კელტების ლიგა

19:47 | 5.09.2016 | ნანახია 1702 - ჯერ

პრო 12: 19 წლის ლითლიმ დებიუტი დუბლით აღნიშნა

ანტონ ფეიქრიშვილის ირლანდიურმა კლუბმა „ალსტერმა“, ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებული ლიგა პრო 12 გამარჯვებით დაიწყო.

საქართველოს ნაკრების ბურჯმა „ალსტერთან“ კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა და ბუნებრივია, სასტარტო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ირლანდიელებმა უელსურ „ნიუპორტს“ 13 800 მაყურებლის წინაშე უმასპინძლეს და 29:8 დაამარცხეს, თანაც პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. არადა, ჯარიმით და ლელოთი სტუმრები 12 წუთის შემდეგ 8:0 იგებდნენ, მაგრამ მერე ქულაც ვერ აიღეს. „ალსტერს“ გასახურებლად 20 წუთი დაჭირდა და დანარჩენ 60 წუთში 5 ლელო დადო - ორი შესვენებამდე და 3 მეორე ტაიმში. შეცვლაზე შესულმა, 19 წლის რობერტ ლითლიმ, რომელსაც პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, დუბლი შეასრულა.

მეორე ირლანდიურმა კლუბმა „ლენსტერმა“ იტალიურ „ბენეტონს“ უმასპინძლა და 20:8 სძლია, მაგრამ პრემია ვერ აიღო და საბოლოო შედეგით კმაყოფილი არ უნდა იყოს. თამაშს 11 200 მაყურებელი დაესწრო და 28 წუთში ჯოი ქარბერის დუბლი იხილა, ფერგუს მაკფადენმა ერთი გარდასახა, მერე ჯარიმაც გაიტანა და 15:0. იტალიელებმა შესვენებამდე მარკო ფუსერის ლელოთი უპასუხეს და მეორე ტაიმის მე-12 წუთზე ტომაზო ალანის ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შმცირდა. „ლენსტერმა“ 73-ე წუთზე მესამე ლელო დადო, მაგრამ მეხუთე სატურნირო ქულისთვის ეს საკმარისი არ იყო.

მეორე იტალიურ გუნდ „ძებრეს“ შავი დღე აყარა უელსურმა „ოსპრეიზმა“. 6 500-მა მაყურებელმა თითო ტაიმში მასპინძელთა 4-4 ლელო იხილა. ბურჯმა სემ პერიმ სამი ლელო დადო, თამაში კი, 59:5 დასრულდა.

პრო 12-ის ჩემპიონ „კონახტს“ ირლანდიაში ეწვია შოტლანდიური „გლაზგო უორიორსი“ და საკუთარი 6 ათასი ქომაგის წინაშე შეარცხვინა. პირველ ტაიმში ასე თუ ისე ბრძოლა შედგა - ტომი სეიმურის დუბლს მასპინძლებმა ერთი ლელოთი უპასუხეს - 5:13. მეორე ტაიმში „მეომრებმა“ „კონახტი“ აიკლეს, 4 უპასუხო ლელო დაუდეს და პრემიაც ჩაიწერეს - 41:5.

პრემიით მოიგო უელსურმა „კარდიფმა“, რომელმაც შოტლანდიურ „ედინბურგს“ თითო ტაიმში ორი ლელო დაუდო. შოტლანდიელები პირველი ნახევრის უმეტესი დრო ლიდერობდნენ, 35-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და 13:17 ჩამორჩნენ. თამაში რომ განახლდა გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში ზელანდიელმა ნიკ უილიამსმა და მისმა უელსელმა მოგვარემ კიდევ ორი ლელო დადეს - 34:16.

უელსში „სკარკლეტსი“ ირლანდიურ „მანსტერს“ მასპინძლობდა და ჯეიმს კრონინისა და რონან ომაჰონის ლელოების შემდეგ 3:14 ჩამორჩა. გარეთ დევისმა ჯარიმა სწრაფად რომ გაათამაშა 70 მეტრიანი გარბენი ლელოთი დაასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დარჩენილ დროში უელსელებმა მხოლოდ ერთი, ხოლო სტუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და „მანსტერმა“ 23:13 მოიგო.

პრო 12. I ტური

ლენსტერი [ირლანდია] - ტრევიზო [იტალია] 20:8

ოსპრეიზი [უელსი] - ძებრე [იტალია] 59:5

ალსტერი [ირლანდია] - ნიუპორტი [უელსი] 29:8

სკარლეტსი [უელსი] - მანსტერი [ირლანდია] 13:23

კონახტი [ირლანდია] - გლაზგო უორიორსი [შოტლანდია] 5:41

კარდიფი [უელსი] - ედინბურგი [შოტლანდია] 34:16

II ტური. 9-10 სექტემბერი

ნიუპორტი - ძებრე, მანსტერი - კარდიფი, ედინბურგი - სკარლეტსი, გლაზგო - ლენსტერი, ბენეტონი - ალსტერი, კონახტი - ოსპრეიზი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.153397