ინგლისი

16:33 | 24.09.2016 | ნანახია 5166 - ჯერ

ვალ რაფავა რუსკინი - პრემიერშიპის ქართველი გმირი

ინგლისური რაგბის ვებ-გვერდი „ვუსტერის“ ქართველ ბურჯ ვალ რაფავა-რუსკინს სპეციალურ სტატიას უძღვნის, სადაც განხილულია გზა თბილისიდან „ვუსტერამდე“ კეიპტაუნისა და ტულონის გავლით.

„ქართული წარმოშობის ბურჯმა, როგორც ჩანს საბოლოოდ იპოვა დასაყრდენი. სეზონის დასაწყისი ცხადყოფს, რომ თავის მხრივ „ვუსტერმაც“ აღმოაჩინა „ძვირფასი ქვა“ და რაფავა-რუსკინი მწვერვალებისკენ მიიწევს. მორაგბემ, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და რომლის მამაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, პრემიერშიპის მიმდინარე სეზონის სამივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო (მეოთხე მატჩშიც საწყის 15-შია - რედ.). ყოფილი უკანახაზელი, რომელმაც პოზიცია შეიცვალა და ბურჯად იქცა, უკვე გამორჩეულია საკუთარი გუნდის შემადგენლობაში.

რუსკინი თბილისში დაიბადა, თუმცა მხოლოდ 2 წლის იყო როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა და ლონდონში გაიზარდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მისი მამა „ტულუზსა“ და „უოსპსში“ თამაშობდა. მისი ახალგაზრდული კარიერა „ბლექჰითში“ დაიწყო და მერე დასავლეთ პროვინციის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს - ამ ეტაპზე ის უკვე თამაშობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში.

ევროპული რაგბის მძიმეწონოსნების - „სარასენსისა“ და „ტულონის“ გავლით, 2014/2015 წლების სეზონის წინ ის „ვუსტერში“ მივიდა და იყო იმ გუნდის საკვანძო ფიგურა, რომელმაც ჩემპიონშიპი მოიგო და პრემიერშიპის საგზური მოიპოვა. პრემიერშიპში აღზევების შემდეგ, ის თავს თვითკმაყოფილების უფლებას არ აძლევს:

„მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე ძალიან ბევრი გუნდი გამოვიცვალე, კარიერაში ცვლილებები მრავლად მქონდა, თუმცა „ვუსტერში“ საკუთარი ადგილი ვიპოვე. ესაა ადგილი, სადაც მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყო და საკუთარ თავზე თავდაუზოგავად ვიშრომო. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წელი თამაშობ რაგბის, ყოველთვისაა რაღაც ახალი, რისი სწავლა და გაუმჯობესება შეიძლება. სწორედ „ვუსტერში“ მივხვდი, თუ რას ნიშნავს მაღალ დონეზე თამაში. ეს განსაკუთრებით მომზადებას ეხება - აქ თამაშამდე მხოლოდ ერთი და ორი დღით კი არა, მთელი კვირის განმავლობაში ემზადები. გვაქვს შესაბამისი განწყობა, გვყავს კარგი მწვრთნელები და სწორი მიმართულებით ვვითარდებით. იგივე „სარასენსი“ და „ტულონი“, წარმატებულები ერთ წელიწადში არ გამხდარან და შენების პროცესი რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ესაა ხანგრძლივი პროცესი ახალგაზრდების ჩართულობით. „ვუსტერში“ ვხედავ გუნდს, სადაც ფული და ენერგია და სწორი მიმართულებით იხარჯება“ - ამბობს რაფავა-რუსკინი.

თავის დროზე ის კეიპტაუნში იმყოფებოდა და სწორედ იქ მოხდა მისი ხაზის მოთამაშიდან ბურჯად გარდაქმნა. ის ძალიან ძლიერია, მიმდინარე სეზონში უკვე ექვსჯერ გაახერხა თერნოვერი. ესაა საუკეთესო მაჩვენებელი პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში და განსაკუთრებული მისი პოზიციისთვის, თუმცა, ამავდროულად, ის ლიგაში ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა. ახალგაზრდა ამბობს, რომ აუცილებელია ამ კუთხით ბალანსი დაიცვას.

„თამაში ხაზის მოთამაშედ დავიწყე და ნებისმიერ დროს შემიძლია გუნდს ამ პოზიციაზე დავეხმარო. სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას, მწვრთნელებმა მითხრეს, რომ სურდათ ჩემი პირველ ხაზში გადაყვანა. ისინი მარწმუნებდნენ, რომ იქ დიდი მიღწევები მექნებოდა და მეც ამ გადაწყვეტილებას დავთანხმდი. ამან გაამართლა და იმედია, განვითარებას განვაგრძობ“.

23 წლის მორაგბის მამა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და თავად ის 19-წლამდელთა „ლელოს“ შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა, აქვს ამბიცია და იმედს არ კარგავს, რომ ინგლისის ეროვნულ გუნდში მოხვდება. „წითელი ვარდების“ შემადგენლობაში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე განსაკუთრებული კონკურენციაა - ჯო მარლერი, მაკო ვუნიპოლა და მეთ მულენი სასტარტო შემადგენლობისთვის იბრძვიან. თუმცა 23 წლის მორაგბე იმედს არ კარგავს, მამისგან საჭირო რჩევებს იღებს და შანსის მოლოდინშია.

„არავინ იცის რა მოხდება და რა შანსი გაგიჩნდება, თუმცა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობდი ინგლისის ნაკრებში თამაშზე. უწინარესად, კონცენტრირებული ვარ „ვუსტერის“ თამაშებზე, ვცდილობ საუკეთესო ვიყო მის შემადგენლობაში და თუ ეს გამომივა, მერე საერთაშორისო კარიერაზეც შეიძლება საუბარი. დიახ, ბავშვობიდან ინგლისის ნაკრები იყო ჩემი ოცნება, თუმცა 19 წლისამ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. მამაჩემის გავლენა უდიდესია ჩემს კარიერაზე - ის იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი და თამაშობდა ტოპ 14-ში. მას ძალიან კარგად ესმის რა გზას გავდივარ ახლა მე და რჩევებსაც მაძლევს. ის ყოველთვის სამართლიანია და მეუბნება როდის ვთამაშობ კარგად, თუმცა არც შენიშვნების მოცემას ერიდება“ - გვიყვება რაფავა-რუსკინი“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:33 | 24.09.2016
kommarkos (35)

ინგლისი მისი ქვეყანა საქართველო სამშობლო.საქართველოს ნაკრებში უფრო დიდი კონკურენცია მის პოზიციაზე!!

19:07 | 24.09.2016
shotai-olimpi (89)

წარმატებები რომელ ნაკრებშიც უნდა იმაში ითამაშოს!! ინგლისში გაიზარდა და მისი სამშობლოც ინგლისია!!

18:24 | 24.09.2016
dede (87)

ამ რუსკინას საქართველოს ნაკრებში თამაში არ ეკადრება?

16:58 | 24.09.2016
maxo_65 (458)

წარმატებები..მაგრამ ჩვენი ბიჭები უფრო მაგრები არიან

0.169585