ჭაბუკთა „ბ“ ლიგის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა რჩება და უკვე გარკვეულია 12 გუნდი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეორე ეტაპზე გააგრძელებენ.
პირველ ეტაპზე გუნდები რვა არათანაბარ ჯგუფში არიან განაწილებული, საიდანაც ოთხი აღმოსავლეთ და ოთხიც დასავლეთ დივიზიონის ჯგუფია. თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის, ხოლო დანარჩენები სანუგეშო ტურნირში აგრძელებენ თამაშს.
„ა“ ჯგუფის მეოთხე ტურში „ხულიგანამ“ „წიქარა“ 24:10 დაამარცხა და „ლოკომოტივის“ მსგავსად, მეორე ეტაპზე თამაში დაიბევა. ორივე გუნდს 14-14 ქულა აქვს, დასკვნით ტურში ერთმანეთს ხვდებიან და რადგან ეს შედეგი მეორე ეტაპზე გაყვებათ, მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებენ. ტურის კიდევ ერთ მატჩში „თბილისმა“ გორის „ლომებს“ 22:0 სძლია და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„ბ“ ჯგუფში ჯერჯერობით გარკვეული არაფერია, თუმცა, „ლელო 1“-მა „ყოჩებს“ პრემიალური ქულით, 58:0 რომ მოუგო, სამი თამაშიდან ქულათა მაქსიმუმი, 15 მოაგროვა და შემდეგ ეტაპზე თამაშიც პრაქტიკულად დაიბევა. ტურის მეორე მატჩში თბილისის „ხვამლმა“ თელავის „კახელები“ 34:7 დაამარცხა, პრემიალური ქულა მანაც ჩაიწერა და ახლა „არმიას“ მსგავსად 10 ქულა აქვს. დასკვნით ტურში „არმია“ „ლელო 1“-ს, ხოლო „ხვამლი“ „ყოჩებს“ ეთამაშება.
„გ“ ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი - 20-20 მოაგროვეს რუსთავის „ხარებმა“ და თბილისის „არმაზმა“. მათ ოთხივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგეს. გასულ ტურში „არმაზმა“ „ლელო 2“ 29:9, ხოლო „ხარებმა“ „ბოლნისის ყოჩები“ 85:0 დაამარცხა. ამავე ტურში სტეფანწმინდის „ზვავმა“ პატარძეულის „ვეფხვებს“ 35:7 მოუგო.
„დ“ ჯგუფში ასევე ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს [20 ქულა 4 თამაშიდან] „იუნკერები ჩოხოსნებმა“ და „აკადემიამ“. განვლილ ტურში პირველმა „ჯიქს“ 80:0, ხოლო მეორემ „ბარბაროსებს“ 71:0 მოუგო. ამავე ჯგუფის მესამე მატჩში „ივერიამ“ თიანეთის „თიბისის“ 17:12 აჯობა.
გადავინაცვლოთ დასავლეთ საქართველოში, სადაც „ე“ ჯგუფში ქუთაისის „აია 1“-მა ჭიათურის „იმერეთს“ 67:3 აჯობა, სამ თამაშში 15 ქულა მოაგროვა და მეორე ეტაპი დაიბევა. ბორჯომის „თორმა“ ტყიბულის „გელათს“ 26:10 მოუგო და ამ ეტაპზე 10 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ თამაში აღარ უწევს, ხოლო 7-ქულიანი ჭიათურელები დასკვნით ტურში ტყიბულში თამაშობენ.
ოთხგუნდა „ვ“ ჯგუფში თამაშები დასრულდა. ქუთაისის „ბაგრატმა“ ფოთის „კოლხი რაინდები“ 31:7 დაამარცხა და პირველი ეტაპი ქულათა მაქსიმუმით [15] პირველ ადგილზე დაასრულა. ფოთელები მეორე ეტაპზე მეორე ადგილით და 9 ქულით გავიდნენ. ამავე ჯგუფში ჩოხატაურის „ღონე“ ვანის „არგოს“ 25:14 მოერია.
„ზ“ ჯგუფში ოთხივე თამაში ჩაატარა და 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა წყალტუბოს „დინოზავრმა“. გასულ ტურში წყალტუბოელებმა თერჯოლის „საპოვნელას“ 29:6 მოუგეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. თერჯოლელები 9 ქულით მეორე ადგილზე არიან, მათ 1 ქულით ჩამორჩება „აია 4“, რომელმაც „აია 2“-ს 17:15 სძლია. დასკვნით ტურში „საპოვნელა“ სწორედ კონკურენტს მასპინძლობს და მეორე გამსვლელიც იქ გაირკვევა.
თამაშები დასრულდა 4-გუნდა „თ“ ჯგუფში. ხაშურის „ლეგიონმა“ ქობულეთში „პონტოს“ 13:0 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [14 ქულა]. „პონტოს“ ერთი პრემიალური ქულა რომ აეღო, მეორე ეტაპზე გავიდოდა, მაგრამ 5 ქულა დარჩა. პარალელურ მატჩში, სურამის „მგლებმა“ „აია 5“ 19:17 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ქუთაისელებმა პრემიალური ქულა რომ ჩაიწერეს, ჯამში 5 მოუგროვდათ და ქობულეთელებს ურთიერთშეხვედრაში მიღწეული გამარჯვების წყალობით გადაასწრეს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია