სხვა

15:36 | 20.09.2016 | ნანახია 3384 - ჯერ

რუსეთს ქართველი ჩემპიონი ეყოლება

რუსეთის სუპერ-ლიგის ორმატჩიან ფინალში, ისევე, როგორც შარშან, კრასნოიარსკული დერბი შედგება. ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები - მოქმედი ჩემპიონი „კრასნი იარი“ და მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების გამარჯვებული „ენისეი“ შეხვდებიან.

ამ წყვილში განსაკუთრებულ ინტერესს ლაშა მალაღურაძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარის“ და „ვვა-პოდმოსკოვიეს“ დაპირისპირება იწვევდა. პირველ მატჩში მოსკოველებმა ქართველების გუნდი 23:14 დაამარცხეს და ეს განმეორებით შეხვედრას დამატებით მოტივაციას მატებდა. მოქმედმა ჩემპიონმა 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მეტოქეს 25:0 სძლია, თუმცა გამარჯვება ისეთი იოლი სულაც არ ყოფილა, როგორც ანგარიშიდან ჩანს.

„ვვა-პოდმოსკოვიე“ პირველ ტაიმში ვალდებული იყო ორი ლელო დაედო. პირველ ჯერზე, 0:3-ზე სამი მორაგბე დაუცველი ლელოსკენ გარბოდა, თუმცა 100%-იანი ლელოს ნაცვლად, უმარტივესი შეცდომა დაუშვეს და ბურთი წინ დაუვარდათ. 0:10-ზე სტუმრებმა ზედ კარის წინ შეძლეს ხაზის გაჭრა და ლელო აქაც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მიმღებმა ბურთი ამჯერადაც ვერ შეიმაგრა. გარდა ამისა, „ვვა-პოდმოსკოვიეს“ ორი ჯარიმა ხელსაყრელი პოზიციიდან გაუცუდდა.

თამაში მგეზავის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მალაღურაძემ, რომელსაც აქამდე უმეტესად შუამარბად ათამაშებდნენ. ის სრულად გაისარჯა, ორ-ორი ჯარიმით და გარდასახვით, გუნდს 10 ქულით შეეწია. მისი წვლილი ძალიან დიდია მასპინძელთა მეორე ლელოშიც. სასტარტო შემადგენლობაში იყო რუსეთის ნაკრების ყოფილი კვაჭი ცნობილაძე, ხოლო ბურჯი წიკლაური შეცვლაზე შევიდა.

ანგარიში მალაღურაძემ პირველსავე წუთზე გახსნა - ჯარიმა ცენტრიდან გაიტანა, მისი მეორე დარტყმა არაზუსტი იყო, ხოლო მე-15 წუთზე, ლელოდან 5 მეტრში „ვვა-პოდმოსკოვიემ“ მეტოქის მიძალება წესების დარღვევით შეაჩერა და საჯარიმო ლელო მალაღურაძემ გარდასახა. 30-ე წუთზე მალაღურის გრძელი გადაცემის შემდეგ იაგუდინმა ხაზი გაჭრა, მერე ქართველმა მგეზავმა 9 ნომრის ფუნქციები შეითავსა, ბურთი სწრაფად გაუტანა გრესევს და მანაც დაულაგებელი დაცვა იოლად გაიარა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 15:0 დასრულდა. 46-ე წუთზე „იარმა“ მესამე ლელო დადო და მალაღურაძე გარდასახვიდან არ შეცდა, 62-ე წუთზე მანვე ჯარიმა გაიტანა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებულის ბედი პირველსავე მატჩში გადაწყდა. დავით კაჭარავას „ენისეიმ“ „ყუბანს“ სტუმრად 62:25 მოუგო და იმ მატჩში ქართველმა შუამარბმა დუბლი შეასრულა. შედეგად, განმეორებით შეხვედრაში „ენისეიმ“ შინ უახლოეს რეზერვს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და კაჭარავაც თადარიგში იყო. კრასნოიარსკელებმა ამჯერადაც მოიგეს, ოღონდ უფრო მოკრძალებული ანგარიშით - 27:3.

ამრიგად, ორმატჩიანი ფინალის პირველი რაუნდი 25 სექტემბერს გაიმართება და მასპინძელი „კრასნი იარი“ იქნება, ხოლო განმეორებით შეხვედრას „ენისეი“ 1 ოქტომბერს უმასპინძლებს. რადგან ორივე გუნდი ერთი ქალაქისაა, აქ სტუმარ-მასპინძლობა მხოლოდ მოედნის საფარში აისახება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080557