საფრანგეთი პრო დ2

15:06 | 19.09.2016 | ნანახია 3204 - ჯერ

პრო დ2-ის ორი ქართული ლელო

როგორც ჩანს, საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის მეოთხე ტური განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. გასულ კვირაში, ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიმდინარე სეზონის ანგარიში გახსნეს და ერთბაშად ორი ლელო დადეს, ახლა კი, სეზონის პირველი ლელოები პრო დ2-ში მოთამაშე ჩვენებურებმა მიითვალეს.

მთლიანობაში, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის მეოთხე ტურში გამართულ 8 მატჩში 22 ლელო დაიდო და აქედან ორი ქართველი ლეგიონერების ანგარიშზეა. აქედან ერთმა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენი“ „ბიარიცს“ მასპინძლობდა. თამაში უხეში გამოდგა და რეფერიმ მასპინძელთა ორ და სტუმართა ერთ მორაგბეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. გარდა ამისა, „აჟენი“ ერთი სინბინით, ხოლო „ბიარიცი“ სამი ყვითელი ბარათით დაისაჯა. მჭედლიძემ შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა და გუნდს რომ გაუჭირდა მორკინალის ფუნქციებიც შეითავსა. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე გამარჯვების ლელოც სწორედ ამ სტილში დადო. „აჟენში“ დებიუტი ჰქონდა ბურჯ ახობაძეს, რომელიც შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა და ჯარიმების სიმრავლისთვის 69-ეზე სინბინით დაისაჯა.

თამაშს რაც შეეხება, ანგარიში 6:6 იყო, როდესაც სტუმრებმა „აჟენის“ შეტევისას ფეხით ჩაკიდებული ბურთი საკუთარ ლელოში დაამიწეს, სანამ მასპინძლები დალაგდებოდნენ, ბურთი 22-თან სწრაფად გაათამაშეს, მგეზავმა ის ფეხით გადაკიდა და „აჟენის“ ლელოში დაამიწა. 30-ე წუთზე, ბურჯ არტურ ჯოლის მეტოქემ რაქში სახეში ხელი გაარტყა, ისიც პროვოკაციას წამოეგო და უპასუხა, რეფერიმ კი, წითელი ბარათი მხოლოდ მას უჩვენა და „აჟენი“ მთელი 50 წუთით კაცნაკლული დარჩა. მერე „ბიარიცმა“ ორი ჯარიმა გაიტანა, 19:6 დაწინაურდა და მატჩის გადარჩენის ალბათობა უკიდურესად შემცირდა.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე მასპინძელთა მოლმა, რომელშიც მჭედლიძეც ჩაერთო, სტუმართა დაცვა მოარღვია და ორი პასის შემდეგ ლელო ალამთან დაიდო, თუმცა გარდასახვა ზუსტი იყო და მეორე ტაიმის დებიუტში ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. მერე იყო სტუმართა ორი სინბინი, რითაც მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს, 69-ე წუთზე ახობაძის გაყვითლება, 71-ე წუთზე ორივე გუნდიდან თითო მორაგბის წითელი ბარათით გაძევება, „ბიარცის“ ჯარიმა და უპირატესობის 6 ქულამდე გაზრდა, ხოლო 77-ე წუთზე, კაცნაკლულმა „აჟენმა“ კიდევ ერთი მოლი დააყენა, ბურთს მჭედლიძე აკონტრილებდა და ხაზის გადაკვეთის შემდეგ ლელოში დაამიწა, ხოლო ბარტონ ფრანსისმა გარდასახა და გუნდს ურთულეს პირობებში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა - 23:22. ეს იყო პირველი ქართული ლელო პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში.

მეორე დღეს, ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონას“ მასპინძლობდა. ორივე გუნდის ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ყუფარაძე 49-ე, ხოლო მირცხულავა 46-ე წუთზე შეცვალეს. „უიონამ“ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და სამი უპასუხო ლელო გაიტანა. აქედან მესამე 34-ე წუთზე გავიდა, სტუმრებმა მოლი დააყენეს და კოლექტიური ლელო შეიტანეს, ბურთი კი, ირაკლი მირცხულავამ დაამიწა. მისთვის ეს პირველი ლელოა ახალი გუნდის მაისურით.

მაგრამ სტუმრები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და ტაიმი მხოლოდ 22:12 მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში სამჯერ დაისაჯნენ სინბინით. შედეგად, „დაქსმა“ ორი ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, 64-ე წუთზე ლელო გაიტანა და გარდასახა, ხოლო 74-ეზე მორიგი ჯარიმით ანგარიში 28:22 გახადა. „უიონამ“ მხოლოდ ის მოახერხა, რომ სულ ბოლოს ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. „დაქსმა“ 28:25 მოგებით 4 ქულა ჩაიწერა და ლიდერთა შორისაა.

პრო დ2-ს ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ ლიდერობს, რომელმაც ბექა შეყლაშვილის „ალბის“ სტუმრად 29:23 სძლია. ეს ამ გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და ორ უახლოეს მდევარს ერთი პრემიალური ქულით უსწრებს. განვილი შეხვედრა სრულად ჩაატარა შარიქაძემ, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს დათუნაშვილი, 68-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში სტუმართა ბურჯი ხატიაშვილი. მასპინძელთა სასტარტოში იყო შეყლაშვილი, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს და 73-ეზე თამაშში დააბრუნეს.

20 წუთის შემდეგ „ალბის“ ორი ლელო ჰქონდა დადებული და 14:3 იგებდა. 29-ეზე „ორიაკის“ შერკინებამ მეტოქისა დაჯაბნა, „ალბი“ დაჯარიმდა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობაზე ბოლომდე ითამაშეს და ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითეს, თუმცა შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვეს - 10:20. 53-ე წუთზე მოკლე დარტყმების სერიას „ორიაკის“ მეორე ლელო მოჰყვა და ანგარიში 20:20 გახდა. „ალბი“ 4 წუთში ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში „ორიაკმა“ სამი ჯარიმა გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვებით გაიხარა.

სეზონის სტარტზე, პირველი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა ფედერალ 1-იდან აღზევებულმა შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემმა“, რომელმაც ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ 21:6 სძლია. ორივე გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს მესამეხაზელებმა სუთიაშვილმა და ლომიძემ. პირველ ტაიმში მასპინძელთა 3 ჯარიმას სტუმრებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს, მერე სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. 70-ე წუთზე „ანგულემმა“ შეხვედრის პირველი ლელო დადო, ხოლო გაწითლებულ დროზე გადაცემა ჩაჭრა და მეორე ლელოთი საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ზედიზედ მეორე თამაში დაასრულა ფრედ ფედერალ 1-იდან აღზევებულმა კიდევ ერთმა გუნდმა, ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანმა“. ამჯერად ის სტუმრად „ბურგუენს“ 15:15 დაუზავდა. შეუცვლელად ითამაშა მეორეხაზელმა მაისურაძემ, ხოლო ბეჟიაშვილი, რომელსაც პრო დ2-ში დებიუტი ჰქონდა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტაიმში „ვანმა“ ორი ჯარიმა გაიტანა, მეორე შერკინებამ გამოიმუშავა,მაგრამ მერე ლელო-გარდასახვა გაუშვა და ტაიმი 6:7 დათმო. სტუმრები 9:7 იგებდნენ და 55-ე წუთზე ლელოც უნდა გასულიყო - 90-მეტრიანი კონტრშეტევისას ანტუან ბუტიერმა სამჯერ ითამაშა ფეხით და ლელო რომ უნდა დაემიწებინა, ბურთი ხელიდან გაუვარდა. და მაინც, 76-ე წუთისთვის „ვანი“ ჯარიმებით 15:7 იგებდა, მერე ჯარიმა თავადაც გაუშვა, ხოლო გაწითლებულ დროზე მეორე ლელო მიიღო. გარდასახვა არაზუსტი იყო და ქალი რეფერის საფინალო სასტვენმა საბოლოოდ ფრე დააფიქსირა.

ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონი“ ოთარ ტურაშვილის „კოლომიეს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 6:18 დამარცხდა. ტაიმი 9:6 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი ჯარიმა გაიტანეს. რუმინეთის ნაკრების ქართველმა კვაჭმა ტურაშვილმა შეცვლაზე 61-ე წუთიდან ითამაშა.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ სტუმრად ქართველი მესამეხაზელის გარეშე ეთამაშა „მონტობანს“ და 18:22 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა მეორე ტაიმში დადეს და ის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონმა“ „პერპინიენს“ უმასპინძლა და 38:20 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერს არც ამ მატჩში მიუღია მონაწილეობა, მისი გუნდი კი, პრემიალური ლელოს აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ 73-ე წუთზე ოთხი ლელოს წილ მეორე გაუშავა.

საფრანგეთი. პრო დ2. IV ტური

აჟენი - ბიარიცი 23:22

კოლომიე - ნარბონი 18:6

მონტობანი - მონ დე მარსანი 22:18

დაქსი - უიონა 28:25

ანგულემი - ბეზიე 21:6

ბურგუენი - ვანი 15:15

ალბი - ორიაკი 23:29

კარკასონი - პერპინიენი 38:20

1.

ორიაკი

4

3

0

1

110:68

14

2

2.

კოლომიე

4

3

0

1

81:47

13

1

3.

დაქსი

4

3

0

1

93:91

13

1

4.

ანგულემი

4

3

0

1

75:84

12

0

5.

კარკასონი

4

2

1

1

81:76

10

0

6.

მონ დე მარსანი

4

2

0

2

79:76

10

2

7.

აჟენი

4

2

1

1

89:95

10

0

8.

ვანი

4

1

2

1

79:77

9

1

9.

მონტობანი

4

2

0

2

76:72

9

1

10.

ბეზიე

4

2

0

2

83:77

9

1

11.

უიონა

4

1

0

3

108:93

7

3

12.

ბურგუენი

4

1

1

2

67:74

7

1

13.

ბიარიცი

4

1

0

3

78:72

6

2

14.

ალბი

4

1

1

2

100:116

6

0

15.

პერპინიენი

4

1

0

3

66:112

5

1

16.

ნარბონი

4

1

0

3

69:104

4

0

V ტური. 22, 23 და 25 სექტემბერი

მონ დე მარსანი - აჟენი, უიონა - კარკასონი, ბურგუენი - დაქსი, ორიაკი - ნარბონი, ბეზიე - ალბი, ანგულემი - მონტობანი, ბიარიცი - კოლომიე, ვანი - პერპინიენი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142076