4 ერი

15:16 | 17.09.2016 | ნანახია 4651 - ჯერ

ეს უკვე სახალისოც აღარაა: 2 ტურით ადრე ზელანდია ჩემპიონია!

ახალი ზელანდიის ნაკრებმა კრაისტჩერჩში სამხრეთ აფრიკას 41:13 სძლია, „რაგბი ჩემპიონშიპის“ ზედიზედ მეოთხე მატჩი პრემიალური ქულით მოიგოთ და ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

1996 წლიდან დღემდე, რაც ეს ტურნირი ჯერ სამი და მერე ოთხი ერის [2012 წლიდან] ფარგლებში იმართება, „ოლ ბლექსი“ მე-14-ედ გახდა გამარჯვებული. შარშან ტიტული ავსტრალიამ მოიპოვა, წელს კი, შეუდარებელმა ზელანდიამ ის ერთი შეხედვით უპრობლემოდ დაიბრუნა. მთელს ტურნირზე, სადაც მსოფლიო თასის ნახევარფინალისტები თამაშობენ, არ აღმოჩნდა გუნდი, რომელიც „ოლ ბლექსს“ მეორე ტაიმში ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. დიახ, ზელანდიელებთან თამაშის უნარი ყველას მხოლოდ ერთი ტაიმი შესწევს, მეორე ნახევარში კი, მისი შემჩერებელი უბრალოდ აღარავინაა.

ასე იყო ახლაც და პირველი 40 წუთი „ბოკე“ მეტოქის შეჩერებას ახერხებდა. ეს იყო სამხრეთ აფრიკელთა საუკეთესო ტაიმი 2016 წელს, მაგრამ თამაში 80 წუთი გრძელდება და მეორე 40 წუთში მათ ბავშვური შეცდომები დაუშვეს, რაც „ოლ ბლექსმა“ კარგად გამოიყენა. დიახ, სამხრეთ აფრიკა კარგი იყო პირველ ტაიმში, თუმცა მხოლოდ საკუთარი თამაშიდან გამომდინარე. მასპინძლებმა შესვენებამდეც შეძლეს უპირატესობის მოპოვება და წინ გასვლა, მერე კი, მეტოქის შეცდომებთან ერთად, მათაც მოუმატეს ტემპს და იოლი ლელოებიც დადეს.

„ოლ ბლექსი“ პირველივე წუთებიდან დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა და მხოლოდ ერთ ჯარიმას გამორჩა. ამას „ბოკემ“ მე-19 წუთზე ძალიან კარგი, თანმიმდევრული და მრავალფაზიანი შეტევით უპასუხა, პიტერ-სტეფ დიუ ტოიმ კარგად ითამაშა და ლელოდან 5 მეტრში „რაგბი ჩემპიონშიპის“ ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ბრაიან ჰაბანამ ხაზი გაჭრა, ხოლო ელტონ იანტისმა გარდასახა.

„ბოკეს“ ლიდერობა ხანმოკლე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მათ ვერ ირწმუნეს საკუთარი თავის და მატჩის განახლებისთანავე დაშვებული მარტივი შეცდომა ლელოდ დაუჯდათ. „ოლ ბლექსმა“ შერკინებიდან ცენტრისკენ დაარტყა, მერე შეტევის მიმართულება შეცვალა და დენ კოულსის პასის შემდეგ ლელოში მარჯვნიდან იზრაელ დეგი შევიდა. ბარეტის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა „ოლ ბლექსმა“ წნეხი კიდევ უფრო გააძლიერა, ამჯერად იოჰან გუსენი შეცდა, მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან ახალმა ზელანდიამ ერთხელაც შეუტია, ცენტრიდან შეტევის მიმართულება ამჯერად მარცხნივ დაბრუნდა, დენ კოულსმა მცველები მიიზიდა, მეორე სალელოვე გადაცემა მიითვალა და ჰაბანას ბოჭვის მიუხედავად ბურთი ალამთან ჯულიან სავეამ დაამიწა. ბარეტის გარდასახვას იანტისმა 37-ე წუთზე ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 15:10 დასრულდა.

49-ე წუთზე „ოლ ბლექსმა“ მესამე ლელო დადო და მასში უდიდესი წვლილი არდი სავეას მიუძღვის, რომელმაც ჯერ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, მერე 5-მეტრიან ხაზთან მეორედ დაარტყა და შებოჭილმა ბურთი ლელოში ბენ სმიტს შეაყოლა. ბარეტის გარდასახვას 53-ე წუთზე იანტისმა კვლავ ჯარიმით უპასუხა და სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ 3 წუთში ყველაფერი დასრულდა.

ხაზის გაჭრის შემდეგ, ლელოს სიახლოვეს აარონ სმიტმა ითამაშა კარგად და ბურთი არდი სავეამ დაამიწა, რომელმაც ნაკრების მაისურით მეექვსე თამაში ჩაატარა და მეორე ლელო მიითვალა, - 29:13. აქ ყველაფერი დასრულდა და 65-ე წუთზე სემ უაითლოკმა ლელო მარტივად დადო, გრძელი გადაცემის შემდეგ ის ფლანგზე მარტო დარჩა. მალე „ოლ ბლექსის“ ლამაზი ლელო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, თუმცა 70-ე წუთზე სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. 5-მეტრა შერკინებიდან თი-ჯეი პერენარამ თავად შეუტია და ლელომდე მანძილი დაბრკოლების გარეშე დაფარა, ხოლო ბარეტიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:13.

რაგბი ჩემპიონშიპი. IV ტური. 17 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 41:13 [15:10]

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. იზრაელ დეგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. არდი სავეა, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კოდი ტეილორი, 17. უაით კროქეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლუკ რომანო, 20. მეთ ტოდი, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. ლიმა სოპოაგა, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი.

6 ლელო: დეგი, ჯ. სავეა, ბ. სმიტი, ა. სავეა, უაითლოკი, პერენარა

4 გარდასახვა: ბარეტი

1 ჯარიმა: ბარეტი

სამხრეთ აფრიკა: 15. იოჰან გუსენი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ჟუან დე იონგი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. ელტონ იანტისი, 9. ფაფ დე კლერკი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან შტრაუსი, 3. ვენსან კოხი, 4. ებენ ეცებეთი, 5. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. უპა მოჰოჯე, 8. უორენ უაითლი.

სათადარიგოები: 16. მალკოლმ მარკსი, 17. სტივენ კიტსჰოფი, 18. ლოურენს ადრიანსე, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. უილემ ალბერტსი, 21. იაკო კრილი, 22. მორნი სტეინი, 23. დამიენ დე ალენდე.

1 ლელო: ჰაბანა

1 გარდასახვა: იანტისი

2 ჯარიმა: იანტისი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:48 | 17.09.2016
dede (87)

ბევრს გაუხარდა მაქქოუ, კარტერი მაა ნონუ რომ წავიდნენ, მაგრამ მე მგონი უფრო მაგრები ყავთ ახლა შავებს. ასეთი მაგარი გუნდი არ ყოლიათ არასდროს გადაუარეს ყველას და ყველაფერს

15:36 | 17.09.2016
shalvinio (19)

მუდამ შეუდარებელი "ოლ ბლექსი"!!!

0.074604