დიდი 10

20:32 | 24.09.2016 | ნანახია 2330 - ჯერ

„ჯიქმა“ სტადიონი გახსნა, „ბათუმმა“ თამაში მოიგო

გორში ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო კომპლექსი და სტადიონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში მასპინძელ „ჯიქს“ „ბათუმმა“ 18:5 აჯობა.

საინტერესო ჯახის კვანძი დასკვნით მეოთხედში გაიხსნა და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ, რომლებმაც მეტი გამძლეობა და მოთმინება გამოავლინეს. მაყურებელმა იხილა ბრძოლა, რომელშიც „ჯიქი“ არაფერს თმობდა, მაგრამ მეტოქე მასზე ობიექტურად ძლიერი აღმოჩნდა და გორელებმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს, ხოლო „ბათუმმა“ პირველ ტურში მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

თამაში ძლიერი ქარის პირობებში ჩატარდა და მან მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია, თუმცა ზღვისპირელებმა სწორედ პირქარში შეძლეს 15 უპასუხო ქულის აღება. დებიუტში სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას სწორედ „ბათუმი“ ფლობდა, შერკინებაში მძლავრობდა და მე-9 წუთზე თემურ სოხაძემ, კარიდან დაახლოებით 40 მეტრიდან, რთული პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა. 23-ე წუთზე მისმა არეკნმა მიზნამდე ვერ მიაღწია, ტაიმი კი, ლოგიკის საპირისპიროდ „ჯიქმა“ მოიგო. 25-ე წუთზე გორელთა გარემარბმა ნიკა ბიწაძემ გადაცემა მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და ლელომდე ირბინა. რამაზ ხარაზიშვილს გარდასახვა გაუცუდდა, მოგვიანებით მისი 30 მეტრიდან შესრულებული ჯარიმაც არაზუსტი იყო და ტაიმი 5:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ქარი უკვე მასპინძელთა სასარგებლოდ ქროდა, თუმცა დებიუტი კვლავ სტუმრების იყო. 43-ე წუთზე სოხაძეს „ბათუმის“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მისი 35 მეტრიდან დარტყმული ქარმა კარამდე არ მიუშვა. მერე დიდი ბრძოლა გაჩაღდა, „ჯიქმა“ თითქოს შეძლო სათამაშო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მისი ქულებში ასახვა ვერ მოახერხა, ხოლო სოხაძემ მეორე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და 28 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ზღვისპირელები დააწინაურა.

გორელები ცნობილი არიან თავისი მებრძოლი ხასიათით და მონდომებით უტევდნენ, თუმცა „ბათუმის“ დაცვა გაუვალად იდგა და ამასობაში დასკვნითი წუთებიც დაიწყო. 68-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელმა, კოკი თხილაიშვილმა ითამაშა ძალიან კარგად, ხაზი გაჭრა, ორი მეტოქე ჩამოიცილა, მარცხენა ფრთაზე მეტობა შეიქმნა, სოხაძემ ბურთი იქით გრძელი გადაცემით გადაიტანა და ამირანაშვილის ოფლოუდის შემდეგ ლელოში ევგენიძე შევიდა. სოხაძის გარდასახვა არაზუსტი იყო და „ჯიქს“ 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად დაახლოებით 10 წუთი რჩებოდა.

მათ ძლიერ სურდათ გულშემატკივრების გახარება და ცდა არ დააკლეს, მაგრამ „ბათუმმა“ მშვიდად დაიცვა თავი, მერე თავად გადავიდა იერიშში, შერკინებიდან ცენტრისკენ ორიოდე დარტყმის შემდეგ შეტევის მიმართულება კვლავ მოკლე ფრთაზე დააბრუნა, ტრაპაიძემ მბოჭავი კარგი კონტაქტით ჩამოიცილა და ბურთი ლელოში დაამიწა. ამჯერად რთული პოზიციიდან სოხაძემაც გარდასახა და „ბათუმმა“ 18:5 იმარჯვა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

IV ტური. 24 სექტემბერი. გორი

ჯიქი (გორი) - ბათუმი (ბათუმი) 5:18 (5:3)

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. ბიწაძე, 13. ხუციშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ბროძელი; 1. მაჭარაშვილი, 2. მამრიკიშვილი, 3. ორაგველიძე, 4. გოგოლიძე, 5. ტრაპაიძე, 6. შენგელია, 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. სუთიძე, 18. გურგენიძე, 19. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. ზაბახიძე, 22. სამხარაძე, 23. წიკლაური.

1 ლელო: ბიწაძე

ბათუმი: 15. ბებიაშვილი, 14. ტრაპაიძე, 13. მიმინოშვილი, 12. გაბროშვილი, 11. ევგენიძე, 10. სოხაძე, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. მატკავა, 3. პერტაია, 4. ცხადაძე, 5. მიქაძე, 6. თხილაიშვილი, 7. ალიქაძე, 8. ამირანაშვილი.

სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. ჯიჯავაძე, 18. ხოჭოლავა, 19. ფუტკარაძე, 20. კორტავა, 21. შამულო, 22. დონაძე, 23. გოგიტიძე.

2 ლელო: ევგენიძე, ტრაპაიძე

1 გარდასახვა: სოხაძე

2 ჯარიმა: სოხაძე

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:07 | 25.09.2016
dinamo222 (692)

მეორე სურათზე მეჩვენება რომ ხელოვნურსაფარიანი მოედანია და თუ ასეა გასალანძრები არიან ვინც ეგ გააკეთა @@@@

0.117569