ჩელენჯ კაპი

2:56 | 9.04.2016 | ნანახია 1618 - ჯერ

ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი ნახევარფინალში!

საქართველოს ნაკრების ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალში არიან და თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

მათი „მონპელიე“ ქართველი ლეგიონერების ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპი გადალახა, მაგრამ პლეი ოფში მხოლოდ საუკეთესო მეორეადგილოსანის სტატუსით გავიდა და „სეილ შარქსს“ ინგლისში ეთამაშებოდა. რაგბიში სტუმარ-მასპინძელი ძვირად ფასობს და ფრანგების შანსებს მაინცდამაინც დიდი არ ეთქმოდა, მაგრამ ჯეკ უაითის გუნდმა მეორე ტაიმი განსაკუთრებით ძლიერად ჩაატარა და ორგანიზებულობამ და დისციპლინამ შედეგი მოიტანა - 25:19.

თამაშს 4500 მაყურებელი დაესწრო და მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა, რომელიც საფინალო სასტვენამდე გაგრძელდა. ანგარიში მასპინძლებმა დენი სიპრიანის ჯარიმით გახსნეს, მაგრამ სტუმრებისგან მალევე მიიღეს პასუხი - წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი პოლ ვილემსმა აიტაცა, თანაგუნდელების დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა და წაქცეულმა თავს უკან დაამიწა. აღსანიშნავია, რომ ვილემსის საქმეში ჩართვამდე დარტყმა ნარიაშვილმა განახორციელა. ბენუა პილეგმა ზუსტ გარდასახვას მალევე ჯარიმა მიაყოლა - 3:10.

„ზვიგენები“ არ დაიბნენ და უკვე 21-ე წუთზე ტომ ბრედის ლელოთი უპასუხეს. სიპრიანის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 32-ე წუთზე მან ჯარიმა გაიტანა და „სეილმა“ ტაიმი 11:10 მოიგო. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ „მონპელიე“ მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა და ერთადერთხელ დაჯარიმდა, ხოლო მასპნძლებმა 9-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. გარდა ამისა, ინგლისელებს მძლავრი, ორმაგი ბოჭვების შედეგად, ბურთი წინ რამდენჯერმე დაუვარდათ და ამ ყველაფრის ერთობლიობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

პილეგიმ 45-ე და 55-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით თავისი გუნდი 16:11 დააწინაურა. საათის თავზე „მონპელიე“ იმ ერთადერთხელ დაჯარიმდა და ტიბო პრივატი სინბინით დაისაჯა, ხოლო სიპრიანიმ ერთი ჯარიმა გაქვითა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. და მაინც, კაცნაკლულმა „მონპელიემ“ იქით შეძლო ჯარიმის გამომუშავება, თანაც ისე, რომ სინბინით მასპინძლებიც დაისაჯნენ და სამი ზუსტი ჯარიმის შემდეგ, ფრანგები 71-ე წუთისთვის 25:14 დაწინაურდნენ. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე „სეილმა“ კონტრშეტევაზე ლელო დადო და მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ სტუმრებს მყარად ეპყრათ ხელთ თამაშის სადავეები და 25:19 მოგებით დამსახურებულად გაიხარეს.

ნარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა. მან უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა, ბურთით 3-ჯერ შეუტია, აქედან ერთ-ერთ შეტევის გაგრძელებას ლელო მოყვა და ჯამში 2 მეტრით წაწია ბურთი. დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. 53-ე წუთიდან ძალზედ აქტიურად ჩაერთო თამაშში ქუბრიაშვილი. მან 5 შეტევით 11 მეტრი მოიგო, ორი ბოჭვა შეასრულა და ორიც გაუცუდდა.

ამრიგად, „მონპელიე“ ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალშია და მეტოქეს ელის, რომელიც დღეს „გლოსტერისა“ და „ნიუპორტის“ ჯახის შედეგად გაირკვევა. კიდევ ორ მეოთხედფინალში „ჰარლექუინსი“ „ლონდონ აირიშს“, ხოლო „გრენობლი“ „კონახტს“ უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.128239