„ორიაკის“ ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სამი თამაში აქვს ჩატარებული, საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
24 წლის მორაგბემ მიმდინარე სეზონში პირველად ჩაატარა ოფიციალური შეხვედრა, „პერპინიენთან“ 42:13 მოგებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეცვლამდე, ანუ 53-ე წუთამდე, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შერკინებებში მან პირწმინდად დაჩაგრა მოწინააღმდეგე, რაც სპეციალისტებმა დაუფასეს კიდეც. სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა. კოჭის ტრავმის შემდეგ დაასვენეს მერაბ შარიქაძე, განაცხადში არ იყო გიორგი შარაშიძეც.
მასპინძლებმა პირველი ლელო ტაიმის მიწურულს დადეს და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 17:3. 55-ე წუთზე „ორიაკმა“ ლელო მოლიდან დადო, რომელშიც დათუნაშვილიც იყო ჩართული, 5 წუთში სამოელმა მანინოამ მოედნის ცენტრში მოგებული დერეფნის შემდეგ დაწყებული შეტევა ლელოთი დაასრულა და დუბლი შეასრულა, ხოლო კიდევ 5 წუთში „ორიაკის“ ასევე სამოელმა ლეგიონერმა ლილომაიავამ მეოთხე ლელო დადო. ამ შეტევაში ბოლოსწინა პასი დათუნაშვილმა გააკეთა - 39:6. სულ ბოლოს სტუმრებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ ამით „ორიაკს“ ხასიათი ვერ გაუფუჭეს და მათ პრემიალური ქულაც ჩაიწერეს - 42:13.
ბექა გორგაძის „მონ დე მარსანმა“ ელიზბარ ყუფარაძის „დაქსთან“ მატჩის მე-13 წუთზე მგეზავი წითელი ბარათით დაკარგა და პრაქტიკულად მთელი მატჩი კაცნაკლულმა ჩაატარა. კლემენტ ოტაზიმ შუბური ბოჭვა შეასრულა და ამის გამო დაისაჯა, თუმცა ჯამში სტუმრებს დისციპლინა არ უვარგოდათ, ხშირად ჯარიმდებოდნენ და ორჯერ 10-10 წუთით შემადგენლობები გათანაბრდა. საბოლოოდ, „მონ დე მარსანმა“ 33:29 მოიგო. გორგაძემ სრულად ითამაშა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.
შესვენებამდე მასპინძლებმა 5 ჯარიმა გაიტანეს, ორი ლელო გაუშვეს და ტაიმი 15:14 მოიგეს. 49-ე წუთზე „დაქსი“ ფიჯელი ბურეიტაკიასას მესამე ლელოს შემდეგ დაწინაურდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა სამ წუთში ლელო თავადაც მიიღო, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და „მონ დე მარსანმა“ ლიდერობა დაიბრუნა - 22:19. 65-ე წუთზე „დაქსმა“ მეოთხედ დაამიწა ბურთი და 26:25 დაწინაურდა, თუმცა 3 წუთში კვლავ დაჯარიმდა, მერე ლელოც გაუშვა და ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 33:29 „მონ დე მარსანის“ სასარგებლოდ.
ფედერალ 1-იდან აღზევებული „ანგულემსა“ და „ვანს“ შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა და პირველმა 23:22 მოიგო. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა, ლაშა თავბერიძე განაცხადში არ იყო. სტუმართა შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა და 40 წუთი ითამაშა ვახტანგ მაისურაძემ, არჩილ ბეჟიაშვილი განაცხადში არ იყო.
10 წუთის შემდეგ ვანი 10:0 იგებდა - ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე გადაცემა კანადელმა კონორ ტრაინორმა ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა. მასპინძლებმა ჯერ ჯარიმა გაიტანეს, ხოლო მე-16 წუთზე ფიჯელმა მაუმ ფეხით გადაკიდებული ბურთი სასწაულად მოხსნა და საპასუხო ლელო დადო, თუმცა მისმა გუნდმა ტაიმი 10:13 დათმო. მეორე ნახევარში „ანგულემი“ მოლის ჩაქცევისთვის ჩათვლილი საჯარიმო ლელოს შემდეგ 17:16 დაწინაურდა, „ვანი“ კიდევ ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ უპასუხეს მათ ჯარიმას, ბოლოჯერ 78-ე წუთზე და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
ლაშა ლომიძის „ბეზიემ“ ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონას“ უმასპინძლა და 34:28 მოუგო. მირცხულავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ლომიძე მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა. „ბეზიე“ 45-ე წუთისთვის 31:9 დაწინაურდა, თანაც სამი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი და პრემიასთანაც ახლოს იყო. ეს ანგარიში 59-ე წუთამდე შენარჩუნდა, მაგრამ 14 წუთში 3 ლელო თავად გაუშვა, სხვაობა 3 ქულამდე დავიდა და თამაში ლამის გადასარჩენი გაუხდა.
ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონმა“ „ბურგუენს“ 29:27 სძლია. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა 4-4 ლელო დადეს და მატჩის ბედი ერთმა აცილებულმა გარდასახვამ გადაწყვიტა - მასპინძლების სამ ზუსტ დარტყმას, სტუმრებმა მხოლოდ ორით უპასუხეს. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტუმართა ოთხივე ლელო ახალ ზელანდიელი გარემარბის, ნიკოლას პრაისის ანგარიშზეა, თუმცა მისი გარჯა მხოლოდ პრემიალურ ქულას გასწვდა.
რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიემ“ გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონი“ 24:3 დაამარცხა. ტურაშვილმა შეცვლაზე 19 წუთი ითამაშა. იმავე დღეს „მონტობანმა“ „ბიარიცს“ 22:11 სძლია.
ტურის დასკვნით შეხვედრაში თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი მარგველანის „აჟენმა“ ბექა შეყლაშვილის „ალბის“ უმასპინძლა და 36:20 მოუგო. მჭედლიძემ შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა და შეტავასა თუ დაცვაში აქტიური იყო, ხოლო თეთრაშვილი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. ბრძოლა პრაქტიკულად ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. „აჟენმა“ მხოლოდ დასკვნით მეოთხედში შეძლო უპირატესობის 9 ქულამდე გაზრდა, ხოლო 77-ე წუთზე ლელო დადო და მატჩის ბედი აქ გადაწყდა. ამ ლელოს დროს წითელ ზოლში ბოლოსწინა დარტყმა თეთრაშვილმა განახორციელა და ორი მეტრი მოიგო.
საფრანგეთი. პრო დ2. II ტური
ორიაკი - პერპინიენი 42:13
ანგულემი - ვანი 23:22
ბეზიე - უიონა 34:28
კოლომიე - კარკასონი 24:3
ნარბონი - ბურგუენი 29:27
მონტობანი - ბიარიცი 22:11
მონ დე მარსანი - დაქსი 33:29
აჟენი - ალბი 36:20
1. | ბეზიე | 2 | 2 | 0 | 0 | 68:39 | 9 | 1 |
2. | ორიაკი | 2 | 1 | 0 | 1 | 61:33 | 6 | 2 |
3. | ვანი | 2 | 1 | 0 | 1 | 45:43 | 5 | 1 |
4. | მონ დე მარსანი | 2 | 1 | 0 | 1 | 49:48 | 5 | 1 |
5. | ბურგუენი | 2 | 1 | 0 | 1 | 46:47 | 5 | 1 |
6. | კოლომიე | 2 | 1 | 0 | 1 | 42:22 | 5 | 1 |
7. | მონტობანი | 2 | 1 | 0 | 1 | 42:34 | 5 | 1 |
8. | დაქსი | 2 | 1 | 0 | 1 | 49:52 | 5 | 1 |
9. | უიონა | 2 | 1 | 0 | 1 | 64:44 | 5 | 1 |
10. | ბიარიცი | 2 | 1 | 0 | 1 | 36:28 | 4 | 0 |
11. | ნარბონი | 2 | 1 | 0 | 1 | 35:52 | 4 | 0 |
12. | აჟენი | 2 | 1 | 0 | 1 | 47:54 | 4 | 0 |
13. | ანგულემი | 2 | 1 | 0 | 1 | 33:58 | 4 | 0 |
14. | პერპინიენი | 2 | 1 | 0 | 1 | 32:58 | 4 | 0 |
15. | ალბი | 2 | 0 | 1 | 1 | 43:59 | 2 | 0 |
16. | კარკასონი | 2 | 0 | 1 | 1 | 26:47 | 2 | 0 |
III ტური. 8, 9 და 11 სექტემბერი
უიონა - კოლომიე, ბიარიცი - ანგულემი, კარკასონი - ბეზიე, მონ დე მარსანი - ბურგუენი, ნარბონი - ალბი, ვანი - აჟენი, პერპინიენი - დაქსი, ორიაკი - მონტობანი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია