ჩელენჯ კაპი

19:43 | 9.04.2016 | ნანახია 1201 - ჯერ

ჩემპიონი ჩელენჯ ქაფს დაემშვიდობა

რანგით მეორე ევროპის საკლუბო ტურნირ ჩელენჯ ქაფზე ინგლისელთა წარუმატებლობა მეორე დღესაც გაგრძელდა. „მონპელიეს“ შემდეგ, რომელმაც გუშინ „სეილ შარქსს“ სტუმრად მოუგო, დღეს უელსურმა „ნიუპორტმა“ ასევე სტუმრად, „გლოსტერს“ „კინგსჰოლმზე“ 23:21 აჯობა.

„გლოსტერი“ გასული სეზონის ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია და პრო 12-ის ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფავორიტად ითვლებოდა. სტადიონზეც 10 500 მაყურებელი გამარჯვების იმედად შეიკრიბა და დაძაბული ბრძოლის მომსწრე გახდა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა. ანგარიში უელსელებმა დორიან ჯონსის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ იქვე ბენ მორგანისგან ლელო მიიღეს. თამაშის მსვლელობას მასპინძლები კი აკონტროლებდნენ, თუმცა ტობი ფალეტაუ და მისი თანაგუნდელები სახიფათოდ უტევდნენ, ინგლისელები ჯარიმდებოდნენ და ჯონსიც ფეხჩუბინობას ავლენდა.

„გლოსტერის“ მონაგარი გრეიგ ლეიდლოუმ შესვენებამდე ორი ჯარიმით გაზარდა, თუმცა მისმა გუნდმა ტაიმი 11:12 დათმო, ხოლო მეორე ნახევრის შუაში სტუმართა უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა. მაგრამ სტეფან მაკკოლიმ ინგილსელთა სათამაშო უპირატესობა 63-ე წუთზე გატანილ მეორე ლელოში ასახა, ლეიდლოუმ გარდასახვით წონასწორიბა აღადგინა, ხოლო 71-ე წუთზე ჯარიმით თასის მფლობელი დააწინაურა. აქ თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ინგლისელმა ჩარლი დევისმა, დერეფნის შემდეგ თანამემამულეებს გადამწყვეტი ლელო დაუდო და უელსურ კლუბს 23:21 მოაგებინა.

ამით გარკვეულწილად მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის „მონპელიეს“ საქმე გაკეთდა. ახლა, აპრილის ბოლოს, ფრანგებს შედარებით სუსტ მეტოქესთან მოუწევთ ნახევარფინალური მატჩის გამართვა, თანაც მასპინძლები არიან და ქართველთა კლუბს ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

დღეს ღამე გაიმართება მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი შეხვედრა - ინგლისურ დერბიში „ჰარლექუინსი“ „ლონდონ აირიშს“ უმასპინძლებს, ხოლო ფრანგული „გრენობლი“ ირლანდიურ „კონახტს“ ეთამაშება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093469