საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბოლნისის „ყოჩების“ კვაჭი შალვა მამუკაშვილი, საფრანგეთის ტოპ 14-ის „მონპელიეში“ სამედიცინო „ჯოკერის“ სტატუსით ითამაშებს.
გასულ შაბათს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ბისმარკ დუ პლესი დაშავდა. მან მუხლის მყესები გაიწყვიტა და მინიმუმ სამი თვე მოედანზე ვერ გავა. სწორედ 32 წლის სამხრეთ აფრიკელის შემცვლელად უხმეს მამუკაშვილს და ის „მონპელიეს“ მეხუთე ქართველი ლეგიონერი გახდება - მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის შემდეგ.
25 წლის კვაჭს „ბორჯღალოსნების“ კვართით 43 თამაში აქვს ჩატარებული და 3 ლელო დადო. უკანასკნელი ორი სეზონი მან ბრიტანეთში გაატარა - ჯერ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ „სეილ შარქსის“, ხოლო შარშან პრო 12-ის შოტლანდიური გუნდის, „გლაზგო უორიორსის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონი მან მშობლიურ კლუბში, დიდი 10-ის „ყოჩებში“ დაიწყო და ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახლა კი, საფრანგეთის გზას დაადგება.
ფრანგული პრესის ცნობით, „შადრე“ „მონპელიეში“ შაბათს უნდა ჩავიდეს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს. შეთანხმების ხანგრძლივობა და დეტალები სწორედ შაბათს გახდება ცნობილი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები შალვა!!!
+1
მონპელიეს პირველი ხაზი საქართველოს ნაკრებია ფაქტიურად წარმატებები შალვა !
გილოცავ, შალვა!
წარმატებები