სუპერ რაგბის მეშვიდე ტურის მესამე მატჩში, კეიპტაუნში ადგილობრივმა „სტორმერსმა“ იაპონური „სანვულვზი“ ბონუსქულით, 46:19 დაამარცხა. ფავორიტად, რა თქმა უნდა, „სტორმესი“ ითვლებოდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, ტურნირის დებიუტანტი იაპონელები კი, მიუხედავად რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩისა, სუპერ რაგბიში ჯერაც მოგების გარეშე არიან.
„სანვულვზის“ თავკაცმა წინა მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად შვიდი ცვლილება განახორციელა, თუმცა აზიელებს არც ამ ცვლილებებმა უშველა და აფრიკელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. „სტორმერსმა“ პირველი ტაიმი 27:5 მოიგო, ანგარიში მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს, შემდეგ კი, მეტოქეს ოთხი ლელოს დაუდეს, სადაინაც მხოლოდ ორი გარდასახეს. ტაიმის ბოლო ქულები იაპონელებმა მიითვალეს, მათ ლამაზი კომბინაციით ლელოს დადება მოახერხეს.
მეორე ტაიმში „სანვულვზი“ პირველთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, იაპონელებმა 46-ე და 66-ე წუთებზე მასპინძლებს ორი ლელო დაუდეს და ტამურამ ორივე გარდასახა. თავის მხრივ, „სტორმერსმა“ სამი ლელო დადო ორი ზუსტი გარდასახვით. საბოლოოდ კი, აფრიკელებმა მარტივი გამარჯვება იზეიმეს. მათ ექვს ჩატარებულ შეხვედრაში ხუთი გამარჯვება დაუგროვდათ და ტურნირის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო იაპონელები კვლავ პირველ გამარჯვებას ელიან.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია