მსოფლიო სერია

20:58 | 8.04.2016 | ნანახია 1244 - ჯერ

ინგლისმა ჰონკონგში მძლავრად დაიწყო

2015/2016 წლების 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მეშვიდე, ჰონკონგის ეტაპი ინგლისმა მძლავრად დაიწყო. წინა ორ ეტაპზე, ლას ვეგასსა და ვანკუვერში, ინგლისელებმა კატასტროფული შედეგი აჩვენეს, აზიაში კი, სერიის ერთ-ერთი ლიდერი სამხრეთ აფრიკა დასცეს.

სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ჯახი დასკვნითი მატჩი იყო პირველ სათამაშო დღეს და ინგლისელმა ჯეიმს როდუელმა აფრიკელი ფრენკ ჰორნის შედეგი გაიმეორა - მან მსოფლიო სერიის 68-ე ეტაპზე ითამაშა. ძნელი სათქმელია რაიმე კავშირშია თუ არა ეს შედეგთან, მაგრამ ფაქტია, პირველი ტაიმის შუაში ბრიტანელები ბურგესისა და ნორთის ლელოებით დაწინაურდნენ, რასაც მიტჩელის ორი გარდასახვა მოყვა. ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა ერთი ლელო გაქვითეს, თუმცა შეხვედრის განახლებისთანავე სენატლამ მეტოქე ლელოს დასადებად არ მიუშვა და თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. სულ ბოლოს სამხრეთ აფრიკამ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მეტისთვის დრო აღარ რჩებოდა და ინგლისმა 21:14 იმარჯვა.

B ჯგუფს შოტლანდია ლიდერობს, რომელმაც რუსეთს 28:15 მოუგო. დენის სმპლიკევიჩმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ბაბაევმა დადო, მაგრამ შოტლანდიელებსაც ყავდათ დუბლის შემსრულებელი - ჯონსტონი. სქოთებმა სულ 4 ლელო დადეს და ოთხივე გარდასახეს.

A ჯგუფში კენიამ სამოას 4 უპასუხო ლელო გაუტანა და 24:0 მოუგო, ხოლო ახალი ზელანდია საფრანგეთთან მარცხს ძლივს გადაურჩა. ფრანგებმა საწყის 5 წუთში სამი ლელო დადეს, ერთი გარდასახეს და 17:0 დაწინაურდნენ. 7-კაცა „ოლ ბლექსმა“ ერთი ლელო ტაიმის მიწურულს გაქვითა, ხოლო კიდევ ორი მეორე ნახევარში გაიტანა, ამასთან, ორი გარდასახვა გამოიყენა და 19:17 იმარჯვა.

C ჯგუფში აშშ-მ პორტუგალია უპრობლემოდ, 21:5 დაამარცხა, ხოლო ავსტრალიამ არგენტინას 28:0 სძლია. D ჯგუფში უელსმა იოლად მოუგო სამხრეთ კორეას - 40:14, ფიჯი კი, კანადასთან მარცხს ბოლოში გადაურჩა. კუნძულელთა ადრეულ ლელოს კანადელებმა პირველი ტაიმის მიწურულს ორი, ხოლო მე-11 წუთზე მესამე ლელოთი უპასუხეს და 17:5 დაწინაურდნენ. რავაკამ ლელო რომ გაქვითა და გარდასახვაც გაიტანა, სათამაშოდ წამები რჩებოდა, გაწითლებულ დროზე, მესამე დამატებულ წუთზე, ფიჯიმ შეძლო კანადელთა გატეხვა და კუნატანიმ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო კოლინისაუმ გარდასახა და ფიჯის 19:17 მოაგებინა.

ამრიგად, მსოფლიო სერიის სამივე ლიდერმა ჰონკონგის ეტაპი მძიმედ დაიწყო - სამხრეთ აფრიკა დამარცხდა, ფიჯიმ და ახალმა ზელანდიამ კი, მხოლოდ ზუსტი გარდასახვებით მოიგეს. მწვრთნელებს შეცდომების გასაანალიზებლად მცირე დრო აქავთ და ხვალ ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორ-ორი თამაში ელით. შეხვედრები თბილისის დროით 07:18 საათიდან განახლდება.

ჰონკონგშივე 12 გუნდი მომავალ მსოფლიო სერიებში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. ესენი არიან ჰონკონგი, გერმანია, ზიმბაბვე, კაიმანის კუნძულები, ესპანეთი, პაპუა ახალი გვინეა, ჩილე, მექსიკა, იაპონია, ბრაზილია, ტონგა და მაროკო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.088065