4 ერი

14:32 | 10.09.2016 | ნანახია 3374 - ჯერ

რეკორდები - ნუ გააბრაზებთ „ოლ ბლექსს“

არგენტინის ნაკრებმა „ოლ ბლექსთან“ ჰამილტონში 50 წუთი გამორჩეული თამაში აჩვენა და კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში მასპინძლები სრული სიმძლავრით ამოქმედდნენ და „რაგბი ჩემპიონშიპში“ ზედიზედ მესამე პრემიალური გამარჯვება მოიპოვეს - 57:22.

პირველ ტაიმში არგენტინა ორგანიზებულად თამაშობდა და თანმიმდევრულად უტევდა, ხოლო ახალ ზელანდიას დისციპლინა არ უვარგოდა, რითაც ნიკოლას სანჩესი სარგებლობდა. სამაგიეროდ, ზელანდიელთა ინდივიდუალური ოსტატობა მეტოქისას აღემატებოდა და შესვენებამდე ერთის წილ სამი ლელო დაიდო. ტაიმის 19:24 წაგების შემდეგ, სანჩესმა ჯარიმით ჩამორჩენა ერთხელაც შეამცირა, თუმცა „ოლ ბლექსის“ სათადარიგოებმა შეხვედრის გარდატეხაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ნახევარ საათში 33 უპასუხო ქულა გავიდა.

„პუმებს“ მეტოქესთან აქამდე 10 თამაში ჰქონდათ ჩატარებული და ყველაში დამარცხდნენ. აქ საინტერესო ისაა, რომ სულ პირველ დაპირისპირებაში, 2006 წელს, მათ მეტოქეს ბუენოს აირესში 19 ქულა გაუკეთეს და ეს მათთვის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მაშინ თამაში 19:25 დათმეს, 2012 წლიდან კი, ოთხ ერში ჩართვის შემდეგ, არგენტინა ზელანდიას წელიწადში ორჯერ რეგულარულად ეთამაშება, თუმცა ამ რეკორდის გაუმჯობესება ვერცერთხელ მოახერხა. მხოლოდ შარშან, კრაისტჩერჩში იყვნენ ამასთან ახლოს, მაგრამ 18:39 დამარცხდნენ და ახლა ზელანდიასთან აღებული ქულების რეკორდი გააუმჯობესეს.

თავის მხრივ, „ოლ ბლექსს“ „პუმებთან“ 40-ზე მეტი ქულა ერთადერთხელ, 2012 წელს ჰქონდათ აღებული, როდესაც ლა პლატაში 54:15 იმარჯვეს და ახლა ეს მაჩვენებელი 57-მდე აწიეს.

თამაშს უორენ გეთლანდი დაესწრო, რომელიც 2017 წელს ახალ ზელანდიას „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ თავკაცის რანგში ეწვევა და ალბათ, პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინელთა თამაშისგან ბევრი რამ მოინიშნა, თუმცა მერე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.

ისე, როგორც „უემბილზე“, შეხვედრის პირველი ლელო ჰამილტონშიც არგენტინამ დადო. მათ ცენტრში შეძლეს მასპინძელთა დაცვის ზღუდვის მორღვევა და სანტიაგო კორდერო ლელოში შევიდა, ხოლო სანჩესმა გარდასახა. ზელანდიამ სხვაობის შემცირების შანსი ხელიდან გაუშვა, ბოდენ ბარეტის ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა მოგვიანებით 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია, ჯულიან სავეამ ხაზი შესანიშნავად გაჭრა და მისი ლელო ბარეტიმ გარდასახა.

სტუმრები სწრაფი შეტევებით პრაქტიკულად ყველა ჯერზე ახერხებდნენ მანძილის მოგებას და სანჩესმა ორი ჯარიმით თავის გუნდს 6-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა. მეორე ჯერზე, მარტინ ლანდახოს ოფლოუდის შემდეგ ნაუელ ჩაპაროს ლელოს დადების შანსიც ჰქონდა, მცირეწონიან მცველთან ერთი-ერთზე დარჩა, მანევრის საშუალებაც ჰქონდა, მაგრამ ბურთი ვერ შრიმაგრა. პასუხად, 24-ე წუთზე, სავეამ საოცრებები ჩაიდანა, ხაზის გაჭრის შემდეგ კიდევ ორ მცველს გასცდა, ფლანგზე სივრცე შეიქმნა და ბენ სმიტი ლელოში შევიდა - 14:13. მერე სანჩესმა და ბარეტიმ ჯარიმები გაცვალეს, 36-ე წუთზე კი, მესამე ლელო გავიდა. აქ ზელანდიას ცოტა გაუმართლა, რადგან სმიტის ფეხით თამაშის შემდეგ, ბურთი ბარეტის სასარგებლოდ ახტა, მანაც ის მცველს ცხვირწინ ააცალა და 24:16.

შესვენებამდე სანჩესმა ორიდან ერთი ჯარიმა გაიტანა, მეორე ტაიმის საწყის წუთებში არგენტინამ იერიშები გააგრძელა და „ოლ ბლექსმა“ სამჯერ შეძლო საკუთარ 22-ში თავის დაცვა, მესამედ ჯარიმის ხარჯზე და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა - 22:24. პასუხმა არ დაანახა, ბარეტმა ერთი შეტევისას ზედიზედ ორ ეპიზოდში ითამაშა შესანიშნავად და მისი ოფლოუდით რაიან კროტი ლელოში შევიდა, ხოლო შეტევის დამწყებმა გარდასახა. 31:22 54-ე წუთზე, ახალ ზელანდიას 4 ლელოს დადებისთვის პრემიაც განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ორ წუთში „ოლ ბლექსმა“ კიდევ ერთხელ ჩააგდო მეტოქე გამოუვალ მდგომარეობაში, ეტაპობრივად მოიგო მანძილი და ჩარლი ფაუმუინამ ახლოდან დარტყმით მეხუთე ლელო დადო. 64-ე წუთზე ახალმა ზელანდიამ 5-მეტრა შერკინებიდან მარტივად გაითამაშა ბურთი და კროტიმ დუბლი შეასრულა, ხოლო სამ წუთში ბენ სმიტმა მაღალ სიჩქარეზე, ფინტებით აუარა გვერდი მცველებს და მანაც დუბლი მიითვალა. 76-ე წუთზე ლამაზი და ამავდროულად, კურიოზული ლელო გავიდა - ჯერ იყო ორმაგი თერნოვერი, მერე ფეხით ჩაკიდებული ბურთი დეგმა ზედ ლელოს ხაზთან ვერ დაიჭირა, მაგრამ მისგან ასხლეტილი უკან წავიდა და ლუკ რომანოს ჩაუვარდა ხელში - 57:22 და ისეთი პირი უჩანს, „ოლ ბლექსის“ ჰეგემონია კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ახალი ზელანდია - არგენტინა 57:22

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. იზრაელ დეგი, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოულსი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ უაითლოკი, 6. ჟერომ კაინო, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. კოდი ტეილორი, 17. უაით კროქეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ლუკ რომანო, 20. არდი სავეა, 21. თი-ჯეი პერენარა, 22. აარონ კრუდენი, 23. ენტონ ლინერტ-ბრაუნი.

8 ლელო: სავეა, სმიტი 2, ბარეტი, კროტი 2, ფაუმუინა, რომანო

7 გარდასახვა: ბარეტი 6, კრუდენი

1 ჯარიმა: დეგი

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. მატიას მორონი, 13. მატიას ორლანდო, 12. ხუან ერნანდესი, 11. სანტიაგო კორდერო, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. რამირო ერერა, 4.გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ დესიო, 8. ფაკუნდო ისა.

სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოია,17. ლუკას ნოგუერა, 18. ენრიკე პიერეტო, 19. მარკოს კრემერი, 20. ლეონარდო სენატორე, 21. ტომას კუბელი, 22. სანტიაგო იგლესიასი, 23. რამირო მოიანო.

1 ლელო: კორდერო

1 გარდასახვა: სანჩესი

5 ჯარიმა: სანჩესი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09489