ეროვნული ნაკრები

9:36 | 21.09.2016 | ნანახია 4010 - ჯერ

ლაშა ხმალაძე: „დიდი 10-ის განვითარებისთვის ფინანსები და ევროთასები აუცილებელია“

საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავი, ქვეყნის ბოლო ოთხი ჩემპიონატის გამარჯვებული, თბილისის „ლელო-სარასენსის“ კაპიტანი ლაშა ხმალაძე ალექსანდრე ქურდობაძის წიგნის - „მოედანზე არიან „ბორჯღალოსნები“-ს პრეზენტაცია ვნახეთ.

აბა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება როგორ იქნებოდა და მას ინტერვიუზე პრეზენტაციის დაწყებამდე შევუთანხმდით, ხოლო ღონისძიების დასრულების შემდეგ ნახევარსაათიანი საუბარი შედგა. როგორ მოემზადა ახალი სეზონისთვის „ლელო-სარასენსი“, რა მისცა ამ გუნდს ინგლისისა და ევროპის ჩემპიონთა თასის ჩემპიონთან მეგობრობამ, როგორ უნდა მოხდეს დიდი 10-ის განვითარება და რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი ტესტ-მატჩები.

28 წლის ხმალაძე ყოველთვის გამორჩეულია და რაც მთავარია, დიდი სარგებლის მომტანია მოედანზე თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით და ამავდროულად, ის საინტერესო მოსაუბრეცაა.

- ზედიზედ 4 წელიწადია „ლელო-სარასენსი“ ჩემპიონი ხდება, თუმცა რეალურად, ამას ფინანსური თუ სპორტული კუთხით, ევროთასებზე თამაშს ვგულისხმობ, არაფერი მოუტანია. რა არის თქვენი მოტივაცია მიმდინარე გათამაშებაში?

- ისევ და ისევ ჩემპიონობა! ის ძველი უკვე ჩავლილია, წარსულია და ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. არაფერია იმაზე დიდი მოტივაცია, რომ იყო მუდამ მაღალ დონეზე, პირველი, გახდე ჩემპიონი.

- და სეზონიც განსაკუთრებულად ძლიერად დაიწყეთ. განსაკუთრებულად მოემზადეთ?

- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, უბრალოდ გამოვიყენეთ ძველი გამოცდილებები. არც იმას ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული დასაწყისი გვაქვს. ამ გუნდის ბირთვი 4 წელიწადია ერთად მოდის, ბევრი რამ დაიხვეწა, გაუმჯობესდა და ესეც განაპირობებს შესაბამის შედეგს.

- ამ ოთხი სეზონის განმავლობაში, ფაქტობრივად ყოველი გათამაშების დასრულების შემდეგ, გუნდს 4-5 ისეთი მორაგბე ტოვებდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი იყო. ახლაც ასე მოხდა. როგორ ახერხებთ იმ დონის შენარჩუნება, რომ წლის ბოლოს კვლავ თქვენ ხდებით ჩემპიონები?

- რა თქმა უნდა, ყველა წასული მორაგბე გუნდისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ მათ ადგილს ჩვენი სკოლის აღზრდილი ახალგაზრდები იკავებენ „ესპუარებიდან“ და ჭაბუკთა ლიგებიდან. „ლელო-სარასენსში“ შექმნილია სისტემა, სადაც წასულის ადგილის შევსება მოსულს არ უჭირს და ადვილად ერგება გუნდს. სისტემის და ვარჯიშის ხარჯზე ყველას შეცვლა შესაძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც წავიდნენ, ისინი სერიოზული ძალა იყვნენ.

- უკვე ორი წელია, რაც თბილისური „ლელო“ და ინგლისური „სარასენსი“ დამეგობრდნენ. ამ მეგობრობამ რა მოგიტანათ?

- მგონი არავინ შემეწინააღმდეგება თუ ვიტყვი, რომ დიდ 10-ში საუკეთესო ეკიპირება გვაქვს და ეს სათამაშო ფორმები სწორედ ამ მეგობრობის შედეგია. გარდა ამისა, „სარასენსი“ უდიდეს დახმარებას გვიწევს ცოდნის გაზიარებით. ჩამოდიან ამ გუნდის სპეციალისტები და ჩვენთან ატარებენ ვარჯიშებს, ჩვენი მწვრთნელები მიდიან „სარასენსში“ და იქიდან სიახლეებით გამდიდრებული ბრუნდებიან.

- იმ გუნდის კაპიტანი ბრძანდებით, რომელიც ზედიზედ 4 წელიწადია ჩემპიონი ხდება და რა არის თქვენი უპირატესობა სხვებთან მიმართებაში?

- მე არ ვიცი რა ხდება სხვა გუნდების შიდა სამზარეულოში და მათზე ვერაფერს ვიტყვი, ხოლო საკუთარი გუნდის დადებით მხარეებს საიდუმლოდ დავტოვებ.

- ეროვნულმა ნაკრებმა ერთა თასზე ყველა თამაშის მოგების შემდეგ, წყნარი ოკეანის კუნძულებიც დაუმარცხებლად დატოვა. ნოემბერში სამი უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და როგორ ფიქრობთ, შევძლებთ წლის დაუმარცხებლად დასრულებას?

- ვფიქრობ, გაგვიჭირდება. პირადად ჩემთვის, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დონის გუნდებად მიჩნეული იაპონია და სამოა თბილისში დავამარცხოთ. მათთან უკვე დავიწყეთ გამარჯვებები და აუცილებელია ეს ტენდენცია, დინამიკა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ამას უნდა მივაქციოთ და კარგად მოვემზადოთ პირველი დონის გუნდებისთვის. ასეთი მეტოქეების სისტემატიური ძლევით, „მსოფლიო რაგბი“ კიდევ უფრო სხვა თვალით შემოგვხედავს და მომდევნო ეტაპზე გადაგვიყვანს, ანუ პირველი დონის გუნდებთან მეტი თამაშის უფლებას მივიღებთ. ამ ეტაპზე, შოტლანდიასთან სტუმრად ტოლსწორად თამაში გაჭირდება, თუმცა ჩვენ წასაგებად განწირული არასდროს არავისთან გავსულვართ მოედანზე და ასე იქნება ახლაც. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მანამდე უფრო მნიშვნელოვანი იაპონიისა და სამოას თბილისში დამარცხებაა.

- ბოლო პერიოდში სპეციალისტები ძალიან ბევრს საუბრობენ ექვსი ერის ფორმატის ცვლილებაზე და საქართველოსთვის კარის გაღებაზე. თქვენი აზრით, ვართ დღეს მზად იმისთვის, რომ ექვს ერში შევიდეთ და იქ ღირსეულად ვითამაშოდ?

- მე ამ სურვილს ასე ვუყურებ - რაც უფრო ძლიერ გუნდებთან ითამაშებ, მით უფრო გაიზრდები. შესაბამისად, ჩვენთვის კარგია მათთან თამაში, თუმცა, ალბათ ძლიერ გუნდებს სულაც არ სიამოვნებთ ჩვენთან თამაში. კონკრეტული პასუხი კითხვაზე: ვართ თუ არა მზად ექვს ერში სათამაშოდ? მიმაჩნია, რომ რაღაც დონეზე ამისათვის მზად ვართ. არ ვამბობ, რომ იქ თამაშს მოგებებით დავიწყებთ, მაგრამ მწამს, პირველი ორი წელი ღირსეულ წინააღმდეგობას გავწევთ და მერე ეტაპობრივად მოგებებიც მოვა. სხვა გზა უბრალოდ არც გვაქვს. ერთა თასის ბოლო გათამაშებამ დაადასტურა, რომ ამ ტურნირისთვის უკვე გადაზრდილები ვართ და სიახლე გვჭირდება, უფრო მაღალი დონის თამაშები გვჭირდება, რათა განვვითარდეთ და პირველი დონის გუნდებს უფრო სწრაფად დავეწიოთ.

- ქართული რაგბის წარმატებებზე საუბარი უმთავრესად მსოფლიო თასებს უკავშირდება, სადაც სამთვიანი მომზადების ფონზე ვთამაშობთ. ექვს ერში დაშვების შემთხვევაში, შევძლებთ ერთი და ორკვირიანი მზადების ფონზე ისეთივე დონის ჩვენებას?

- ეს პრობლემა იქნება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ერთად ყოფნის ხანგრძლივი პერიოდის გარდა, უშუალოდ მსოფლიო თასის წინ 2-3 საკონტროლო თამაშიც გვქონდა და შეთამაშება და ტაქტიკის დახვეწა ხდებოდა. 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, სამი თამაში რომ არ გვქონოდა, მარტო სამთვიანი ერთად ყოფნა და მზადება ვერაფერს მოგვცემდა და ტონგას დამარცხებაც ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა. ამ ფუფუნებას ერთ და ორკვირიანი მზადების ფონზე მოკლებული ვიქნებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ბიჭები პროფესიონალურ კლუბებში თამაშობენ და რაც უფრო მეტი მორაგბე გვეყოლება ამ დონეზე, მოკლე პერიოდში გუნდის შეკვრა და შეთამაშებაც მით უფრო ადვილად მოხდება. გარდა ამისა, ნაკრების ბირთვი დიდი ხანია ერთადაა და როდესაც რაღაც ტურნირი რჩება, იქ ნასწავლი ილექება, რაღაც დონეზე ჩვენში რჩება და მერე მისი აღდგენა უფრო მარტივადაა შესაძლებელი. 4 წელიწადია ერთ სისტემას ვამუშავებთ, ერთი მწვრთნელის ხელში ვართ და ნასწავლის გახსენება ძალიან დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.

- რამდენად დიდია სხვაობა ნაკრებში იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ზემოთ ახსენეთ და პროფესიონალურ გუნდებში თამაშობენ და მათ შორის, რომლებიც დიდ 10-ში გამოდიხართ?

- სხვაობა უზარმაზარია. ისინი სულ სხვა გარემოში არიან. იქ ისეთი კონკურენციაა, რომ მოდუნების საშუალება არ აქვთ. რადგან იქ ხარ, უკვე ბევრად მეტს მუშაობ საკუთარ თავზე, აქ კი, იმ დონის პროფესიონალიზმი, კონკურენცია და პირობები არ არის. ინტერესიც იკლებს, რადგან სულ ერთიდაიგივე თამაშები გაქვს, სიახლის ნაკლებობაა. აი აქ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კლუბები ევროთასებზე გავიდნენ. ეს გაზრდის ინტერესს, შესაბამისად კონკურენციას და თუ დაფინანსებაც გაიზარდა, მოთამაშეები „ნაციონალ“ ლიგებში აღარ წავლენ. მერე ყველა მეტს იმუშავებს საკუთარ თავზე, არ იქნება საფიქრალი შეთავსებით სხვა სამსახურის შოვნისა. ძალიან ბევრი მორაგბე, ოჯახის სარჩენად სხვაგან მუშაობს და თან რაგბის თამაშობს. ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში, გაიზრდება სრულფასოვანი სპორტსმენების რაოდენობა და ეს დონეზე და შედეგზეც შესაბამისად აისახება. მოკლედ, ქართული საკლუბო რაგბის და ადგილობრივი მოთამაშეების განვითარებისთვის, ევროთასებზე გასვლა აუცილებელია.

- როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში დიდი 10-ის დონე გაიზარდა თუ პირიქით?

- ვერ ვიტყვი, რომ დონემ იკლო, მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და ალბათ ნელ-ნელა დონეც იზრდება. გუნდების დონე გათანაბრდა, ბავშვებიც სულ უფრო მეტად მოდიან რაგბიში. ადრე თუ 10 ბავშვიდან მხოლოდ 2 აგრძელებდა თამაშს, ახლა ასეთი საშუალოდ 5-ია. რაგბი უფრო პოპულარული გახდა, შიდა ჩემპიონატშიც გარკვეულ დონეზე ფინანსები გაჩნდა, სულ მთლად უხელფასოდ აღარავის უწევს თამაში. თითქმის ყველა კლუბს ჰყავს ფიზმომზადების და გამძლეობის მწვრთნელი და ესეც დონის გაზრდის ერთ-ერთი პირობაა. მოედნები უკვე არის, ბუნებრივი და ხელოვნური საფარით, წვიმაშიც შესაძლებელია თამაში და ყველა ამ მოედანს სატრენაჟორო დარბაზიც აქვს. ახლა უწინდელზე ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო. განვმეორდები და ვიტყვი, ევროთასები აუცილებელია ამ კუთხით.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:15 | 21.09.2016
პანტელეიმონი (1218)

"დიდი 10"-ს წინსვლა და წარმატებები ! ! !

10:23 | 21.09.2016
buratino (480)

ვინმე ხომ ვერ მეტყვის სად არიან ირაკლი ყიასაშვილი და სანდრო თოდუა, რომლებიც "ლელო-სარასენსი"-ს განაცხადშიც არ ყოფილან საწყის ტურებში? კიდევ მაინტერესებს რა ისმის მეკოს თაობაზე. როგორც ვიცი, სამშობლოში დაბრუნდა და "ლელო-სარასენსი"-ს შემადგენლობაში ჩაირიცხა
მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო ჯერ არ თამაშობს. როდის აპირებს თამაშის განახლებას? ნოემბრის ტესტები გვიახლოვდება

10:22 | 21.09.2016
tengocie (60)

აუცილებელია ორი გუნდი ევროთასებზე ასევე ა ნაკრები და რაგბის ტელევიზია(აუცილებლად თამაშების ანალიზით)

10:19 | 21.09.2016
maxo_65 (458)

კი ნამდვილად აუცილებელია, ევროთასებზეა დამოკიდებული ჩვენი რაგბის წინსვლა, და რაც უფრო მალე მოვახერხებთ ამას მით უკეთესი იქნება ცვენთვის..

10:21 | 21.09.2016
buratino (480)

100%

0.117265