ინგლისი

14:42 | 26.09.2016 | ნანახია 1579 - ჯერ

„ვუსტერის“ მეორე ფრე

ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ ქართველი ლეგიონერები ოთხი ტურის შემდეგაც გამარჯვების გარეშე არიან.

წარმატებასთან კვლავ ახლოს იყო ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი გუნდის აქილევსის ქუსლად რჩება და მეოთხე თამაშიდან მეორე ითამაშა ფრედ. ამჯერად საქართველოს ნაკრების კვაჭის გუნდი „სეილს“ დაუზავდა 34:34, ოღონდ 4 ლელოს დადებისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა და ჯამში აქტივს 3 შემატა. ბრეგვაძემ შეცვლაზე დასკვნითი 19 წუთი ითამაშა და გუნდს 5 ბოჭვით შეეწია.

პროდუქტიული იყო „ვუსტერის“ მარცხენა ბურჯი ვალ რაფავა-რუსკინი, რომელმაც პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა და 10 შეტევით ჯამში 26 მეტრი მოიგო, გზად 4 მბოჭავი ჩამოიცილა, 2 პასი გააკეთა და 8 ბოჭვა შეასრულა.

მატჩის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და 15 წუთის შემდეგ 10:0 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა გარდაუსახავი ლელოთი მე-17 წუთზე უპასუხეს, თუმცა ორიოდე წუთში უილ ედისონმა გრძელი, უმისამართო გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა - 5:17. 28-ე წუთზე „ვუსტერის“ შერკინებამ მეტოქისა ისეთ დღეში ჩააგდო 9 ნომერმა ჯონი არიმ ბურთი აიღო და ლელოში დაამიწა, ხოლო ტაიმის ბოლოს პერი ჰამფრისმა მესამე ლელოც მიითვალა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მასპინძლები 19:17 დაწინაურდნენ.

თამაშის განახლებიდან 2 წუთში 6 ათასზე მეტმა მაყურებელმა მეოთხე ლელოთი გაიხარა, ხოლო 52-ე წუთზე „ვუსტერის“ 90-მეტრიანი კონტრშეტევა შილკოკის დუბლით დასრულდა - 5 ლელო და 31:17. მაგრამ „სეილმა“ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, დასკვნით 15 წუთში ორი ძალისმიერი ლელო დადო და გარდასახვებიც გამოიყენა, ხოლო მათ შორის ერთი ჯარიმა გაუშვა და გუნდებმა 3-3 სატურნირო ქულა გაიყვეს.

კვლავ გიორგი ნემსაძის გარეშე ითამაშა „ბრისტოლმა“ და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა. ამჯერად პრემიერშიპში დაბრუნებულმა გუნდმა „ექსეტერს“ უმასპინძლა და სამი ლელო დაუდო, თუმცა თავად 5 მიიღო - 17:41. თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათ 20 წუთში ოლი ვუდბერნის დუბლი იხილეს. პასუხად ედვარდსმა გაჭრა ხაზი კარგად და ლელო უელსელ ჯორდან უილიამსს დაადებინა, თუმცა შესვენებამდე სტუმრებმა ჯარიმით, ტომას ველდრუმის ძალისმიერი ლელოთი და გარდასახვით უპირატესობა გაზარდეს - 24:5.

შესვენების შემდეგ ველდრუმმა ახლოდან, რაქიდან შეუტია და დუბლი მანაც შეასრულა. „ბრისტოლმა“ მოლით დაწყებული ორი შეტევა ლელოებით დაასრულა, თუმცა სულ ბოლოს მეხუთე ლელო თავად მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ქვეყნის ჩემპიონი „სარასენსი“ სეზონში პირველად დამარცხდა. ის „ჰარლიქუინსს“ ეწვია და 14800-მა მაყურებელმა პირველი ტაიმი ამაღლებულ განწყობაზე დაასრულა. მასპინძლებმა 20 წუთში 17 უპასუხო ქულა აიღეს - ტიმ ვიზერმა გადაცემა ჩაჭრა და 50 მეტრი ირბინა, ხოლო ჩარლი უოლკერმა ლელო გრძელი გადაცემის შემდეგ დაამიწა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, ხოლო მეორე ტაიმი მაიკლ ელერის ბრწყინვალე თამაშით და უიქლესვორთის ლელოთი დასრულდა. ლოზოვსკიმ გარდასახა, მერე იოლი ჯარიმა გაუცუდდა, 76-ე წუთზე 3 ქულა მაინც აიღო და ჩემპიონი 10:17 დამარცხდა.

დაუმარცხებლად მიდის „უოსპსი“, რომელიც „ნორთჰემპტონს“ ეწვია და 14 500 გულშემატკივრის წინაშე 20:15 დაამარცხა. ანგარიში ბენ ფოდენის პასის შემდეგ ჯორჯ ნორთმა ლელოთი გახსნა, რაზეც სტუმრებმა მე-20 წუთზე უპასუხეს. საკუთარ ლელოსთან, 5-მეტრიან ხაზთან მოგებული შერკინების შემდეგ, დენი სიპრიანიმ ითამაშა კარგად და 95-მეტრიანი შეტევა ლელოთი გოფერთიმ დაასრულა. მანვე შესვენებამდე გარდასახვა და ჯარიმაც გაიტანა და „უოსპსი“ 10:5 დაწინაურდა, ხოლო 57-ე წუთზე ახალ ზელანდიელმა მორიგი ჯარიმა გაიტანა. 75-ე წუთზე მასპინძლებმა ტომ კესელის ლელოთი და მაილერის გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა 3 წუთში დენ რობსონმა ხაზი გაჭრა, ბურთი ფეხით გადაკიდა და ბასეტიმ სისწრაფეში მცველებს დიდი უპირატესობით აჯობა. გოფერთის გარდასახვას „ნორთჰემპტონმა“ ჯარიმით უპასუხა და მხოლოდ პრემია აიღო.

იმავე დღეს „ნიუკასლმა“ „გლოსტერს“ სტუმრად მოულოდნელად მოუგო 18:13, ტურის ბოლო მატჩში სეზონის პირველი მარცხი „ბათმაც“ იწვნია. „ლესტერმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო და ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო მე-15 წუთზე 20 ათასზე მეტი მაყურებელი ავსტრალიელი პეტერ ბეთჰემის კარგმა თამაშმა აღაფრთოვანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ლელო ზელანდიელმა ბრენდონ ოკონორმა დადო. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო შუალედში როკოდუგუნიმ ცენტრალურ ხაზთან მაღალი ბურთი მოხსნა და ლელომდე ირბინა - 14:7.

მეორე ტაიმში „ლესტერის“ მოლი ტომ იანგსმა ლელოთი დაასრულა, ხოლო ოუენ უილიამსმა ჯარიმებით გაზარდა უპირატესობა. 68-ე წუთზე ტომ დანის ლელომ და ჯორჯ ფორდის გარდასახვამ „ბათს“ პრემიალურ ქულაზე თამაშის შანსი დაუტოვა, თუმცა სულ ბოლოს ლელო „ლესტერმა“ დადო და დიდი სხვაობით იმარჯვა - 34:14.

ინგლისი. ავივა პრემიერშიპი

IV ტური

ბრისტოლი - ექსეტერი 17:41

გლოსტერი - ნიუკასლი 13:18

ჰარლიქუინსი - სარასენსი 17:10

ნორთჰემპტონი - უოსპსი 15:20

ვუსტერი - სეილი 34:34

ლესტერი - ბათი 34:14

1.

უოსპსი

4

4

0

0

149:79

18

2

2.

სარასენსი

4

3

0

1

106:45

15

3

3.

ბათი

4

3

0

1

127:75

14

2

4.

ლესტერ თაიგერსი

4

3

0

1

108:92

13

1

5.

ექსეტერ ჩიფსი

4

2

0

2

110:101

11

3

6.

ნიუკასლ ფალკონსი

4

2

0

2

55:102

9

1

7.

გლოსტერი

4

1

1

2

93:92

9

3

8.

ჰარლიქუინსი

4

2

0

2

73:84

8

0

9.

სეილ შარქსი

4

1

1

2

83:89

8

2

10.

ნორთჰემპტონი

4

1

0

3

73:75

7

3

11.

ვუსტერ უორიორსი

4

0

2

2

82:129

5

1

12.

ბრისტოლი

4

0

0

4

68:164

1

1

V ტური. 30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი

ბრისტოლი - სარასენსი, ნორთჰემპტონი - ექსეტერი, სეილი - ლესტერი, გლოსტერი - ბათი, უოსპსი - ჰარლიქუინსი, ვუსტერი - ნიუკასლი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082243