საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე მოედანს დაუბრუნდა. საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მესამე ტურში მან შეუცვლელად ითამაშა და კარგი იყო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.
„ბუკას“, ლევან დათუნაშვილის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკმა“ „მონტობანი“ 20:12 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის თავში მოექცა. ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო დათუნაშვილი, რომელიც ტაიმის მიწურულს სინბინით დაისაჯა და 70-ე წუთზე შეცვალეს. თამაში უხეში გამოდგა და პირველ ტაიმში, დათუნაშვილამდე 3 წუთით ადრე მორაგბე სტუმრებსაც გაუსინბინეს. 30-ე წუთზე „მონტობანის“ შერკინება საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ტაიმი 13:9 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძელთა კიდევ ერთი და სტუმართა სამი მორაგბე დაისაჯა სინბინით, თუმცა „ორიაკმა“ ამით ვერ ისარგებლა. მანამდე, 43-ე წუთზე, მათ ლელო დადეს და 20:9 დაწინაურდნენ, მაგრამ მესამე ლელოს დადება აღარ გამოუვიდათ.
ტურის გახსნით მატჩში ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის გარეშე მოთამაშე „უიონა“ საკუთარ მოედანზე ოთარ ტურაშვილის „კოლომიესთან“ 19:21 დამარცხდა. რუმინეთის ნაკრების ქართველი კვაჭი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში დადეს და 13:6 დაწინაურდნენ. მატჩის განახლებიდან 7 წუთში სტუმრებმა ჯარიმებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, 50-ე წუთზე კი, ჩხუბი ატყდა და რეფერიმ „კოლომიეს“ ორი და „უიონას“ ერთი მორაგბე გაასინბინა. მასპინძლების ჯარიმას ტუმრებმა მომდევნო 10 წუთში ჯარიმით და გერმანელი კრისტოფერ ჰილსენბეკის არეკნით უპასუხეს, თუმცა „უიონამ“ 74-ე წუთზე ჯარიმით ლიდერობა დაიბრუნა - 19:18. ბოლოსწინა წუთზე რამოსმა არცთუ იოლი პოზიციიდან ჯარიმა ძელის გავლით გაიტანა და „კოლომიეს“ მეორე, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ბექა შეყლაშვილის „ალბიმ“ სტუმრად 34:28 მოუგო ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონს“. ქართველ ლეგიონერთაგან მხოლოდ შეყლაშვილმა ითამაშა, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა მოედანზე და სასტარტო შემადგენლობაში იყო. სწორედ შეყლაშვილმა გაჭრა ხაზი მე-7 წუთზე კარის წინ, დაახლოებით 18 მეტრი ირბინა და მეტოქის დაცვა მოარღვია, მერე 22-იან ხაზთან შეტევა მარჯვნივ გაიშალა და ლელოში ფიჯელი გარემარბი ტიმილაი როკოდურუ შევიდა - 10:3.
სტუმრები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და 26-ე წუთის ანგარიში 13:12 ოყო, როდესაც უკვე როკოდურუს დაწყებული შეტევა ლელოთი ტონგელმა დანიელ ფალეაფამ დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 3 წუთში მასპინძელთა კუნძულელი ლეგიონერის ჯერი დადგა, რომლის ლელოს უკვე ზუსტი გარდასახვაც მოყვა და ტაიმი „ნარბონმა“ 19:18 მოიგო. 31-ე წუთზე შეყლაშვილი მცირე ტრავმისთვის შეცვალეს, თუმცა მას 53-ეზე კვლავ მოუწია თამაშში დაბრუნება. ამ დროს მისი გუნდი 21:25 აგებდა, მალე კი, ლელო გაიტანა და 28:25 დაწინაურდა. მასპინძლებმა შეძლეს ჯარიმით ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი თავად გაუშვეს და პრემიაც ვერ აიღეს.
ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“ „ბურგუენს“ 12:6 სძლია. გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 39-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 65-ეზე შეცვალეს. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, შესვენების შემდეგ ორი ზუსტი ჯარიმა მხოლოდ მასპინძლებმა შეასრულეს და 4 სატურნირო ქულა აიღეს.
შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემმა“ სტუმრად „ბიარიცთან“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა - 21:20. სტუმრებმა ორი ლელო გაუშვეს და თავად ერთიც არ გაუტანიათ, მაგრამ კარგად ისარგებლეს მეტოქის უდისციპლინობით. სუთიაშვილი თადარიგში იყო და მოედანზე პირველად მე-7 წუთზე გამოჩნდა, როდესაც ტრავმირებული თანაგუნდელი 7 წუთით ჩაანაცვლა. „ანგულემი“ 24 წუთის შემდეგ 9:0 იგებდა, თუმცა ტაიმი მხოლოდ 3 ქულის სხვაობით მოიგო, მერე 5-წუთიან ინტერვალში ორი ლელო მიიღო და 12:20 ჩამორჩა. მალე შეცვლაზე სუთიაშვილი შევიდა და მისი გამოჩენა გუნდისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. ფედერალ 1-იდან აღზევებულმა გუნდმა, 58-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, კარის წინ 10 მეტრიდან ჯარიმა არ დაარტყა, შერკინება ირჩია და თავად დაჯარიმდა. სამაგიეროდ, არ შეცდა, 66-ე წუთზე, როდესაც მეტოქე მისსავე შერკინებაში დააჯარიმა, 70-ე წუთზე, კარგი გარღვევის შემდეგ, სუთიაშვილი შებოჭეს 22-ში წესების დარღვევით და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, ხოლო 75-ე წუთზე „ანგულემმა“ გამარჯვების ჯარიმა გაიტანა და გულიანად გაიხარა.
გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონმა“ ლაშა ლომიძის „ბეზიეს“ ორი უპასუხო ლელო გაუტანა და 17:9 სძლია. ლომიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. სხვაობა მინიმალური იყო, როდესაც მისმა თანაგუნდელმა საკუთარ 22-ში დაკარგა ბურთი და მასპინძლებმა კონტრშეტევაზე მეორე ლელო დადეს. ანგარიში 17:9 გახდა და სათამაშო კიდევ ნახევარი საათი იყო, თუმცა მალევე „ბეზიეს“ დამრტყმელს 100%-იანი ჯარიმა გაუცუდდა და მერე ანგარიშის შეცვლის რეალური შანსი აღარც ყოფილა.
ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანი“ თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენს“ დაუზავდა - 19:19. სტუმართა შორის მჭედლიძემ შუამარბად სრულად ითამაშა, შესვენების შემდეგ ჩაერთო თამაშში ბურჯი თეთრაშვილი, ხოლო მასპინძელთა მეორეხაზელი მაისურაძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. „აჟენმა“ ტაიმი 13:6 მოიგო და 77-ე წუთისთვის კვლავ 7 ქულას იგებდა, თუმცა ლელო ძელებსშუა გაუშვა და მხოლოდ 2 ქულას დაჯერდა.
ელიზბარ ყუფარაძის „დაქსი“ „პერპინიენს“ ეწვია და 16:14 მოუგო. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. სტუმრები პირველ ტაიმში მოედანზე ორჯერ დარჩნენ კაცნაკლული და 3:11 ჩამორჩნენ. ზედ შესვენების წინ მათ კურიოზული ლელო გაუშვეს - მგეზავს საკუთარ 22-ში ბურთი წინ დაუვარდა. მატჩის განახლებიდან 4 წუთში, მანამდე გასინბინებულმა ფიჯელმა შუამარბმა ნაკალევიმ ხაზი გაჭრა და თანაგუნდელს ლელო დაადებინა. „პერპინიენმა“ ერთ წუთში ჯარიმა გაიტანა, თუმცა „დაქსმა“ იგრძნო რომ შეიძლებოდა, 65-ე და 70-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა და ლიდერთა სამეულში დარჩა.
საფრანგეთი. პრო დ2
უიონა - კოლომიე 19:21
ბიარიცი - ანგულემი 20:21
კარკასონი - ბეზიე 17:9
მონ დე მარსანი - ბურგუენი 12:6
ნარბონი - ალბი 28:34
ვანი - აჟენი 19:19
პერპინიენი - დაქსი 14:16
ორიაკი - მონტობანი 20:12
1. | ორიაკი | 3 | 2 | 0 | 1 | 81:45 | 10 | 2 |
2. | მონ დე მარსანი | 3 | 2 | 0 | 1 | 61:54 | 9 | 1 |
3. | დაქსი | 3 | 2 | 0 | 1 | 65:66 | 9 | 1 |
4. | კოლომიე | 3 | 2 | 0 | 1 | 63:41 | 9 | 1 |
5. | ბეზიე | 3 | 2 | 0 | 1 | 77:56 | 9 | 1 |
6. | ანგულემი | 3 | 2 | 0 | 1 | 54:78 | 8 | 0 |
7. | ვანი | 3 | 1 | 1 | 1 | 64:62 | 7 | 1 |
8. | აჟენი | 3 | 1 | 1 | 1 | 66:73 | 6 | 0 |
9. | ალბი | 3 | 1 | 1 | 1 | 77:87 | 6 | 0 |
10. | კარკასონი | 3 | 1 | 1 | 1 | 43:56 | 6 | 0 |
11. | უიონა | 3 | 1 | 0 | 2 | 83:65 | 6 | 2 |
12. | მონტობანი | 3 | 1 | 0 | 2 | 54:54 | 5 | 1 |
13. | ბიარიცი | 3 | 1 | 0 | 2 | 56:49 | 5 | 1 |
14. | ბურგუენი | 3 | 1 | 0 | 2 | 52:59 | 5 | 1 |
15. | პერპინიენი | 3 | 1 | 0 | 2 | 46:74 | 5 | 1 |
16. | ნარბონი | 3 | 1 | 0 | 2 | 63:86 | 4 | 0 |
IV ტური. 15, 16 და 18 სექტემბერი
აჟენი - ბიარიცი, კოლომიე - ნარბონი, მონტობანი - მონ დე მარსანი, დაქსი - უიონა, ანგულემი - ბეზიე, ბურგუენი - ვანი, ალბი - ორიაკი, კარკასონი - პერპინიენი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია