ირლანდიურმა „კონახტმა“ გასული სეზონი ძლიერად ჩაატარა და პირველად არსებობის ისტორიაში, „კელტების ლიგის“ მემკვიდრე გათამაშების, პრო 12-ის გამარჯვებული გახდა, თუმცა ახალი სეზონის სტარტი კატასტროფული გამოუვიდა.
პირველ ტურში „გლაზგოსგან“ განადგურების შემდეგ, სტადიონზე 5800 მაყურებელი იმ იმედით მივიდა, რომ „კონახტი“ უელსურ „ოსპრეიზს“ მაინც გაუწევდა წინააღმდეგობას, თუმცა დასკვნით 10 წუთში ეს იმედი გაუცრუვდა. მანამდე იყო ბრძოლა და ტაიმის 3:10 წაგების შემდეგ, მასპინძლები 57-ე წუთზე 11:10 დაწინაურდნენ, თუმცა მალე ჯარიმით ჩამორჩნენ, ხოლო დასკვნით 10 წუთში 3 ლელო მიიღეს და 11:32 დამარცხდნენ. სტუმართა პირველი ლელო რის უების ანგარიშზეა, რომელმაც 74-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 71-ე და 77-ე წუთებზე თავი კანადელებმა - ტეილორ არდრონმა და ჯეფრი ჰესლერმა გამოიჩინეს. „ოსპრეიზს“ 2 ტურის შემდეგ ქულთა მაქსიმუმი აქვს.
ქულათა მაქსიმუმი აიღო შოტლანდიურმა „გლაზგომაც“, რომელმაც ამჯერად პრემიით კიდევ ერთი ირლანდიური გუნდი „ლენსტერი“ დაამარცხა - 33:25. 7250-მა მაყურებელმა საინტერესო ბრძოლა იხილა. სტუმრებმა პირველ ტაიმში სამი ლელო დადეს, თავი რობ ქერნიმ, ვან დერ ფლირმა და კირხნერმა გამოიჩინეს, ხოლო მასპინძლებმა ტომი სეიმურის და ტიმ სუინსონის ლელოებით უპასუხეს. მეორე ტაიმში „ლენსტერმა“ ჯარიმით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, თუმცა 2-წუთიანი ჩავარდნა სეიმურის დუბლად დაუჯდა და 22:26 ჩამორჩა. სეიმური მიღწეულზე არ გაჩერდა და სტუმრების 63-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, 73-ეზე თავისი მეოთხე ლელოთი უპასუხა. ამრიგად, „გლაზგოს“ „ოსპრეიზის“ მსგავსად 10 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრების ბურჯის, ანტონ ფეიქრიშვილის გარეშე მოთამაშე ირლანდიურმა „ალსტერმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვება აფრიკელი 9 ნომრის, რუან პიენარის კარგი თამაშის შედეგია. „ალსტერი“ იტალიაში „ბენეტონს“ ხვდებოდა და ლუკ მარშალის ლელოთი დებიუტშივე დაწინაურდა, ხოლო ტაიმი 10:6 მოიგო. 54-ე და 58-ე წუთებზე რობერტ ჰერინგმა და პიენარმა ლელოები დადეს და ანგარიში 22:6 გახდა. ირლანდიელებს მეოთხე, პრემიალური ლელოს დასადებად 20 წუთზე მეტი რჩებოდათ, მაგრამ უკვე გაწითლებულ დროზე ლელო თავად გაუშვეს და პრემია ვერ აიღეს.
მოულოდნელად დამარცხდა ირლანდიური „მანსტერი“, რომელიც „კარდიფს“ მასპინძლობდა. შესვენებამდე ტომ ჯეიმსმა დუბლი შეასრულა და უელსელებმა ტაიმი 17:10 მოიგეს. „მანსტერმა“ თავისი მეორე ლელო 62-ე წუთზე დადო და 20:17 დაწინაურდა, თუმცა 6 წუთში მესამე ლელო თავად გაუშვა და კვლავ ჩამორჩა. 72-ე წუთზე კითლიმ ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ქულის აღება ვეღარ შეძლო და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.
„ედინბურგმა“ „სკარლეტს“ ლელო არ დაადებინა, თავად ორი გაიტანა და 20:9 იმარჯვა, ხოლო აუტსაიდერების დავაში უელსურმა „ნიუპორტმა“ მცირედით სძლია იტალიურ „ძებრეს“ - 11:6.
პრო 12. II ტური
ნიუპორტი (უელსი) - ძებრე (იტალია) 11:6
ედინბურგი (შოტლანდია) - სკარლეტსი (უელსი) 20:9
მანსტერი (ირლანდია) - კარდიფი (უელსი) 23:24
გლაზგო (შოტლანდია) - ლენსტერი (ირლანდია) 33:25
ბენეტონი (იტალია) - ალსტერი (ირლანდია) 11:22
კონახტი (ირლანდია) - ოსპრეიზი (უელსი) 11:32
1. | ოსპრეიზი | 2 | 2 | 0 | 0 | 91:16 | 10 | 2 |
2. | გლაზგო | 2 | 2 | 0 | 0 | 74:30 | 10 | 2 |
3. | ალსტერი | 2 | 2 | 0 | 0 | 51:19 | 9 | 1 |
4. | კარდიფი | 2 | 2 | 0 | 0 | 58:39 | 9 | 1 |
5. | მანსტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 46:37 | 5 | 1 |
6. | ლენსტერი | 2 | 1 | 0 | 1 | 45:41 | 4 | 0 |
7. | ედინბურგი | 2 | 1 | 0 | 1 | 36:43 | 4 | 0 |
8. | ნიუპორტი | 2 | 1 | 0 | 1 | 19:35 | 4 | 0 |
9. | ძებრე | 2 | 0 | 0 | 2 | 11:70 | 1 | 1 |
10. | სკარლეტსი | 2 | 0 | 0 | 2 | 22:43 | 0 | 0 |
11. | ბენეტონ ტრევიზო | 2 | 0 | 0 | 2 | 19:42 | 0 | 0 |
12. | კონახტი | 2 | 0 | 0 | 2 | 16:73 | 0 | 0 |
III ტური. 16-17 სექტემბერი
კარდიფი - გლაზგო, ალსტერი - სკარლეტსი, ედინბურგი - ლენსტერი, ძებრე - კონახტი, ნიუპორტი - მანსტერი, ოსპრეიზი - ბენეტონი
ზურა ქოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია