ტოპ 14

18:44 | 12.09.2016 | ნანახია 3430 - ჯერ

კარგი ტური ტოპ 14-ში: 2 ლელო და დებიუტი

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მეოთხე ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. სეზონის ქართული ანგარიში დავით ზირაქაშვილმა ლელოთი გახსნა და მეორე დღეს მას მხარი კარლენ ასიეშვილმა აუბა, ხოლო „ბორჯღალოსანთა“ 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს, ელიტაში დებიუტი ჰქონდა.

მთლიანობაში, ტური უხეში, თუმცა შედეგიანი გამოდგა. 7 თამაშში ჯამში 35 ლელო დაიდო, საშუალოდ 5 თითო შეხვედრაში, დამრტყმელებმა 29 გარდასახვა და 48 ჯარიმა შეასრულეს, 2-ჯერ კი, არეკნით აიღეს 3-3 ქულა. ყველაზე მეტი, 3 ლელო „კლერმონელმა“ ნოა ნაკაიტასიმ დადო, თანაც ჩემპიონ „რასინგთან“. ზემოთ უხეშობა ვახსენეთ და მასობრივი ჩხუბის ფონზე, ჯამში 7 თამაშში მსაჯებმა 4 მორაგბე წითელი, 15 კი ყვითელი ბარათით გააძევეს. სასიამოვნოა, რომ ასეთ ფონზე ბარათით არცერთი ქართველი დასჯილა. 6-მა მათგანმა შეხვედრები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო სამი შეცვლაზე შევიდა. და ერთიც, გასულ სამ ტურში მინიმუმ ერთი თამაში მაინც ფრედ სრულდებოდა, ამჯერად კი, რაგბისათვის იშვიათი შედეგი აღარ დაფიქსირებულა.

მე-4 ტურის პირველ მატჩში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსემ“ „კასტრს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 29:25 დაამარცხა. საწყის 20 წუთში ჟიულ პლისონმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები 10:0 დააწინაურა. შესვენებამდე პარიზელთაგან ერთი ჯარიმა ჟულიენ დიუპიმაც გაიტანა, ხოლო სტუმრებმა არგენტინელი ბენჟამინ ურდაპილეტას სამი ჯარიმით უპასუხეს - 13:9.

მეორე ტაიმი „სტად ფრანსეს“ ორი ჯარიმით გაიხსნა, მაგრამ მერე მათ ბონევალი სინბინით, ხოლო პლისონი 58-ე წუთზე წითელი ბარათით დაკარგეს - ის წაქცეულ მოწინააღმდეგეს სასტვენის შემდეგ დაახტა და უხეშობისთვის დაისაჯა. „კასტრმა“ 55-ე და 62-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა, ხოლო 65-ეზე სამოელ დევიდ სმიტზე ბოჭვა გაცუდდა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა - 22:19 სტუმრების სასარგებლოდ. მასპინძლებმა სამ წუთში შეძლეს საპასუხო ლელოს დადება და გარდასახვაც ზუსტი იყო, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და პარიზელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიემ“ „პოს“ ორ ლელოს ხუთით უპასუხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სამმა ქართველმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ბურჯები ნარიაშვილი და ქუბრიაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორეხაზელმა მიქაუტაძემ მოედანზე 73 წუთი გაატარა. ქუბრიაშვილმა ორჯერ შეუტია და ჯამში 6 მეტრით წაწია ბურთი, 2 პასი გააკეთა და 1 ბოჭვა გაუცუდდა; ნარიაშვილმა ერთხელ შეუტია წინსვლის გარეშე და 3 ბოჭვა შეასრულა, 3-ჯერ კი, დაჯარიმდა; მიქაუტაძემ ორჯერ მოიგო მეტოქის დერეფანი და 7 ბოჭვა შეასრულა.

პირველი ლელო მასპინძლებმა ლამაზი შეტევის შედეგად დადეს, რომლის დროსაც რამდენიმე ოფლოუდი და ზურგსუკან პასი შესრულდა, 22-ე წუთზე სტუმრები 5-მეტრა შერკინებაში დაისაჯნენ, რაშიც ქართველების უდიდესი დამსახურებაა და რეფერიმაც საჯარიმო ლელო ჩასტვინა. 26-ე წუთზე „პომ“ ერთი ლელო გაქვითა, ტაიმის მიწურულს ქუბრიაშვილმა შერკინებაში მეტოქე დაჯაბნა და ის სინბინში გაამგზავრა, ხოლო მისმა გუნდმა მესამე ლელო შეიტანა - 24:8.

67-ე წუთზე „მონპელიემ“ მიქაუტაძესთან ერთად მოლით იარა და მორღვეული დაცვა მარვინ ოკონორმა გაარღვია, თუმცა 5 წუთში „პომ“ თავისი მეორე ლელო დადო და მასპინძლები პრემიის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. სულ ბოლოს „მონპელიეს“ შერკინებამ მეტოქისა ერთხელაც მოარღვია და საჯარიმო ლელომ საბოლოო შედეგთან ერთად მასპინძლებს პრემიალური ქულაც დაუფიქსირა.

პრემიალური ქულით იმარჯვა ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონთან“ - 43:18. ყაულაშვილმა ამ სეზონში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, შესვენებისას შეცვალეს და დასკვნით 2 წუთში კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება. ქართველმა ბურჯმა 4 მიძალებით ჯამში 6 მეტრი მოიგო, 5 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა. მატჩის პირველ ტაიმში მასპინძლები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით, ხოლო მეორეში ყვითელი ბარათი სტუმართა ორმა მორაგბემ მიიღო.

სტუმრებმა 18-ვე ქულა პირველ ტაიმში, ჯარიმებით აიღეს. ამ 40 წუთში „ლა როშელმა“ ერთი ლამაზი ლელო დადო და გარდასახვის გარდა ოთხი ჯარიმაც გაიტანა - 19:18. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო დადეს და აქედან ორი ფიჯელი ფულბეკის, კინი მურიმურივალუს ანგარიშზეა, ხოლო მესამე მის ფეხით გადაკიდებას მოყვა.

დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ „ბორდოს“ ქართველი ბურჯის გარეშე ეწვია და 20:40 დამარცხდა. თამაშში 6 ლელო გავიდა - 4 მასპინძლებმა და ორი სტუმრებმა დადეს და პრემიაც არავის შეხვდა. „ბორდო“ მთელი თამაში წინ იყო და პრემიასთანაც ახლოს იყო, რადგან 69-ე და 74-ე წუთებზე მესამე და მეოთხე ლელო დადო, მაგრამ საკუთარი ჩათვლის მოედანი ვერ დაიცვა და მეორე ლელო 78-ე წუთზე გაუშვა.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“ ჩემპიონ „რასინგს“ 6 ლელო დაუდო, 47:10 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ასეთი შედეგის მიზეზი, „ვულკანების“ ძლიერ თამაშთან ერთად, პარიზელთა შესუსტებული შემადგენლობაცაა. ისინი მეტოქეს დენ კარტერის, ხუან იმჰოფის, დმიტრი შარჟევსკის და ჯო როკოკოკოს გარეშე ეწვივნენ და მკაცრად დაისაჯნენ. ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 57 წუთი ითამაშა და ლელო შეცვლამდე ერთი წუთით ადრე დაამიწა. ის ძალიან კარგად იდგა შერკინებაში და 35-ე წუთზე ამას სამოელი ბურჯი, ვილიამ აფატია შეეწირა, რომელიც სინბინით დაისაჯა.

მთლიანობაში, ზირაქაშვილმა ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა და ზემოთნახსენები ფაქტების გარდა, 4 შეტევით ჯამში 17 მეტრი მოიგო, ერთხელ მბოჭავი ჩამოიცილა და 2 პასი გააკეთა. მის ანგარიშზეა 6 ბოჭვა და ერთი გაუცუდდა. რაც შეეხება ლელოებს, მე-15 წუთზე ნაკაიტასი მცველებს ბრწყინვალე ფინტებით გაცდა, 24-ე წუთზე ფეხით ჩაკიდებულ ბურთს უესლი ფოფანა დაამიწებდა, რომ არა ვული ვული, რომელიც მას უბურთოდ ეთამაშა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა. 27-ე წუთზე ზირაქაშვილმა შეტევის მიმართულება შეცვალა, კამი ლოპესმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ფეხით გადაიკიდა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა - 27:0.

შესვენებამდე სტუმრებმა მხოლოდ ჯარიმით უპასუხეს, თამაშის განახლების შემდეგ ლოპესმა არეკნი შეაგდო, ხოლო 51-ე წუთზე ნაკაიტასი ვული ვულიმ ვერ შებოჭა და ფრანგული პასპორტის მქონე ფიჯელმა მეორე ლელო დადო. მერე ზირაქაშვილის ჯერი დადგა, რომელმაც ახლოდან ძლიერად დაარტყა და ბურთი დაამიწა, ხოლო 65-ეზე ნაკაიტასიმ ჰეთ თრიკი შეასრულა - 47:3. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო „რასინგმა“ ერთი ლელოს დადება, თუმცა მას აღარაფერი შეუცვლია.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივი“ სტუმრად „გრენობლთან“ 23:36 დამარცხდა და ერთპიროვნული ლიდერობა „ლა როშელს“ გადაუნაცვლა. „გრენობლისთვის“ ეს პირველი გამარჯვება იყო ამ სეზონში. ამ მატჩში შედგა ლობჟანიძის დებიუტი ტოპ 14-ში და მან შეცვლაზე 10 წუთი ითამაშა. ქართველმა 9 ნომერმა ამ დონეზე პირველად ითამაშა და ვასოს ანგარიშზე 3 ბოჭვაა. მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ასიეშვილმა და ძალიან კარგი იყო.მან 40 წუთში 3 შეტევით 16 მეტრი მოიგო, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და სამი მბოჭავი გააბითურა. მის ანგარიშზე 4 ბოჭვაა.

ჯარიმების გაცვლის შემდეგ, სტუმრებმა ლელო დადეს და 10:3 დაწინაურდნენ, 21-ე წუთზე თავად მიიღეს ლელო, ხოლო შესვენებამდე ორი წუთით ადრე მეორე ლელო მიიღეს და 13:20 ჩამორჩნენ. შესვენებამდე გუნდებმა ჩხუბი მოასწრეს და მასპინძელთა ორი და სტუმართა ერთი მორაგბე წითელი ბარათით დაისაჯა. ანგარიში 26:16 იყო და 57-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ასიეშვილმა ჩათვლის მოედნიდან 15 მეტრში მიიღო ბურთი, ხაზი გაჭრა, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელომდე გზა ბრძოლით გაიკვლია - 26:23. მაგრამ 63-ე წუთზე „ბრივის“ შეცდომით მასპინძლებმა ისარგებლეს და ლელო-გარდასახვით 10-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს, სულ ბოლოს ჯარიმით კიდევ 3 ქულა აიღეს და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმეს.

მეორე დღის ცენტრალურ მატჩში ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონს“ მასპინძლობდა. ტულონელები სეზონი არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და 32:15 მოიგეს. მასპინძლებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს, მაშინ, როდესაც სტუმრებმა 3 ლელო დადეს, ბოლო უკანასკნელ წუთზე და შინ პრემიალური ქულაც წაიღეს.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების მეორე ხაზში 68 წუთი ითამაშა გორგოძემ. მან 4 შეტევით 3 მეტრით წაწია ბურთი, შეუდარებელი იყო დაცვაში და მატჩში, ორივე გუნდის შემადგენლობაში, ყველაზე მეტი ბოჭვა შეასრულა - 15. შავი სამუშაოს შესრულების და აქტიურობოს ფონზე, ის 2-ჯერ დაჯარიმდა. 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ჩილაჩავამ, 4 შეტევით 2 მეტრი მოიგო, 4 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა.

პირველი ლელო 21-ე წუთზე გირადომ მოლით დადო და მასში გორგოძის წვლილიცაა. ტაიმის ბოლოს მამუკამ საკუთარი ლელოს სიახლოვეს მეტოქეს ბოჭვით ბურთი ხელიდან გააგდებინა, „ტულონმა“ კონტრშეტევა წამოიწყო და ის ლელოთი არანდამ დაასრულა - 18:9. მეორე ტაიმში მასპინძელთა ორ ჯარიმას ლეიგ ჰალფპენიმ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა, 75-ეზე ტრინ-დუკმა არეკნი გაიტანა, ხოლო გაწითლებულ დროზე ოლივონმა მესამე, პრემიალური ლელო დაამიწა.

საფრანგეთი. ტოპ 14. IV ტური

სტად ფრანსე - კასტრი 29:25

მონპელიე - პო 41:13

ლა როშელი - ლიონი 43:18

ბორდო - ბეიონი 40:20

კლერმონი - რასინგი 47:10

გრენობლი - ბრივი 36:23

ტულუზი - ტულონი 15:32

1.

ლა როშელი

4

3

1

0

121:85

15

1

2.

კლერმონი

4

2

2

0

133:92

13

1

3.

სტად ფრანსე

4

2

1

1

133:103

11

1

4.

ტულონი

4

2

0

2

98:86

11

3

5.

მონპელიე

4

2

0

2

107:74

10

2

6.

ბრივი

4

2

1

1

91:92

10

0

7.

ბორდო

4

2

0

2

87:83

9

1

8.

რასინგი

4

2

0

2

76:92

9

1

9.

ტულუზი

4

2

0

2

71:89

8

0

10.

კასტრი

4

1

1

2

83:78

7

1

11.

ლიონი

4

1

1

2

81:100

7

1

12.

პო

4

1

0

3

67:100

6

2

13.

ბეიონი

4

1

1

2

69:100

6

0

14.

გრენობლი

4

1

0

3

88:131

5

1

V ტური. 17-18 სექტემბერი

ლიონი - ტულუზი, ბეიონი - მონპელიე, პო - სტად ფრანსე, ბრივი - ლა როშელი, კლერმონი - ბორდო, კასტრი - გრენობლი, რასინგი - ტულონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:11 | 12.09.2016
mindia (74)

ცხრა ნომერი ტოპ-ში, მიღწევაა ქართული რაგბის.

10:27 | 13.09.2016
BEERTRANCE (1073)

და იმედია უკანა ხაზელებიც გამოჩNდებიან.

0.121392