ზე-18

22:46 | 8.04.2016 | ნანახია 1093 - ჯერ

„ფორსი“ ბოლოში გატყდა (+ვიდეო)

სუპერ რაგბის მეშვიდე ტურის მეორე მატჩი ავსტრალიის ქალაქ პერთში გაიმართა, სადაც ახალზელანდიური „კრუსეიდერსი“ ტურნირის აუტსაიდერს, „ფორსს“ ესტუმრა და დასკვნით წუთებში განსაკუთრებული მონდომების ხარჯზე, მინიმალური სხვაობით იმარჯვა - 20:19.

მატჩში ფავორიტებად სტუმრები ითვლებოდნენ, რომელთაც დღევანდელ მატჩამდე მხოლოდ ერთი წაგება ჰქონდათ, ხოლო „ფორსს“ ერთი გამარჯვება ეწერა აქტივში. მაგრამ მასპინძლებმა სტუმრებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და მეორე გამარჯვებამდე სულ რამდენიმე წუთი დააკლდათ.

პირველი ნახევარი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა და მატჩის პირველი ლელო მე-5 წუთზე „კრუსეიდერსის“ ჰავბეკმა მიჩელ დრამონდმა რვაფაზიანი შეტევის შედეგად დადო. შემდეგ მასპინძლების ორი ზუსტად შესრულებული ჯარიმის წილ, „ჯვაროსნების“ მგეზავმა რიჩი მოუნგამ ერთი გაიტანა, ხოლო 28-ე წუთზე ზელანდიელებმა მეორე ლელო დადეს - მარჯვენა ფლანგზე ბურთი კარგად ჩათამაშდა, იქ „ჯვაროსანთა“ კვაჭმა კოდი ტეილორმა ლამაზად ამოუგდო ბურთი გარემარბ მაკნიკოლს და ტაიმი 6:13 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ფორსის“ მორაგბეები უკეთ გამოიყურებოდნენ და ეს ანაგრიშშიც ასახეს: 43-ე და 53-ე წუთებზე მასპინძელთა მგეზავმა პიტერ გრანტმა ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, 61-ე წუთზე კი, „კრუსეიდერსის“ მორაგბეებმა ცენტრში დაკარგეს ბურთი, რითაც ჯუნიორ რასოლეამ ისარგებლა, ოვალი აიღო და მეტოქის ხუთმეტრიან ხაზამდე ირბინა, იქ მას თანაგუნდელები წამოეშველნენ და რაიან ლოურენსის ლელოც ვიხილეთ. ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლები 19:13 დაწინაურდანენ.

„ფორსი“ ხმაურიან გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სტუმრებმა მაღალი კლასი გამოავლინეს და მსაჯის სასტვენამდე ორი წუთით ადრე გადამწყვეტი ლელოს დადება მოახერხეს - მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან თავისი დერეფანი მოიგეს და მოლი შეკრეს, მართალია მასპინძლებმა მოლის შეჩერება შეძლეს, თუმცა მესამეხაზელ ჯორდან ტაუფიას მიძალებას ვეღარაფერი დაუპირისპირეს და სხვაობა ერთ ქულამდე დავიდა -19:18. მოუნგას, რომელსაც მანამდე ორივე გარდასახვა გაფუჭებული ჰქონდა, კარგი დასარტყმელი პოზიცია ჰქონდა, ნერვებმა არ უმტყუნა და ზელანდიელებს დაგეგმილი, მაგრამ მძიმე გამარჯვება მოუტანა.

ამრიგად, მიმდინარე სეზონის სადებიუტო მატჩში მარცხის შემდეგ, „კრუსეიდერსზმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და ლიდერთა შორისაა, ხოლო „ფორსს“ შვიდ ჯახში ექვსი წაგება დაუგროვდა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078722