სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბის მმართველი ორგანიზაციის, SANZAAR-ის ხელმძღვანელობა „სუპერ რაგბის“ ფორმატის რეფორმაზე ვერ შეთანხმდა.
2017 წელს ტურნირი იმავე სისტემით ჩატარდება, როგორც 2016 წლის სეზონი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ორგანიზატორები კვლავ შეიკრიბებიან და გამართავენ მოლაპარაკებას, რომელზეც 2018 წლისთვის შესაძლო ცვლილებების ვარიანტებს განიხილავენ.
„ამჟამად ცვლილებებში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ. რეგულარული გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, „ჰარიქეინზი“ და „ლაიონსი“ საბოლოოდ ფინალში გავიდნენ და ამიტომ, არსებულ ფორმატს ვერაფერს დავუწუნებთ. ჩვენ განვიხილეთ მონაწილეთა რაოდენობის შემცირების ყველა ვარიანტი - 16-მდე, 15-მდე, 14-მდე და 12-მდე, ასევე გაფართოების პერსპექტივები. მოსაზრებები გაიყო და საერთო აზრამდე ვერ მივედით. სერიოზული დაინტერესებაა წყნარი ოკეანის კუნძულელების მხრიდან, რომლებიც მზად არიან საკუთარი ფრანშიზი შექმნან. ამ გუნდის ძალაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა კომერციული მხარე კითხვებს აჩენს“ - ამბობს SANZAAR-ის თავკაცი ენდი მარინოსი.
2017 წლის „სუპერ რაგბის“ ჩატარების დეტალები 20 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია