ზე-18

16:01 | 8.04.2016 | ნანახია 1215 - ჯერ

„ჩიფსის“ მეექვსე [+ვიდეო]

სუპერ რაგბის წლევანდელი სეზონი ახალზელანდიურმა „ჩიფსმა“ მძლავრად დაიწყო და განვლილი შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო - აქედან ხუთი ზედიზედ და ოთხი პრემიალური ქულით. მეშვიდე ტურის პირველ შეხვედრაში, ოკლენდში გამართულ ზელანდიურ დერბიში „ბელადებმა“ „ბლუზს“ უმასპინძლეს, 29:23 მოუგეს და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის, პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

„ჩიფსის“ მოთამაშეები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ „გაქცევა“ ვერ მოაწყვეს და დაძაბულ ჯახში გამარჯვება მხოლოდ დასკვნით წუთებში დაიბევეს. პირველ ნახევარში მასპინძლებმა ორი ლელო დადეს - მე-5 წუთზე მასპინძლებმა მოედნის ცენტრში ფეხით ითამაშეს და ბურთი სეტა ტამანივალუმ მოიპოვა, ოფლოუდების სერიის შემდეგ კი, ლელოში ბურჯი მიჩელ გრეჰემი შეხტა; ტაიმის შუაში ჩარლი ნგატაიმ გაჭრა ხაზი და 50 მეტრი ირბინა, მცველებმა ის წითელ ზოლში შეაჩერეს, მაგრამ შეტევა მარჯვენა ფლანგზე სწრაფად გაიშალა და შონ სტევენსონი ალამთან შეფრინდა. გარდასახვები არაზუსტი იყო, სამაგიეროდ, იჰაია ვესტმა ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 10:6 დასრულდა.

ტანა უმაგას შეგირდებმა მეორე ნახევარი უკეთ დაიწყეს და ხუთ წუთში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. 42-ე წუთზე „ბლუზის“ სამოელმა ფულბეკმა მელანი ნანაიმ პატარა სასწაული მოხდენა, ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, ხაზი გაჭრა, რამდენიმე მბოჭავს გასცდა, სისწრაფე აკრიფა და ლელოში შეფრინდა. სამ წუთში ასევე ლამაზ სტილში რიეკო იოანმა მოახერხა ლელოს დადება, რომელიც დამიენ მაკკენზისთან კონტაქტის შემდეგ ფეხზე, სვლა განაგრძო და მიზნამდე ირბინა. იჰაია ვესტმა ორივე გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა - 10:20.

„ჩიფსი“ შოკიდან მალე გამოვიდა. 50-ე წუთზე მასპინძელთა მგეზავმა აარონ კრუდენმა მაღალი სათამაშო კლასი გამოავლინა და მომხვდურს ეფექტური ლელოთი უპასუხა, ხოლო ხუთიოდე წუთში სეტა ტამანივალუმ ივარგა - შერკინებიდან გამოტანილი ბურთი „ჩიფსის“ შუამარბს მეტოქის ოცდაორმეტრიან ხაზთან მიუვიდა, რენე რეინჯერმა მისი შებოჭვა ვერ მოახერხა და ტამანივალუც ლელოში შეცურდა. მაკკენზიმ პირველად შეძლო გარდასხვის ზუსტად შესრულება - 22:20.

ამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა, დაძაბულობა მატჩის ბოლომდე შეანრჩუნდა, 77-ე წუთზე კი, „ჩიფსის“ მეორეხაზელმა ბროდი რეტალიკმა თავისი გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლებმა გამარჯვება დაიბევეს. აქ ლელოზე თამაშს აზრი აღარ ჰქონდა, „ბლიზმა“ უკანასკნელ წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და თავისი წილი ბონუს ქულა მანაც ჩაიწერა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09187