სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალისტერ კუცე, ორი კვირის წინ არგენტინასთან განცდილი მარცხით უკმაყოფილო დარჩა და მომავალ შაბათს, ავსტრალიასთან ბრისბენში გასამართი შეხვედრისთვის ცვლილებებს მიმართა.
სასტარტო შემადგენლობაში ჯამში ოთხი ცვლილებაა და აქედან ერთი ტრავმითაა განპირობებული, ხოლო სამი როტაციის პრინციპით. სამი ცვლილება ხაზის მოთამაშეებს შეეხო, ერთი შერკინების პირველ ხაზს. ფრანსუა ჰუგარდმა გარემარბის პოზიციაზე ჟუან კომბრინკი შეცვალა, რომელმაც სალტაში ფეხი მოიტეხა. ჰუგარდი მარცხენა ფლანგზე დადგება და ბრაიან ჰაბანა მარჯვნივ გადაინაცვლებს. ცენტრში დამიან დე ალენდესა და ლიონელ მაპოეს ნაცვლად ჯესი კრილისა და ჟუან დე იონგის წყვილს ვიხილავთ, რომლებიც სამხრეთ აფრიკელთა განვლილ ორ მატჩში სათადარიგოები იყვნენ. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე დადგება ლოურენს ადრიანსე.
მეორეხაზელი ებენ ეცებეთი 24 წლის, 9 თვის და 12 დღის ასაკში თავის 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და ამით პეტ ლემბის რეკორდს გააუმჯობესებს. ამასთან, ის ზედიზედ 27-ე შეხვედრას ატარებს „ბოკეს“ მაისურით. ამავდროულად, ტენდაი მტავარირა 81-ე კეპს მოიხვეჭს და გახდება პირველი ბურჯი, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ამდენი თამაში აქვს ჩატარებული.
კუცე დარწმუნებულია, რომ ახალი მოთამაშეები მისი გუნდის თამაშზე დიდ გავლენას მოახდენენ:
„ჟუანმა და ჯესიმ განვლილ შეხვედრებში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვის შემდეგ ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა მოახდინეს და სასტარტო 15-ეულში ადგილი დაიმსახურეს. ისინი გამოცდილები და შეთამაშებულები არიან და 12 ნომერზე ჟუანის ყოფნა, ელტონსაც გაუადვილებს საქმეს. წინა შეხვედრებში ლოურენსიც კარგად ჩაერთო თამაშში, ხოლო სათადარიგოთა სკამზე ტრევორის ყოფნა, რომელსაც ორივე მხარეს შეუძლია თამაში, არჩევანის საშუალებას გვაძლევს.
ფრანსუას გარემარბის გარდა 9 ნომრადაც შეუძლია თამაში და მას ზურგს 35 კეპი უმაგრებს. ის კარგი მცველია და შეტევების დაგვირგვინებაც ეხერხება. ავსტრალიის ნაკრები ცნობილია ხანგრძლივი ფაზების განმავლობაში ბურთის შენარჩუნების უნარით და უამრავი ბოჭვის შესრულება მოგვიწევს. დაცვაში უნდა ვიყოთ ორგანიზებული და მომთმენნი. ამ სეზონში ჩვენმა სათადარიგოებმა ყველა თამაშის მსვლელობაზე უდიდესი გავლენა იქონიეს და მწამს, ახლაც ასე იქნება“.
სამხრეთ აფრიკა: 15. იოჰან გუსენი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. ჯესი კრილი, 12. ჟუან დე იონგი, 11. ფრანსუა ჰუგარდი, 10. ელტონ იანტისი, 9. ფაფ დე კლერკი; 1. ტენდაი მტავარირა, 2. ადრიან შტრაუსი, 3. ლოურენს ადრიანსე, 4. ებენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. უპა მოჰოჯე, 8. უორენ უაითლი.
სათადარიგოები: 16. ბონგი მბონამბი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. სტივენ კიტსჰოფი, 19. ფრანკო მოსტერტი, 20. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 21. იაკო კრილი, 22. მორნი სტეინი, 23. ლიონელ მაპუე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია