საერთაშორისო

12:11 | 15.09.2016 | ნანახია 3504 - ჯერ

მილტონ ჰეიგის მეგობარი „მაორი ოლ ბლექსს“ გაწვრთნის

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის მეგობარი ტანა უმაგა ახალი ზელანდიის მეორე გუნდის, „მაორი ოლ ბლექსის“ სამწვრთნელო შტაბში შევიდა.

43 წლის ლეგენდა, რომელიც თბილისშიც იყო ჩამოსული და ნოემბრის ტესტებზე ორ მატჩში მის კონსულტანტად მოგვევლინა, „მაორების“ მთავარი მწვრთნელის, კოლინ კუპერის ასისტენტი იქნება.

„მოხარული ვარ ტანა რომ შემოგვიერთდა. მისი სიახლეები, როგორც მწვრთნელის და ყოფილი მოთამაშის, ფასდაუდებელი იქნება „მაორი ოლ ბლექსისთვის“. უმაგა ნამდვილი პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია სიახლეების მოტანა და მორაგბეების სარგებლიანობის კოეფიციენტის ამაღლება“ - თქვა კუპერმა.

„მაორი ოლ ბლექსს“ ნოემბერში სამი თამაში ელის - 4-ში ჩიკაგოში აშშ-ს ეთამაშება, 11-ში ლიმერიკში ირლანდიურ კლუბ „მანსტერს“ და 16-ში ლონდონში ინგლისურ „ჰარლიქუინზს“. აღსანიშნავია, რომ „მაორებთან“ თამაშის გამართვაზე მოლაპარაკებას საქართველოს რაგბის კავშირიც აწარმოებდა და შესაძლოა, ამ მეგობრობამ სამომავლოდ შეთანხმება გააიოლოს. რაც შეეხება ტანა უმაგას, მან სამწვრთნელო კარიერა „ტულონში“, 2008 წელს დაიწყო. 2010 წლიდან 2011 წლამდე, ის „მანუკაუში“ სწორედ მილტონ ჰეიგის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო 2012-2015 წლებში მისი მთავარი მწვრთნელი იყო. 2015 წელს უმაგა ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო „სუპერ რაგბის“ გასულ სეზონში „ბლუზს“ ავარჯიშებდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087942