ამბები

10:07 | 9.09.2016 | ნანახია 2979 - ჯერ

აგუსტინ პიშოტი: „რაგბის სამართლიანობაზე როგორღა ვისაუბრო?“

„მსოფლიო რაგბის“ ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშოტმა სამხრეთ ნახევარსფეროს წამყვანი ქვეყნების რაგბის კავშირების გაერთიანება, SANZAAR-ი გააკრიტიკა.

საქმე ეხება ახალი ზელანდიის ნაკრების ბურჯის, ოუენ ფრენქსის საქმეს, რომელიც ავსტრალიელ კეინ დუგლასს ხელით თვალში ჩააფრინდა, თუმცა ამას არანაირი სასჯელი არ მოყოლია.

„SANZAAR-ი უნდა ითვალისწინებდეს „მსოფლიო რაგბის“ რეკომენდაციებს, მან კი, პროცესები არასწორედ წარმართა. გულშემატკივარს სურს, რომ რაგბი თანმიმდევრული იყოს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შეთანხმებული მოქმედება და მსგავსი ეპიზოდების ერთი სისტემით განსჯის კულტურა.

ძალიან შეწუხებული ვარ. ფრენქსი უნდა დასჯილიყო. მაშინ ანალოგიური საქციელისთვის რატომ დავსაჯეთ არგენტინელი გალარცო და გამოვატოვებინეთ მთელი მსოფლიო თასი? როგორ ავუხსნა მარიანოს, რატომ გამოვიტანეთ მის შემთხვევაში ასეთი მკაცრი განაჩენი, ხოლო ოუენთან დაკავშირებით სხვაგვარად მოვიქეცით? და საერთოდ, ამის შემდეგ რაგბის სამართლიანობაზე როგორღა ვისაუბრო? სად გადის ზღვარი, რა შეიძლება და რა არა? არ ვაკრიტიკებ მოთამაშეს და მატჩის ოფიციალურ პირებს, მაგრამ SANZAAR-ის გადაწყვეტილება არასამართლიანია. უწინარესი მოთამაშეების ჯანმრთელობა უნდა იყოს.

ახლა ვხვდები, რომ მსგავსი დანაშაულების მიმართ მიდგომა უნდა შევცვალოთ. მნიშვნელოვანია, რომ თამაში ყველა დონეზე ერთნაირად აღიქმებოდეს. შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, თუმცა ნუ დავკარგავთ საღ აზროვნებას. საჭიროა რევოლუცია, რათა ყველა სათამაშო მომენტი ერთი წესის მიხედვით განიხილებოდეს“ - ამბობს პიშოტი.

აღსანიშნავია, რომ SANZAAR-ი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მის საქმიანობაში „მსოფლიო რაგბი“ ვერ ჩაერევა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109007