ბუქარესტის „სტიაუას“ ქართველი კვაჭი ლევან გენებაშვილი, რუმინეთის სუპერ-ლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილი მორაგბე რუმინული რაგბის ერთ-ერთ გრანდს ზაფხულში, სწორედ სუპერ-ლიგის დაწყების წინ შეუერთდა და ადგილობრივი სპეციალისტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ამასობაში ბიძინა სამხარაძის, იური ნატრიაშვილის, მიხეილ არჩუაშვილისა და გენებაშვილის გუნდები რუმინეთის სამეფო თასის გათამაშებაში ჩაერთვნენ და ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიდიან.
ტურნირის ფორმატის თანახმად, გუნდები [სუპერ-ლიგის 7 გუნდი] ჯერ ერთ წრედ თამაშობენ, რის შემდეგაც ოთხი საუკეთესო ნახევარფინალში გავლენ. პირველ წრეში სამხარაძისა და ნატრიაშვილის „ბაია მარემ“ კლუჟში „უნივერსიტატეა“ 45:13 გაანადგურა. სტუმრებმა 7 ლელო დადეს და მათ სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, ოღონდ გუნდის კაპიტანმა სამხარაძემ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მგეზავად ითამაშა. მეორე ტურში „ბაია მარეს“ არ უთამაშია.
„სტიაუამ“ ორივე ტურში ითამაშა და ორივე შემთხვევაში ბუქარესტულ დერბიში იმარჯვა. პირველ ტურში მან „ოლიმპიას“ 38:17, ხოლო მეორეში პრინციპულ მეტოქე „დინამოს“ 27:11 მოუგო. ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო არჩუაშვილი და გუშინდეკლ შეხვედრაში სალელოვე პასის ავტორი გახდა. 30-ე წუთზე „სტიაუამ“ თავისი 22-იდან, შერკინებიდან ხელდახელ შეუტია, შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაიშალა და სამი მოიერიშე ერთი მცველის წინაშე დარჩა, ბურთიანი არჩუაშვილი მას მაქსიმალურად მიუახლოვდა და დროული პასით თანაგუნდელი დაუცველ ლელოში შეუშვა. გენებაშვილი სავიზო პრობლემების გამო თბილისშია და გუნდს მოგვიანებით დაუბრუნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია