გასულ შაბათ-კვირას საქართველოს პირველობის 2016/2017 წლების გათამაშება დაიწყო პირველ ლიგაში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს და გამარჯვებული პირდაპირ იღებს დიდი 10-ის მომავალი სეზონის საგზურის, ხოლო მეორეადგილოსანი, დიდი 10-ის მე-9-ადგილოსანთან ორრაუნდიან ბრძოლას მართავს ელიტაში თამაშის უფლებისთვის.
პირველ ტურში სამმა გუნდმა დიდი ანგარიშით და პრემიალური ქულით იმარჯვა. ჯერ სეზონის სტარტია და ამაზე საუბარიც ნაადრევია, თუმცა სავარაუდოდ, ეს სამეული სეზონის დასკვნით ნაწილში ცხრილის ზედა ნაწილში იქნება.
დიდი 10-იდან დაქვეითებული რუსთავის „ხარები“ ქუთაისში რეგიონალური ლიგიდან დაწინაურებულ „არესს“ ეწვია და დიდი ანგარიშით, 53:13 დაამარცხა. როგორც ჩანს, რუსთაველებს სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი დიდი 10-ში სასწრაფოდ დაბრუნება და საქმეს პირველივე ტურიდან სერიოზულად მოკიდეს ხელი.
თუმცა მათ სერიოზული კონკურენტები ეყოლება. თბილისის „დინამო“ გასული ჩემპიონატიმეორე ადგილზე დაასრულა და მერე გადათამაშებაში „არმაზთან“ დამარცხდა, ახლა კი, გზას თავიდან შეუყვა და პირველ ტურში სტუ პრემიით, 39:3 დაამარცხა.
სეზონი მძლავრად დაიწყო პატარძეულის „ვეფხვებმაც“, რომელმაც „თიბისი“-სგან ლელო კი არა ის ერთი ჯარიმაც არ გაუშვა და მეტოქე 48:0 გაანადგურა.
პირველ ტურში ყველაზე დაძაბული თბილისური დერბი აღმოჩნდა, რომელშიც „ივერიამ“ „ხულიგანას“ 22:12 სძლია.
მეორე ტურში, 24 სექტემბერს, 13 საათზე „თინისი“ „ხულიგანას“ „ავჭალაზე“, ხოლო 17 საათზე „დინამო“ „ვეფხვებს“ „შევარდენზე“ ეთამაშება. 25 სექტემბერს თამაშები რეგიონებში გაიმართება და ორივე 15 საათზე დაიწყება - რუსთავში „ხარები“ სტუ-ს, ხოლო ქუთაისში „არესი“ „ივერიას“ მასპინძლობს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია