-17-ე წუთზე 5-მეტრა დერეფნიდან ლელო დადეს და გარდასახეს. ტაიმის შუაში „აჟენმა“ ჯარიმა გაქვითა და 6:13 ჩამორჩა. „მონ დე მარსანი“ ხელდახელ უკეთ უტევდა და ორჯერ ლელოსთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა შემტევებს ბურთი ხელიდან დაუვარდათ. მეორე ტაიმის დებიუტში „აჟენი“ სინბინით დაისაჯა და მასპინძლებმა ჯერ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 49-ე წუთზე კარგი ხელდახელ შეტევა ფიჯელმა გარემარბმა ვილიკისა სალავამ ლელოთი დაასრულა - 21:6. მეთ ჯეიმსს ამ მატჩში მიზანმა პირველად უმტყუნა და გარდასახვა გააფუჭა.

59-ე წუთზე „აჟენმა“ მოკლე დარტყმებით ნელ-ნელა მოიგო მანძილი, მერე ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, რაქიდან ბურთი მჭედლიძემ მიიღო, ორი მცველი მას ამაოდ შეასკდა და თაზო ლელოში შეფრინდა. 66-ე წუთზე სინბინით უკვე „მონ დე მარსანი“ დაისაჯა, „აჟენმა“ დერეფნიდან შეუტია და მეორე ლელო გაიტანა. გარდასახვები ზუსტი იყო, 73-ე წუთზე „მონ დე მარსანმა“ ჯარიმა ააცილა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. 78-ეზე „აჟენის“ შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა, ბარტონ ფრენსისმა კარიდან მარცხნივ, 46 მეტრიდან გაიტანა - 23:21. „აჟენმა“ პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ სამი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ლიდერთა შორისაა.

ლაშა ლომიძის „ბეზიემ“ ბექა შეყლაშვილის „ალბის“ უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის ბოლო წუთზე დადებული ლელოთი პრემიალური ქულაც გაიფორმა - 36:15. პირველ ტაიმში გუნდებმა 4-4 ზუსტი ჯარიმა შეასრულეს, 55-ე წუთზე „ალბიმ“ მეხუთეც გაიტანა და 15:12 დაწინაურდა, თუმცა ერთ წუთში პირველი ლელო გაუშვა და მოიშალა. ახალზელანდიელმა მუნრომ მეტოქეს თანაგუნდელივით გამოართვა ბურთი და ძელებსშუამდე ირბინა. 61-ე წუთზე შეყლაშვილი სინბინით დაისაჯა და მუნრომ 22 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა, ხოლო 1 წუთში „ალბელმა“ მორაგბემ ბოჭვისას დაკარგა ბურთი, ჟულიენ ბლანმა ის ფეხით ლელომდე მიიტანა და დაამიწა - 29:15. საფინალო სასტვენამდე 8 წამით ადრე, ლომიძემ ლელოსთან ახლოს წარმოქმნილი რაქიდან გორგოძის სტილში ითამაშა, ბურთი მეტოქისთვის უჩუმრად მოიხელთა და ლელოში გადახტა.

შეყლაშვილი სინბინის შემდეგ 73-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 5 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ლომიძე შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა და მიმდინარე სეზონში თავისი პირველი, თანაც პრემიალური ლელო გაიტანა. 24 წლის მორაგბისთვის ეს პრო დ2-ის მესამე სეზონში მე-4 გატანილი ლელოა.

ფედერალ 1-იდან წელს დაწინაურებულმა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემმა“, პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და მოულოდნელ ლიდერად მოგვევლინა. მე-5 ტურში ქართველების გუნდმა „მონტობანს“25:15 სძლია და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. ნამატჩევს ფრანგმა ჟურნალისტებმა სუთიაშვილი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, შემდეგი დახასიათებით:

„ჩვენ შეიძლება ბევრ მოთამაშეზე დავწეროთ, მაგრამ პარასკევ საღამოს ფლანკერი შალვა სუთიაშვილი განსაკუთრებული იყო. ის წინასწარ დაგეგმილი შეტევებით და იმპროვიზირებული გადაწყვეტილებებით „მონტობანის“ შეტევების პრევენციას ახდენდა. საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ეს დიდებული თამაში იყო“.

მასპინძლები 5 ჯარიმით 15:10 იგებდნენ, როდესაც შეცდომების სერიას სტუმართა მეორე ლელო მოყვა და 55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. 63-ეზე „მონტობანმა“ „ანგულემის“ გრძელი მოლი წესების დარღვევით შეაჩერა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო უკანასკნელ წუთზე შერკინებაში მოპოვებული ჯარიმის შემდეგ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 25:15.

პირველი მარცხის შემდეგ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკმა“ და ის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან პრემიების აღებაც მოახერხა. „ორიაკმა“ ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონსაც“ პრემიით მოუგო - 27:7. თამაში დათუნაშვილმა, შარიქაძემ და ხატიაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს და ისინი მეორე ტაიმის მსვლელობისას შეცვალეს. „ორიაკს“ 60 წუთში 4 ლელო ჰქონდა დადებული და ბოლო წუთზე მიღებულმა საპასუხო 7-მა ქულამ ვერაფერი დააკლო.

ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონამ“ პრემიით დაამარცხა გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ - 35:20. პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა სტუმართა ბურჯმა ნაცარაშვილმა, ხოლო მასპინძელთა ბურჯმა მირცხულავამ მოედანზე 75 წუთი გაატარა. „უიონამ“ პირველი ლელო პირველსავე წუთზე გაიტანა, მეორე 35-ეზე და ტაიმი 18:9 მოიგო. „კარკასონმა“ ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა შეძლო, თუმცა საათის თავზე მესამე ლელო მიიღო. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე ერთი ლელო სტუმრებმაც დადეს, თუმცა მასპინძლებმა პრემიის დაკარგვა არ ისურვეს, გაწითლებულ დროზე ბურთი მეოთხედ დაამიწეს და 5 სატურნირო ქულა ჩაიწერეს.

ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ „ბურგუენს“ ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია და 13:35 დამარცხდა. მასპინძლებმა 23-დან 45-ე წუთამდე 4 ლელო დადეს და გაწითლებულ დროზე ერთი გაუშვეს, თუმცა ამით პრემია არ დაუკარგავთ.

„ბიარიცმა“ ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ მიიღო და 34:26 დაამარცხა. რუმინეთის ნაკრების ქართველმა კვაჭმა შეცვლაზე 21 წუთი ითამაშა.

ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ „პერპინიენს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე დაუხვდა და 27 წუთის შემდეგ 3:13 ჩამორჩა. მასპინძლებმა შესვენებამდე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მეორე ტაიმში 3 ჯარიმა გაიტანეს და 19:13 იმარჯვეს.

ახლა პრო დ2-ში ორკვირიანი შესვენებაა და მე-6 ტურის თამაშები 6, 7 და 9 ოქტომბერს გაიმართება.

საფრანგეთი. პრო დ2. V ტური

მონ დე მარსანი - აჟენი 21:23

უიონა - კარკასონი 35:20

ბურგუენი - დაქსი 35:13

ორიაკი - ნარბონი 27:7

ბეზიე - ალბი 36:15

ანგულემი - მონტობანი 25:15

ბიარიცი - კოლომიე 34:26

ვანი - პერპინიენი 19:13

1.

ორიაკი

5

4

0

1

137:75

19

3

2.

ანგულემი

5

4

0

1

100:99

16

0

3.

ბეზიე

5

3

0

2

119:92

14

2

4.

აჟენი

5

3

1

1

112:116

14

0

5.

კოლომიე

5

3

0

2

107:81

13

1

6.

ვანი

5

2

2

1

98:90

13

1

7.

დაქსი

5

3

0

2

106:126

13

1

8.

უიონა

5

2

0

3

143:113

12

4

9.

ბურგუენი

5

2

1

2

102:87

12

2

10.

მონ დე მარსანი

5

2

0

3

100:99

11

3

11.

ბიარიცი

5

2

0

3

112:98

10

2

12.

კარკასონი

5

2

1

2

101:111

10

0

13.

მონტობანი

5

2

0

3

91:97

9

1

14.

ალბი

5

1

1

3

115:152

6

0

15.

პერპინიენი

5

1

0

4

79:131

5

1

16.

ნარბონი

5

1

0

4

76:131

4

0

VI ტური. 6, 7 და 9 ოქტომბერი

პერპინიენი - უიონა, ალბი - ბიარიცი, კარკასონი - ანგულემი, კოლომიე - მონ დე მარსანი, დაქსი - ვანი, მონტობანი - ბურგუენი, ნარბონი - ბეზიე, აჟენი - ორიაკი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.155269