საფრანგეთი პრო დ2

12:36 | 16.09.2016 | ნანახია 3035 - ჯერ

ბეჟიაშვილის დებიუტი პრო დ2-ში

24 წლის მარცხენა ბურჯ არჩილ ბეჟიაშვილს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში დებიუტი ექნება. მისი და ვახტანგ მაისურაძის „ვანი“ სტუმრად „ბურგუენს“ ეთამაშება.

ბეჟიაშვილმა გასული სეზონი ფედერალ 1-ის „როდეზში“ გაატარა და ელიტა 2-ში დაწინაურებულ „ვანში“ მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა. განვლილ სამ ტურში ქართველ ბურჯს არ უთამაშია, ახლა კი, მას ადგილი სასტარტო შემადგენლობაში ანდეს. სასტარტო შემადგენლობაშია მეორეხაზელი მაისურაძეც, რომელიც „ვანში“ ასევე სეზონის წინ გადავიდა. მისთვის პრო დ2-ში თამაში უცხო არაა, თუმცა „ალბის“ შემადგენლობაში. განვლილი სამი ტურიდან ვახტანგმა „ვანის“ მაისურით ორი ითამაშა, თუმცა ორივეჯერ შეცვლაზე და სასტარტოში პირველადაა.

ფედერალ 1-იდან დაწინაურებული კიდევ ერთი გუნდი, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემი“ ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ მასპინძლობს. ეს თამაში ქართველი გულშემატკივარისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რადგან საქართველოს ნაკრების მესამეხაზელების - სუთიაშვილისა და ლომიძის დაპირისპირება შედგება. ისინი სასტარტო შემადგენლობაში არიან.

კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება შედგება ელიზბარ ყუფარაძის „დაქსისა“ და ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონას“ შორის გასამართ მატჩში. ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში არიან ქართველი მარჯვენა ბურჯები - ყუფარაძე და მირცხულავა.

რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონს“ მასპინძლობს. სტუმართა ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ არიან, ხოლო ტურაშვილი თადარიგშია.

ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ ქართველი მესამეხაზელის გარეშე სტუმრობს „მონტობანს“. ზემოთნახსენები ხუთივე შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე იწყება.

ნახევარი საათის შემდეგ იწყება კიდევ ერთი ქართული დერბი - ბექა შეყლაშვილის „ალბი“ ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძოს „ორიაკს“ მასპინძლობს. სასტარტო შემადგენლობაში არიან ბურჯი შეყლაშვილი, მეორეხაზელი დათუნაშვილი და შუამარბი შარიქაძე, ხოლო კიდევ ერთი ბურჯი ხატიაშვილი თადარიგშია.

გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ „პერპინიენს“ 18 სექტემბერს ეთამაშება.

საფრანგეთი. პრო დ2

IV ტური. 16 სექტემბერი

ანგულემი - ბეზიე [22:00 საათი]

კოლომიე - ნარბონი [22:00 საათი]

ბურგუენი - ვანი [22:00 საათი]

დაქსი - უიონა [22:00 საათი]

მონტობანი - მონ დე მარსანი [22:00 საათი]

ალბი - ორიაკი [22:30 საათი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080716