პრო დ2

14:05 | 7.09.2016 | ნანახია 2819 - ჯერ

სრკ-ზე მეტი - ტოპ 14-ის და პრო დ2-ის კლუბების ბიუჯეტი

სპორტში ფინანსები გადამწყვეტი არაა, თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა რომ ენიჭება, ორი აზრი არაა. სწორედ ფინანსების ნაკლებობაა მიზეზი, საქართველოს ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ ევროთასებში დღემდე რომ ვერ მონაწილეობს.

ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების წარმატების ფონზე, ქვეყანაში რაგბის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება და სხვადასხვა გამოკითხვებში მას ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი პირველ ადგილზე აყენებს. სამომავლო წინსვლისთვის აუცილებელია, რომ ქართული კლუბი ევროთასებში ჩაერთოს, ამას კი, ფინანსები სჭირდება. საკლუბო დონეზე, ფინანსური კუთხით, ქართველებს უკვე აღემატებიან რუმინული და რუსული კლუბები, აღარაფერს ვამბობთ ფრანგულ, ინგლისურ და „კელტების ლიგაში“ მოთამაშე კლუბებზე.

ცნობილია, რომ დღეისათვის, სახელმწიფოს მხარდაჭერით, „დიდი 10“-ის კლუბები წელიწადში დაახლოებით 450-500 ათას ლარს იღებენ. კლუბების ნაწილი მუნიციპალიტეტების დახმარებით დამატებით კიდევ გარკვეულ თანხას იღებს, თუმცა საკმარისი არც ესაა. მთლიანობაში, საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია, რაც ნაკლებია საფრანგეთის ტოპ 14-ის ყველა და პრო დ2-ის რამდენიმე კლუბის ბიუჯეტზე. ფრანგულ პროფესიულ ლიგებში მოთამაშე 30-ვე კლუბის ბიუჯეტი ჩემპიონატის დაწყებამდე გამოქვეყნდა და ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მათი გაცნობა.

ტოპ 14: ყველაზე მდიდარი „ტულუზი“, „ტულონის“ კლება და დაბალბიუჯეტიანი ლიდერი

პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში, ისევე, როგორც შარშან, ყველაზე დიდი ბიუჯეტი „ტულუზს“ აქვს. აღსანიშნავია, ამ მონაცემებში გათვალისწინებული არაა ის შემოსავლები, რომლებსაც კლუბები თავისი მაღაზიებიდან ან დამატებითი აქტივობებიდან იღებენ, რადგან მსგავსი მაღაზიები და შესაბამისად შემოსავლები, ტოპ 14-ის ყველა კლუბს არ გააჩნია. შარშანდელთან შედარებით „ტულუზის“ ბიუჯეტი 700 ათასი ევროთი გაიზარდა და ჯამში 31,5 მილიონი შეადგინა.

საპატიო სამეულში არიან „კლერმონი“ და „სტად ფრანსე“. „ვულკანების“ ბიუჯეტი ამ ერთ წელიწადში 1,3 მილიონით გაიზარდა და 30,5 მილიონი შეადგინა, ხოლო პარიზელებს მატების გარეშე, 27,6 მილიონი დარჩათ. შეგახსენებთ, ამ ბიუჯეტის მქონე „სტად ფრანსე“, გასულ ჩემპიონატში ტოპ 14-ში დასარჩენად იბრძოდა.

ტოპ14-ის ერთადერთი კლუბი, რომლის ბიუჯეტიც შარშანდელთან შედარებით შემცირდა, „ტულონია“. კლებამ 1,3 მილიონი შეადგინა და ჯამში 25,4 მილიონი აქვს, 100 ათასით მეტი ქვეყნის ჩემპიონ „რასინგ მეტროზე“, რომლის ბიუჯეტიც 1,2 მილიონით გაიზარდა. ბიუჯეტის სიდიდით მე-6 ადგილზეა „ლიონი“, რომელიც ტოპ 14-ში წელს დაბრუნდა. ყველაზე დიდი ზრდა „ბორდოს“ ბიუჯეტს შეეხო, რომელმაც 24,2 მილიონი შეადგინა - 3,8 მილიონით მეტი, შარშანდელთან შედარებით.

სამი ტურის შემდეგ, ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილს 10-10 ქულით ორი დაუმარცხებელი გუნდი, „ბრივი“ და „ლა როშელი“ ლიდერობს. „ბრივის“ ბიუჯეტი მიმდინარე სეზონის წინ 1,2 მილიონი ევროთი გაიზარდა, თუმცა ჯამში 14 ელიტარული კლუბიდან მას ყველაზე დაბალი ბიუჯეტი აქვს - 16,4 მილიონი და 400 ათასით ჩამორჩება პრო დ2-იდან დაწინაურებულ „ბეიონს“. მე-12 ადგილზეა მეორე ლიდერი „ლა როშელი“, რომლის ბიუჯეტიც 1,8 მილიონით გაიზარდა და 18,2 მილიონი ევრო შეადგინა.

კლუბი

ბიუჯეტი

ცვლილება ბოლო 1 წელიწადში

ტულუზი

31,5M€

+ 0,7M€

კლერმონი

30,5M€

+ 1,3M€

სტად ფრანსე

27,6M€

=

ტულონი

25,5M€

– 1,3M€

რასინგი

25,4M€

+ 1,2M€

ლიონი

24,6M€

აღზევდა ტოპ 14-ში

ბორდო

24,2M€

+ 3,8M€

მონპელიე

24,2M€

+ 0,8M€

გრენობლი

21,7M€

=

კასტრი

20,6M€

+ 0,3M€

პო

19,6M€

+ 2,3M€

ლა როშელი

18,2M€

+ 1,8M€

ბეიონი

16,8M€

აღზევდა ტოპ 14-ში

ბრივი

16,4M€

+ 1,2M€

პრო დ2-ის მოკრძალებული ბიუჯეტი

მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში მსგავსი ბიუჯეტით ვერ დაიკვეხნიან. შარშან იქ „ლიონი“ თამაშობდა, რომლის ბიუჯეტიც ტოპ 14-ის რამდენიმე კლუბისას აღემატებოდა და სამი ფინანსური მაჩვენებლით „აჟენს“ უტოლდებოდა. „ლიონი“ ტოპ 14-ში აღზევდა, „აჟენი“ დაქვეითდა და სიტუაციაც შეიცვალა.

აღსანიშნავია, რომ პრო დ2-ში შვიდი ისეთი გუნდი თამაშობს, რომლებიც სხვადასხვა დროს საფრანგეთის ჩემპიონები გამხდარან. ყველაზე წარმატებული „ბეზიეა“, მან 11-ჯერ მოიპოვა უძლიერესის ტიტულით, 8-ჯერ იყო ჩემპიონი „აჟენი“, „7-ჯერ „პერპინიენი“ და 5-ჯერ „ბიარიცი“. უმაღლეს კვარცხლბეკზე 2-ჯერ ავიდა „ნარბონი“, ხოლო „მონ დე მარსანი“ და „მონრობანი“ თითო-თითოჯერ. აღსანიშნავია, რომ ლიგაში უმეტესად საფრანგეთის სამხრეთის წარმომადგენელი გუნდები თამაშობენ და ეს კარგად ჩანს სურათზე. წითლით ის გუნდებია აღნიშნული, რომლებიც ტოპ 14-იდან დაქვეითდნენ, მწვანით - ფედერალ 1-დან აღზევებულები.

წელს აქ ყველაზე დიდი ბიუჯეტი ტოპ 14-იდან დაქვეითებულ „უიონას“ აქვს - 11,2 მილიონი, 9,5 მილიონით მეორეზეა „პერპინიენი“, მასზე 200 ათასით ნაკლები აქვს „ბიარიცს“, ხოლო „აჟენის“ შემოსავალ-გასავალი 8,3 მილიონია. ამ კლუბების ბიუჯეტი ჯამში საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება.

ფედერალ 1-დან აღზევებული „ვანის“ ბიუჯეტი 5 მილიონია, ხოლო ბოლო ადგილზე ასევე ფედერალ 1-დან აღზევებული „ანგულემია“ 3,7 მილიონით. ის წინ მყოფ გუნდს მთელი 700 ათასით ჩამორჩება. სურათზე, მარჯვენა მხარეს, კლუბების სახელების გვერდით მითითებულია ადგილი, რომელიც გუნდებმა გასულ სეზონში დაიკავეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:22 | 07.09.2016
BEERTRANCE (1073)

არადა კლუბი (ან უკეთეს შემთხვევაში 2 კლუბი) რო გავიყვანოთ ევროთასზე ფედერალებში გადინებას მაინც შემაცირებდა მცირედით.

0.126887