ავსტრალიამ არგენტინას 5 ლელო დაუდო და „რაგბი ჩემპიონშიპის“ წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა - 36:20.
შედეგი დიდწილად საწყისმა 12-მა წუთმა განაპირობა, რომლის დროსაც მასპინძლებმა სამი უპასუხო ლელო დადეს და 21-ქულიანი ფორა მოიპოვეს. ერთის მხრივ, ეს იყო არგენტინელთა კონცენტრაციის დაკარგვის და მეორე მხრივ, ავსტრალიელთა თავბრუსდამხვევი დასაწყისის შედეგი. ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკის ძლევის შემდეგ, ასეთმა დასაწყისმა მაიკლ ჩეიკას შეგირდებს თავდაჯერებულობა კიდევ უფრო აუმაღლა და მათი გამარჯვება პრემიალური ქულითაც დამშვენდა, რამაც „უოლაბებს“ ორი გასვლითი მატჩის წინ მეორე ადგილზე აღზევების საშუალება მისცა.
ანგარიში მე-40 წამზე გაიხსნა, როდესაც ბერნარდ ფოლიმ მოედნის ცენტრში, კარის წინ გაჭრა ხაზი და 22-მეტრიან ზონამდე ირბინა, მერე ბურთი მარჯვენა კიდემდე ჩათამაშდა და სამუ კერევიმ ბოჭვის მიუხედავად ლელოს უწია. მე-8 წუთზე, დერეფნიდან შეტევის შემდეგ დეინ ჰაილეტ-პეტიმ ქუადე კუპერის შებრუნებული პასი შეირგო, სისწრაფეზე ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. მე-12 წუთზე უილ გენიამ ნიკოლას სანჩესი ისე შებოჭა ბურთი ხელიდან გააგდებინა, ავსტრალიელი სწრაფად წამოხტა და ოვალს ფეხი წაკრა, თავად აიტაცა და მესამელელო დაამიწა. ბერნარდ ფოლიმ სამივე გარდასახვა გამოიყენა - 21:0.
ამის შემდეგ „უოლაბებმა“ ინიციატივა მეტოქეს დაუთმეს და არგენტინამაც მათ 22-ში დაიდო ბინა. მალე ემოციებმა იფეთქეს და გუნდური შეხლა-შემოხლის შემდეგ, „პუმების“ უპირატესობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა. მაგრამ დასკვნით ფაზაში მათ ის მუხტი და ფანტაზია აკლდათ, რითაც წინა სამ თამაშში გამოირჩნენ, ავსტრალიაც ადვილად უმკლავდებოდა დარტყმებს და არგენტინამ შესვენებამდე მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახერხა. სანჩესს ორი ზუსტი დარტყმის გარდა, მესამეს შანსიც ჰქონდა, თუმცა ბურთი ძელმა აისხლიტა. და ერთიც, შეტევების და ჯარიმების ფონზე მასპინძელთა ბურჯი სკოტ სიო 33-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, თუმცა წინამატჩების გამოცდილებით, არგენტინა მაშინ უფრო კარგად უტევს, როდესაც თავად რჩება კაცნაკლული და არა მეტოქე - 21:6.
მეორე ტაიმის დებიუტში სანტიაგო კორდერომ სტუმართა პირველი ლელო დადო და სანჩესმა გარდასახვით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. ხაზი ხოაკინ ტუკულეტმა გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა, მერე ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარჯვენა ფლანგზე, სადაც კორდერომ ორ მცველს გვერდი აუარა და მესამის ბოჭვის მიუხედავად მიზანს მიწვდა. უილ გენიამ თავისი მეორე და გუნდის მეოთხე, პრემიალური ლელო 53-ე წუთზე დაამიწა. მან რაქიდან აიტაცა ბურთი და ნახტომში დაამიწა, ხოლო გარდასახვა ძელმა აისხლიტა - 26:13.
64-ე წუთზე გენიამ კიდევ ერთხელ ითამაშა ჭკვიანურად და კუპერმა მაიკლ ჰუპერი ლელოში შეუშვა, ხოლო ფოლიმ გარდასახა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად გადაწყვიტა. მალე კუპერი უბურთო სანჩესზე უხეში თამაშისთვის სინბინით დაისაჯა და ფაკუნდო ისამ ლელოთი, ხოლო სანჩესმა გარდასახვით 72-ე წუთზე სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ 3 წუთში რის ჰოგის ჯარიმამ საბოლოო წერტილი დასვა და არგენტინას პრემიისთვის ბრძოლის შანსიც აღარ დარჩა - 36:20 და ავსტრალია ოქტომბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში სამოგზაუროდ მიდის.
რაგბი ჩემპიონშიპი. IV ტური. 17 სექტემბერი
ავსტრალია - არგენტინა 36:20 [21:6]
ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. დეინ ჰეილეტ-პეტი, 13. სამუ კერევი, 12. ბერნარდ ფოლი, 11. რის ჰოგი, 10. ქუეიდ კუპერი, 9. უილ გენია; 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ სიმონსი, 5. ადამ კოლემანი, 6. დინ მამი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. ტომ რობერტსონი, 19. რორი არნოლდი, 20. ლოპეტი ტიმანი, 21. შონ მაკმაჰონი, 22. ნიკ ფიფსი, 23. ტევიტა კურიდრანი.
5 ლელო: კერევი, ჰეილეტ-პეტი, გენია 2, ჰუპერი
4 გარდასახვა: ფოლი
1 ჯარიმა: ჰოგი
2 სინბინი: სიო, კუპერი
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. სანტიაგო იგლესიასი, 11. ლუკას ამოროსინო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4. ხავიერ დესიო, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხუან ლეგიზამონი, 8. ფაკუნდო ისა.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ლუკას ნოგუერა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. მარტინ ლანდახო, 22. გაბრიელ ასკარატე, 23. მატიას ორლანდო.
2 ლელო: კორდერო, ისა
2 გარდასახვა: სანჩესი
2 ჯარიმა: სანჩესი
1. | ახალი ზელანდია | 4 | 4 | 0 | 0 | 169:52 | 20 | 4 |
2. | ავსტრალია | 4 | 2 | 0 | 2 | 76:108 | 9 | 1 |
3. | სამხრეთ აფრიკა | 4 | 1 | 0 | 3 | 84:113 | 6 | 2 |
4. | არგენტინა | 4 | 1 | 0 | 3 | 91:147 | 5 | 1 |
V ტური. 1 ოქტომბერი
სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია, არგენტინა - ახალი ზელანდია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არამგონია შავებს ვინმემ მოუგოს ამ ტურნირზე და ზოგადად ვი უნდა მოუგოს და როდის ეგეც საინერესოა უკვეე
ძალიან გაიზარდა ზელანდია და ავსტრალიას და აფრიკას კი რეგრესი აქვთ და არგენტინა არც არასდროს არ ყოფილა ზელანდიის კალიბრის გუნდი და ევროპულ გუნდებსაც რა შანსები შეიძლება ქონდეთ მიჭირს ააზე საუბარი, ალბათ ინგლისი გაუქაჩავს სხვაზე მეტად, სადაც ავსრალიას ზედიზედ 3 თამაში მოუგეს შეიძლება ყველაზე ღირსეული კონკურენტი სწორედ ეგენი იყვნენ დღევანდელი ზელანდიის