კელტების ლიგა

16:24 | 19.09.2016 | ნანახია 2064 - ჯერ

დაუმარცხებელი „ალსტერი“ და სეტყვა იტალიაში

ანტონ ფეიქრიშვილის „ალსტერმა“, ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებული ჩემპიონატის, პრო 12-ის ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

სავიზო პრობლემების გამო, ფეიქრიშვილი გუნდს მხოლოდ გასულ კვირაში, ბოლო თამაშამდე ორიოდე დღით ადრე შეუერთდა და „კელტების ლიგაში“ მის დებიუტს მომავალ ტურში უნდა ველოდოთ. ამჯერად ირლანდიელებმა უელსურ „სკარლეტს“ უმასპინძლეს და 19:8 სძლიეს. საწყის 20 წუთში მასპინძლებმა პედი ჯექსონისა და ლუის ლუდიკის ლელოებით 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენებამდე გუნდებს ქულა აღარ აუღიათ, ხოლო თამაშის განახლებიდან 8 წუთში ჯარიმა სტუმრებმა გაიტანეს. დასკვნითი 10 წუთი მხიარული აღმოჩნდა. ჯექსონის ჯარიმას „სკარლეტსმა“ ლელოთი 75-ე წუთზე უპასუხა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს იან ჰენდერსონისგან ლელო თავად მიიღო და პრემიალური ქულაც ვერ აიღო.

ტურის ცენტრალურ მატჩში, შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“, რომელსაც პირველი ორი შეხვედრა პრემიალური ქულით ჰქონდა მოგებული, კარდიფში თამაშობდა. შეხვედრას 8 ათასი მაყურებელი დაესწრო. უელსელებმა მეტოქის სამი ლელოს წილ მხოლოდ ორი დადეს, მაგრამ კარში უკეთ ურტყეს. დებიუტში მათ გარეთ ენსქომბის ჯარიმებით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო ალექს ქათბერტის ლელოთი და ენსქომბის გარდასახვით 13:0 დაწინაურდნენ.

„გლაზგომ“ სტიუარტ ჰოგისა და პიტერ ჰორნის ლელოებით უპასუხა და ზუსტი გარდასახვების წყალობით დაწინაურდა, თუმცა გაწითლებულ დროზე მეორე ლელო გაუშვა და ტაიმი 14:20 დათმო. მეორე ტაიმში მაყურებელმა ერთადერთი ლელო იხილა და ის შოტლანდიელი ალი პრისის ანგარიშზე, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო. სულ ბოლოს „კარდიფმა“ ჯარიმა გაიტანა, 23:19 იმარჯვა და „გლაზგო“ მცირედი მარცხისთვის მხოლოდ 1 ქულას დააჯერა.

მეორე შოტლანდიური გუნდი „ედინბურგი“ ირლანდიურ „ლენსტერს“ დაუხვდა და 20:33 დამარცხდა. მასპინძელთა ირლანდიელმა ლეგიონერმა მიკ ალენმა თანამემამულეებს ლელო დაუდო, დანკან ვეირიმ მე-6 წუთზე ჯარიმა გაიტანა და „ედინბურგი“ 8:0 დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე „ლენსტერმა“ 4 ლელოთი უპასუხა - 26:8 და სტუმრებმა პრემია ნაადრევად გაინაღდეს. მეორე ტაიმში სქოთებმა უოტსონისა და ბრედბურის ლელოებით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა გაწითლებულ დროზე დენ ლევიმ დუბლი შეასრულა და მასპინძლებმა პრემიაც ვერ აიღეს.

სტუმრად, ოღონდ უელსში „ნიუპორტთან“ 20:16 მოიგო ირლანდიურმა „მანსტერმა“. პირველი ტაიმი ფრედ 10:10 დასრულდა, 56-ე წუთზე, მასპინძლები 16:13 იგებდნენ მეორე ლელო რომ მიიღეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და „მანსტერმა“ სეზონის მეორე გამარჯვება მიითვალა.

უელსურმა „ოსპრეიზმა“ იტალიურ „ბენეტონს“ 9 ლელო დაუდო, უკვე გაწითლებულ დროზე ერთი გაუშვა და მეტოქე 64:10 გაანადგურა. კიდევ ერთი იტალიური გუნდი „ძებრე“, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ირლანდიურ „კონახტს“ პირველი ტაიმის შემდეგ სამი ლელოთი 22:10 უგებდა, მაგრამ ჩემპიონს მშველელად ბუნება მოევლინა - ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო თამაში შეწყდა და „კონახტი“ ზედიზედ მესამე მარცხს გადაურჩა. როდის განახლდება თამაში და რა პირობებით, ჯერჯერობით უცნობია.

პრო 12. III ტური

კარდიფი (უელსი) - გლაზგო (შოტლანდია) 23:19

ალსტერი (ირლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 19:8

ედინბურგი (შოტლანდია) - ლენსტერი (ირლანდია) 20:33

ძებრე (იტალია) - კონახტი (ირლანდია) შეწყდა

ნიუპორტი (უელსი) - მანსტერი (ირლანდია) 16:20

ოსპრეიზი (უელსი) - ბენეტონი (იტალია) 64:10

1.

ოსპრეიზი

3

3

0

0

155:26

15

3

2.

ალსტერი

3

3

0

0

70:27

13

1

3.

კარდიფი

3

3

0

0

81:58

13

1

4.

გლაზგო

3

2

0

1

93:53

11

3

5.

ლენსტერი

3

2

0

1

78:61

9

1

6.

მანსტერი

3

2

0

1

66:53

9

1

7.

ნიუპორტი

3

1

0

2

35:55

5

1

8.

ედინბურგი

3

1

0

2

56:76

4

0

9.

ძებრე

2

0

0

2

11:70

1

1

10.

სკარლეტსი

3

0

0

3

30:62

0

0

11.

კონახტი

2

0

0

2

16:73

0

0

12.

ბენეტონი

3

0

0

3

29:106

0

0

IV ტური. 23-24 სექტემბერი

ბენეტონი - ნიუპორტი, გლაზგო - ალსტერი, ლენსტერი - ოსპრეიზი, მანსტერი - ედინბურგი, ძებრე - კარდიფი, სკარლეტსი - კონახტი

ზურა ქოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.112892