დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე ტური დღეს თბილისში გამართული ორი შეხვედრით დასრულდა. გორის „ჯიქის“ დარად, ზედიზედ მეორე გამარჯვებები მოიპოვეს და დაუმარცხებლები რჩებიან თბილისის „ლელო-სარასენსი“ და ქუთაისის „აია“.
საქართველოს ჩემპიონმა დიდ დიღომში „არმაზს“ უმასპინძლა, 4 უპასუხო ლელო დაუდო და 30:9 მოგებასთან ერთად, პრემიალური ქულაც ჩაიწერა. „ლელო-სარასენმა“, „ჯიქის“ მსგავსად, ორივე თამაში პრემიით მოიგო და ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა, ჯამში 7 ლელო დადო და საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებლად შეინახა.
დაძაბული გამოდგა მატჩი „შევარდენზე“, სადაც ბოლნისის „ყოჩები“ ქუთაისის „აიას“ მასპინძლობდა. აქ მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გაიხარა იმან, ვინც ნაკლები შეცდომა დაუშვა, ასეთი კი, „აია“ იყო. სეზონის სტარტზე ქუთაისელებმაც ორივე თამაში მოიგეს, ოღონდ ლიდერებისგან განსხვავებით პრემიალური ქულა ერთხელაც ვერ აიღეს და მათ ამ ეტაპზე 2-2 ქულით ჩამორჩებიან.
გუნდებმა თამაში მშვიდად დაიწყეს, ანგარიშის გახსნის შანსი სტუმრებმა მიიღეს, მაგრამ ბაბუნაშვილმა შორიდან მიზანს ვერ მიაღწია. პირველი უხეში შეცდომა ქუთაისელებმა დაუშვეს, მათ წნეხის ქვეშ მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი, ჩხიკვაძის მიძალება ლელოდან დაახლოებით 10 მეტრში შეაჩერეს, თუმცა მასპინძლებმა ოვალი მარცხენა კიდემდე სწრაფად ჩაათამაშეს და ლელო მელაძემ დაამიწა. ჯინაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და 5:0 მე-12 წუთზე.
მთლიანობაში, ორივე გუნდის მოთამაშეები შეცდომებს მრავლად უშვებდნენ და გატანილი ლელოს შემდეგ, ბოლნისელების ჯერი დადგა. შეცდომების სერიის შემდეგ, ისინი გაშვებულ ლელოს გადარჩნენ, თუმცა დაჯარიმდნენ და ბაბუნაშვილმა კარის წინ 24 მეტრიდან გაიტანა. თამაში რომ განახლდა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, საკუთარი ნახევრის 10-მეტრიანთან 7-კაცა ნაკრების მორაგბე დავით ლოსაბერიძემ მიიღო და დაიძრა. ფლანგი დაცული არ იყო, მერე შემტევზე ბოჭვებიც გაცუდდა და „ლუიმ“ 60-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 5:8.
33-ე წუთზე ქუთაისელებმა დერეფანში დაკარგეს ბურთი. ამ კომპონენტში მათ შეცდომები მრავლად ჰქონდათ, კონკრეტულად იმ ეპიზოდში კი, კონტრშეტევა კარის წინ 15 მეტრში ჯარიმით შეაჩერეს და ჯონაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ამას „ყოჩების“ შეცდომების მორიგი სერია მოყვა, ჯერ ცენტრთან ბურთი დაიკარგა, მერე ფეხით შეცურებული მცველებმა 22-ის ხაზთან ვერ დაიმორჩილეს და ამით ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა და ტაიმი „აიამ“ 15:8 მოიგო.
პირველ ტაიმში ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა - საქართველოს ნაკრების 9 ნომერი გიორგი ბეგაძე დებიუტშივე დაშავდა, მან ნეკნი იტკინა და 27-ე წუთზე იძულებული გახდა მოედანა დაეტოვებინა. შედეგად, „ყოჩები“ მოედანზე ნომინალური 9 ნომრის გარეშე დარჩნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში ჯინაშვილს ჩამორჩენის შემცირების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 22-23 მეტრიდან, გასატანი პოზიციიდან ბურთი კარს ააცილა. ამას მოყვა გაუთავებელი შეჩერებები, ტრავმები, შეცვლები, ისედაც არცთუ მაღალი ტემპი სულ მთლად დავარდა, დასკვნით 10 წუთში კი, გუნდებმა იფეთქეს და მაყურებელმაც ორი ლელო იხილა.
73-ე წუთზე ქუთაისელებმა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს და იერიში ფლანგთან მანაგაძემ დაასრულა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა „აიას“ პრემიალური ქულის აღების შანსი გაუჩნდა და ამისთვის კიდევ ერთი ლელო უნდა გაეტანა. მაგრამ მალევე მათ სინბინით შალამბერიძე დაკარგეს, ბოლნისელებმაც მოინდომეს და დასკვნითმა წუთებმა მათ იერიშებში ჩაიარა.
„ყოჩებს“ მანამდეც ჰქონდა კარგი შესატევი პლაცდარმები, მეტოქის 22-ში, ზედ კარის წინ სამი შერკინება და ამით ვერ ისარგებლა, 77-ე წუთზე კი, გაჩეჩილაძემ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ხაზი გაჭრა, მბოჭავსაც გაექცა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, ხოლო გეგენავამ იქვე არეკნით გარდასახა - 15:20 და სათამაშოდ დაახლოებით 3 წუთი რჩებოდა. მოგების შანსის დაბრუნებამ მასპინძლების მონდომება გაათმაგა და დარტყმებით „ყოჩები“ „აიას“ ლელოს 2 მეტრამდე მიუახლოვდა, თუმცა, როგორც საქართველოს ჩემპიონატში ხშირად ხდება ხოლმე, იქ დაჯარიმდა და ქუთაისმა 20:15 იმარჯვა.
2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10
II ტური. 11 სექტემბერი
თბილისი. „ლელო-არენა“
ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 30:9
თბილისი. „შევარდენი“. 1000 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი) 15:20 (8:15)
ყოჩები: 15. გეგენავა, 14. მელაძე, 13. ცირეკიძე, 12. ხარშილაძე, 11. ნიჟარაძე (22. გულმაგარაშვილი 51; 23. ნიკოლაშვილი 78), 10. ჯინაშვილი, 9. ბეგაძე (კაპ.) (21. გარუჩავა 27); 1. ჯინჭარაძე (17. ცუცქირიძე 56), 2. მამუკაშვილი (16. პირმისაშვილი 75), 3. ხოსიტაშვილი (18. ჯაშიტაშვილი 41), 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე (20. გუგეშაშვილი 72), 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე (19. აფციაური 56).
2 ლელო: მელაძე, გაჩეჩილაძე
1 გარდასახვა: გეგენავა
1 ჯარიმა: ჯინაშვილი
აია: 15. მოდებაძე, 14. მანაგაძე, 13. ძნელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი (22. აბჟანდაძე 30), 9. როხვაძე (21. თუთბერიძე 63); 1. რატიაშვილი (18. წაქაძე 51), 2. ერემეაშვილი (17. ცქიფურიშვილი 50), 3. ხარებავა (16. სალდაძე 34), 4. რევიშვილი (23. სინაურიძე 67), 5. შალამბერიძე (კაპ.), 6. გორგასლიძე, 7. დანგაძე (20. მღებრიშვილი 45), 8. ლოსაბერიძე (19. ჩიტეიშვილი 50).
3 ლელო: ლოსაბერიძე, ძნელაძე, მანაგაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: ბაბუნაშვილი
1 სინბინი: შალამბერიძე
11/09 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 2 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 51:03 | +48 | 7/0 | 10 | |
2 | 2 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 51:24 | +27 | 7/0 | 10 | |
3 | 2 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 36:24 | +12 | 4/2 | 8 | |
4 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 38:26 | +12 | 4/2 | 5 | |
5 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 30:32 | -2 | 2/2 | 5 | |
6 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 26:37 | -11 | 2/5 | 4 | |
7 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 22:35 | -13 | 1/4 | 4 | |
8 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 31:42 | -11 | 1/5 | 2 | |
9 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 0 | 23:46 | -23 | 3/5 | 1 | |
10 | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 16:55 | -39 | 1/7 | 0 |
III ტური. 17-18 სექტემბერი
არმაზი - ბაგრატი, ბათუმი - ყოჩები, აია - ჯიქი, აკადემია - ლოკომოტივი, არმია - ლელო-სარასენსი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინმემ ხომ არ იცის სად არიან და რატომ არ არიან "ლელო"-ს განაცხადში ირაკლი ყიასაშვილი და სანდრო თოდუა? მათ არც პირველი თამაშში არ უთამაშიათ
ასევე მაინტერესებს როდის იქნება მზად სათამაშოდ მეკო (მასზე დაიწერა რომ "ლელოში" ჩაირიცხა თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ჯერ არ თამაშობსო)
ნელ - ნელა ხურდება ჩემპიონატი.