ინგლისის „ავივა პრემიერშიპში“ უკვე სამი ტური მიილია, ქართველი ლეგიონერების გუნდებს კი, ჯერ გამარჯვებით არ გაუხარიათ.
ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ ლიდერ „ბათს“ ეწვია და პირველი ტაიმი 17:6 მოიგო, მაგრამ 13 184 გულშემატკივრის გასახარად, მასპინძლებმა მეორე ტაიმში თამაშის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს. შესვენებამდე „ვუსტერმა“ ორი ლელო დადო - თავი ჯერ ირლანდიელმა ნილ ანეტიმ და მერე სამხრეთ აფრიკელმა დენ ჰამონდიმ გამოიჩინეს. მასპინძლებმა ჯარიმით, ენტონი ვოტსონის ლელოთი და გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, ხოლო 54-ე წუთზე ჯორჯ ფორდის ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ლელოში მათ ბანაჰანმა მოხსნა და დაამიწა - 20:17. 62-ე წუთზე როკოდუგინმა სტუმრებს მესამე ლელო დაუდო, რაზეც „ვუსტერმა“ ჰემპრისის ლელოთი უპასუხა და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა. გაჩნდა შანსი, რომ „ვუსტერს“ ლელოთი 2 პრემიალური ქულა აეღო - 4 ლელოს გატანისთვის და მცირედი მარცხისთვის, თუმცა 70-ე წუთზე მეოთხე ლელო თავად მიიღო და დიდი სხვაობით დამარცხდა.
ბრეგვაძემ შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა და სამი შეტევით 4 მეტრი მოიგო, ერთი პასი გააკეთა და დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა. პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ვალ რაფავა-რუსკინმა, რომელმაც 5 შეტევით 5 მეტრი მოიგო, 6 პასი და ამდენივე ბოჭვა შეასრულა, გაუფუჭდა 1 ბოჭვა და 5-ჯერ დაჯარიმდა. „ვუსტერს“ საწყის სამ თამაშში ერთი ფრე და ორი მარცხი მოუგროვდა.
გიორგი ნემსაძის „ბრისტოლმა“ სტუმრად „უოსპსთან“ ქართველი მეორეხაზელის გარეშე ითამაშა და მეორე ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდო, მაგრამ თავად ჯამში 10 გაუშვა და 22:70 დამარცხდა. რა თქმა უნდა, მასპინძლები თავიდანვე ფლობდნენ საგრძნობ უპირატესობას და ტაიმი 37:3 მოიგეს. ელიოტ დეილიმ, კრის უაიდმა და ეშლი ჯონსონმა დუბლი მიითვალეს.
ზემოთნახსენები „ბათის“ გარდა საწყისი სამი თამაში კიდევ ორმა გუნდმა მოიგო, აქედან ორი პრემიალური ქულით. ერთ-ერთი ქვეყნის ჩემპიონი „სარასენსია“, რომელმაც „ნორთჰემპტონს“ პრემიის გარეშე, 27:12 აჯობა. 9 500-მა მაყურებელმა პირველ ტაიმში მასპინძელი ალექს ლოზოვსკის და სტუმარი სტეფან მეილერის დუელი იხილა - 9:9. მეოლერმა 51-ე წუთზე თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ „ნორთჰემპტონი“ 5 წუთში მოედანზე კაცნაკლული დარჩა. ამით ჩემპიონმა ისარგებლა, მალევე მოლს ჯეიმი ჯორჯი მოწყდა და ლელოში შევიდა, ხოლო 10 წუთში „სარასენსმა“ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო ლოზოვსკიმ საბოლოო შედეგი 72-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დააფიქსირა.
პირველი გამარჯვება იზეიმა „გლოსტერმა“, რომელმაც სტუმრად „სეილ შარქსს“ 26:13 სძლია. შედეგი სტუმართა ზუსტმა დარტყმებმა განაპირობა, თორემ გუნდებმა ორ-ორი ლელო დადეს. მე-9 წუთზე ბილ ბარნსმა ხაზი გაჭრა და ზელანდიელმა ბურჯმა ჯონ აფოამ ძელებსშუამდე ირბინა. სემ ჯეიმსმა მე-13 წუთზე უპასუხა, თუმცა ტაიმის ბოლოს „სეილმა“ მეორე ლელო მიიღო და კრეიგ ლეიდლოუს გარდასახვებით და ერთი ჯარიმით, 17:8 დაწინაურდა. 55-ე წუთზე მასპინძლებმა ძალისმიერი ლელო დადეს, ოღონდ გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, მერე ლეიდლოუმ სამი ჯარიმა გაიტანა და გუნდთან ერთად გამარჯვება იზეიმა.
აუტსაიდერ „ბრისტოლთან“ 21:19 მოგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ დამარცხდა „ჰარლიქუინსი“. „ექსეტერთან“ გასვლით მატჩში 10 ათასამდე მაყურებელმა ჯამში 8 ლელო იხილა და აქედან 5 მასპინძლების იყო. ოთხი პირველსავე ტაიმში გავიდა - ავსტრალიელმა ფულბეკმა თერბერმა და ინგლისელმა კვაჭმა ლუკ კოუებ-დიკმა თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, ხოლო ამ უკანასკნელმა 46-ე წუთზე მესამედაც დაამიწა ბურთი. ანგარიში 36:13 გახდა, რის შემდეგაც სტუმრებმა ორი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს და მეოთხეც რომ დაედოთ 2 პრემიალურ ქულას ჩაიწერდნენ, მაგრამ ეს ვეღარ შეძლეს - 36:25.
„ნიუკასლი“ „ლესტერს“ 16 წუთის შემდეგ 10:0 უგებდა, თუმცა შესვენებამდე ლელო და ჯარიმა გაუშვა. 49-ე წუთზე სტუმრები გატანილი ჯარიმის შემდეგ დაწინაურდნენ და 67-ე წუთზე ფრედი ბარნსმა ეს უპირატესობა ჯარიმით კიდევ უფრო გაზარდა. 3 წუთში „ნიუკასლმა“ ჯოელ ჰოჯსონის ჯარიმით სხვაობა კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე მასპინძლებმა ლელო დადეს, ოღონდ დამიწებამდე შემტევი გვერდით ხაზს სულ ცოტათი შეეხო, ხოლო ბოლო წამზე „ნიუკასლს“ ახლოდან არეკნი გაუცუდდა და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა.
ინგლისი. ავივა პრემიერშიპი
III ტური
სეილი - გლოსტერი 13:26
ბათი - ვუსტერი 37:22
ექსეტერი - ჰარლიქუინსი 36:25
სარასენსი - ნორთჰემპტონი 27:12
უოსპსი - ბრისტოლი 70:22
ნიუკასლი - ლესტერი 13:14
1. | ბათი | 3 | 3 | 0 | 0 | 113:41 | 14 | 2 |
2. | სარასენსი | 3 | 3 | 0 | 0 | 96:28 | 14 | 2 |
3. | უოსპსი | 3 | 3 | 0 | 0 | 129:64 | 14 | 2 |
4. | ლესტერ თაიგერსი | 3 | 2 | 0 | 1 | 74:78 | 9 | 1 |
5. | გლოსტერი | 3 | 1 | 1 | 1 | 80:74 | 8 | 2 |
6. | ნორთჰემპტონი | 3 | 1 | 0 | 2 | 58:55 | 6 | 2 |
7. | ექსეტერ ჩიფსი | 3 | 1 | 0 | 2 | 69:84 | 6 | 2 |
8. | სეილ შარქსი | 3 | 1 | 0 | 2 | 49:55 | 5 | 1 |
9. | ნიუკასლი | 3 | 1 | 0 | 2 | 37:89 | 5 | 1 |
10. | ჰარლიქუინსი | 3 | 1 | 0 | 2 | 56:74 | 4 | 0 |
11. | ვუსტერ უორიორსი | 3 | 0 | 1 | 2 | 48:95 | 2 | 2 |
12. | ბრისტოლი | 3 | 0 | 0 | 3 | 51:123 | 1 | 1 |
IV ტური. 23-25 სექტემბერი
ბრისტოლი - ექსეტერი, გლოსტერი - ნიუკასლი, ჰარლიქუინსი - სარასენსი, ნორთჰემპტონი - უოსპსი, ვუსტერი - სეილი, ლესტერი - ბათი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია