დიდი 10

10:17 | 11.09.2016 | ნანახია 2036 - ჯერ

თბილისში ორი მატჩია

დიდი 10-ის მეორე ტური დღეს ორი მატჩით დასრულდება და ორივეს თბილისი უმასპინძლებს. პირველი 16 საათზე დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ დაიწყება და მასში ქვეყნის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ „არმაზს“ უმასპინძლებს.

პირველ ტურში „ლელო-სარასენსი“ დიდი 10-ის დებიუტანტ „ბაგრატს“ ქუთაისში ეწვია, პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეორეში მეტოქეს წამოწევის საშუალება მისცა - 21:15. სხვაობა მცირეა, თუმცა ჩემპიონმა ქულები ლელო-გარდასახვებით მოიპოვა, საკუთარი ჩათვლის მოედანი ხელუხლებელი შეინახა და შინ 5 სატურნირო ქულით დაბრუნდა. ერთი კვირის წინ, „არმაზი“ „ლოკომოტივს“ ეთამაშა და 7:25 დამარცხდა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა სახეცვლილი. ეს გასაკვირი არცაა, სეზონის სტარტია და მწვრთნელებს გრძელი სეზონის წინ მოთამაშეების საქმეში ხილვა სურთ. „ლელო-სარასენსმა“ უკანა და ნახევარდაცვის ხაზში ორი, ხოლო შერკინებაში სამი ცვლილება განახორციელა. 9 ნომრად აფრასიძის ნაცვლად თამაშს მინდიაშვილი იწყებს, ხოლო შუამარბის პოზიციაზე გავაშელიშვილის ადგილს ხეცურიანი დაიკავებს. შეიცვალა კვაჭი და ბურჯი - ჭყოიძე ლომთაძით, ხოლო მჭედლიძე ქართველიშვილით. მეორე ხაზში იორდანიშვილის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ჭეიშვილს ვიხილავთ.

„არმაზში“ ცვლილებებთან ერთად პოზიციური გადაადგილებებიცაა. 15 ნომრად მოთამაშე პერანიძე მგეზავად გადადის, მის ადგილს გარემარბი გიორგაძე დაიკავებს, ხოლო ფლანგზე მაჩხანელი დადგება. მთლიანად შეიცვალა შერკინების პირველი ხაზი ჯიბლაძის, ხუროშვილისა და გაგნიძის ნაცვლად, მეტოქის შერკინების პირველი დარტყმის შეკავება ესართიას, ჩომახაშვილს და ვაშაკიძეს მოუწევთ. მეორე ხაზში კაჭარავას ნაცვლად ფრიდონიშვილი გამოჩნდა, ხოლო მესამეში ბერაძე და სოსელია ხუროშვილმა და მამამთავრიშვილმა ჩაანაცვლეს.

17 საათზე „შევარდენზე“ იწყება ბოლნისის „ყოჩებისა“ და ქუთაისის „აიას“ შეხვედრა. ქუთაისელებმა პირველ ტურში „ბათუმი“ მიიღეს და 16:9 სძლიეს. შედეგად, მწვრთნელმა გამარჯვებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა მხოლოდ ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა - შერკინების მეორე ხაზში მაჩალაძის ნაცვლად თამაშს რევიშვილი იწყებს.

„ყოჩები“ „აკადემიასთან“ უშანსოდ, 8:26 დამარცხდა და შემადგენლობაშიც ახალი სახეები შედარებით მრავლადაა. შერკინების პირველ ხაზში შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ჯინჭარაძე და ხოსიტაშვილი იწყებენ, ცუცქირიძემ და ჯაშიტაშვილმა თადარიგში გადაინაცვლეს, ხოლო მესამე ხაზში გუგეშაშვილის ნაცვლად გაჩეჩილაძე გამოჩნდა. მგეზავად თამაშს ჯინაშვილი იწყებს, ის ახალგაზრდა გულმაგარაშვილის ადგილს დაიკავებს, ხოლო ხიდეშელის ნაცვლად შუამარბად ცირეკიძე გადავა. ფლანგზე მის ადგილს ნიჟარაძე დაიკავებს.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

II ტური. 11 სექტემბერი

თბილისი. „ლელო-არენა“. 16:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

ლელო-სარასენსი: 15. ბარკალაია, 14. ხეცოიძე, 13. ხეცურიანი, 12. კვესელაძე, 11. ზაალიშვილი, 10. ხმალაძე (კაპ.), 9. მინდიაშვილი; 1. ჯულაყიძე, 2. ლომთაძე, 3. ქართველიშვილი, 4. ჭეიშვილი, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. სურგულაძე, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ჭყოიძე, 17. მარგალიტაძე, 18. დუგლაძე, 19. ხორბალაძე, 20. იორდანიშვილი, 21. აფრასიძე, 22. ჩიტიძე, 23. ტაბუცაძე.

არმაზი: 15. გიორგაძე, 14. სვანიძე, 13. ლიპარტელიანი, 12. გიგაური, 11. მაჩხანელი, 10. პერანიძე, 9. დვალიშვილი; 1. ესართია, 2. ჩომახაშვილი, 3. ვაშაკიძე, 4. ჯიმშელეიშვილი, 5. ფრიდონიშვილი, 6. ხუროშვილი, 7. მამამთავრიშვილი, 8. მინაშვილი (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ჯიბლაძე, 17. ფხაკაძე, 18. გაგნიძე, 19. კაჭარავა, 20. ჭურაძე, 21. მჟავანაძე, 22. ხურცილავა, 23. შალიკაშვილი.

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - აია (ქუთაისი)

ყოჩები: 15. ირაკლი გეგენავა, 14. გიორგი მელაძე, 13. ნიკა ცირეკიძე, 12. გიორგი ხარშილაძე, 11. სანდრო ნიჟარაძე, 10. რამაზ ჯინაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.); 1. თეიმურაზ ჯინჭარაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. გურამ გოგიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. ლევან პირმისაშვილი, 17. გიორგი ცუცქირიძე, 18. გიორგი ჯაშიტაშვილი, 19. ნიკო აფციაური, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. რატი გარუჩავა, 22. გიგა გულმაგარაშვილი, 23. ზაურ ნიკოლაშვილი.

აია: 15. მოდებაძე, 14. მანაგაძე, 13. ძნელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. აბრამიძე, 10. ბაბუნაშვილი, 9. როხვაძე; 1. რატიაშვილი, 2. ერემეაშვილი, 3. ხარებავა, 4. რევიშვილი, 5. შალამბერიძე (კაპ.), 6. გორგასლიძე, 7. დანგაძე, 8. ლოსაბერიძე.

სათადარიგოები: 16. სალდაძე, 17. ცქიფურიშვილი, 18. წაქაძე, 19. ჭიტეიშვილი, 20. მღებრიშვილი, 21. თუთბერიძე, 22. აბჟანდაძე, 23. სინაურიძე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:00 | 12.09.2016
buratino (480)

ვინმემ ხომ არ იცის სად არის და რატომ არაა "ლელო"-ს განაცხადში ირაკლი ყიასაშვილი? მას არც პირველი თამაში არ უთამაშია

14:02 | 12.09.2016
buratino (480)

ასევე მაინტერესებს სადაა სანდრო თოდუა და როდის იქნება მზად სათამაშოდ მეკო (მასზე დაიწერა რომ "ლელოში" ჩაირიცხა თუმცა ცნობილი მიზეზების გამო ჯერ არ თამაშობსო)

16:50 | 11.09.2016
kommarkos (35)

ესეიგი ჭეიშვილი ნორტჰემპტონსი არ გადასულა?

0.118806