ტოპ 14

13:59 | 5.09.2016 | ნანახია 1780 - ჯერ

ტოპ 14: ძირითადის გარეშე

საფრანგეთი პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის 9 გუნდში 19 ქართველი ლეგიონერი ირიცხება, თუმცა მესამე ტურში მწვრთნელებმა არცერთი მათგანი არ შეიყვანეს სასტარტო 15-ეულში, 23-კაციან განაცხადში კი, მხოლოდ 7 იყო.

არ მახსენდება ბოლოს როდის მოხდა მსგავსი შემთხვევა და 14-ივე გუნდმა ერთად, როდის დაიწყო თამაში ქართველი ლეგიონერის გარეშე. ეს უცნაური ფაქტია, თორემ საგანგაშო არაფერია. სეზონის სტარტზე მწვრთნელებს სურთ, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე ნახონ და ზუსტად იცოდნენ ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ გრძელი სეზონის განმავლობაში.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“, განვლილი სამი თამაშიდან მეორე დაასრულა ფრედ და თანაც იგივე ანგარიშით - 30:30. ამჯერად „ვულკანები“ ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ დაუზავდნენ. მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ ჟვანიას, რომელიც მამა გახდა და კოლელიშვილს. ზირაქაშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა, ხოლო მელიქიძემ დასკვნითი 21 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში მან ბურთით 3-ჯერ შეუტია და ჯამში 19 მეტრი მოიგო, რაც სათამაშო დროისა და პოზიციის გათვალისწინებით, სერიოზული მაჩვენებელია. 2-ჯერ შეუტია ზირაქაშვილმა და ბურთიანად 10 მეტრი იარა, 4 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა.

გუნდების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, „სტად ფრანსე“ უპირატესობას ფლობდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ორის წილ 4 ლელოც გაიტანა, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდა, რაც მორაგნ პარამ და სკოტ სპედინგმა მეტოქეს არ აპატია. საწყის 16 წუთში პარიზელთა შუამარბმა ჟოფრეი დუმერუმ დუბლი შეასრულა - მან ორივეჯერ ფეხით გადაიკიდა ბურთი და სისწრაფეში ყველას აჯობა. 26-ე წუთზე პარიზელებზე ბოჭვები გაცუდდა და „სტად ფრანსე“ 20:6 დაწინაურდა, რაზეც „კლერმონმა“ 5 წუთში მოლით და ერთი ლელოთი უპასუხა.

ტაიმის 16:20 წაგების შემდეგ, „კლერმონმა“ მეორე ტაიმის 10 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა და 22:20 დაწინაურდა, გუნდებმა თითო ზუსტი ჯარიმა გაცვალეს, ხოლო 73-ე წუთზე მასპინძლებმა დერეფანში ითამაშეს უყურადღებოდ, ფრიც ლიმ ბურთის მოგებისთანავე შეუტია და ლელომდე ირბინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა მისაწვდომი, 7-ქულიანი დარჩა. „სტად ფრანსე“ მარცხს არ იმსახურებდა და ბოლოსწინა წუთზე ლელოც დადო - ხაზი გაიჭრა და მიზნამდე ფიჯელმა ვაისეა ნაიაკაველუმ ირბინა, ხოლო პლისონმა გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა.

„ტულონმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და სამი თამაშიდან მეორე წააგო - ამჯერად საკუთარ მოედანზე „ბრივთან“ დამარცხდა 21:25. შეხვედრის ერთადერთი ლელო 31-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც მასპინძლებმა სტუმართა მოლი წესების დარღვევით შეაჩერეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ. ამ ეპიზოდში ტულონელთა კვაჭი გირადო სინბინით დაისაჯა, ხოლო ორი წუთით ადრე ყვითელი ბურჯმა ჩიოკიმაც მიიღო. „ტულონმა“ ტაიმი 12:13 დათმო და მეორე ტაიმში ორჯერ იყო რიცხობრივ მეტობაში, თუმცა ამით ვერ ისარგებლა. ჯამში 21-ივე ქულა გუნდს ლეიგ ჰალფპენიმ შესძინა, მაგრამ ჯარიმები გაეტან ჟერმეინმაც ზუსტად ურტყა.

მამუკა გორგოძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 6 შეტევით 21 მეტრი მოიგო, ერთხელ მბოჭავს გასცდა, ერთი პასი გააკეთა და დაცვაში სამი ბოჭვა შეასრულა. სასურველ ფორმაში არაა ლევან ჩილაჩავა, რომელმაც შეცვლაზე 47-ე წუთიდან ითამაშა და მისი მონაგარი 1 პასი და ერთი ბოჭვაა, ორჯერ კი, დაჯარიმდა. აქედან ერთხელ შერკინებაში კარლენ ასიეშვილის წინააღმდეგ, რომელიც შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა, ერთხელ შეუტია წინსვლის გარეშე და 2 ბოჭვა შეასრულა, მაგრამ კარგად იდგა შერკინებაში. მასპინძელთა შორის ბადრი ალხაზაშვილი, ხოლო სტუმრებში ვასილ ლობჟანიძე და სოსო ბეკოშვილი განავცადში არ იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ სტუმრად „პოსთან“ 9:25 დამარცხდა და მეტოქეს სამი უპასუხო ლელოს დადებისთვის პრემიალური ქულაც დაუტოვა. ამას თავისი მიზეზი ქონდა - სტუმრები 6:0 იგებდნენ, როდესაც მათმა მარცხენა ბურჯმა რაქში იუხეშა და წითელი ბარათით დაისაჯა. შედეგად, კაცნაკლულმა „ბეიონმა“ მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და ის 9:10 დათმო, დასკვნით 20 წუთში კი, კიდევ ორი ლელო მიიღო.

მარცხენა ბურჯის გაძევების შემდეგ, ხინჩაგიშვილი შეცვლაზე მე-15 წუთზე შევიდა და 58-ე წუთამდე ითამაშა. მან წინსვლის გარეშე 2-ჯერ შეუტია, 5 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელი“ „კასტრს“ ქართველი ბურჯის გარეშე ეწვია და 26:18 დაამარცხა. მასპინძლები ძალაში მძლავრობდნენ, სტუმრები სისწრაფეში და ეს კარგად გამოიყენეს. ისინი პრაქტიკულად მთელი თამაში წინ იყვნენ და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას გარეშე მოთამაშე „ლიონმა“, „გრენობლს“ 32:13 სძლია, ერთის წილ 4 ლელო დაუდო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სტუმრებმა იბრძოლეს, თუმცა მასპინძლებმა მეორე ტაიმში შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს და ინგლისელმა 8 ნომერმა კარლ ფერნსმა დუბლი შეასრულა.

ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიემ“, რომელმაც სტუმრად „ბორდოს“ სოლიდური სხვაობით დამარცხება მოახერხა - 32:15. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ბაზაძემ მიიღო და შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა. „მონპელიეს“ ეს გამარჯვება ორგანიზებული და აგრესიული დაცვის შედეგია. სტუმრებმა პირველი ლელო მე-9 წუთზე დადეს და 7:6 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ლიდერობა წამითაც არ გაუშვიათ ხელიდან. ნელ-ნელა უპირატესობა 7-10 ქულამდე გაიზარდა, სულ ბოლოს „მონპელიემ“ მეორე ლელოც დადო და გამარჯვებით გაიხარა.

ქვეყნის ჩემპიონმა „რასინგმა“ ვასილ კაკოვინის „ტულუზს“ უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა. პარიზელებმა პირველ ტაიმში ერთი ლელო დადეს, მეორეში ორი, თუმცა ერთი თავადაც გაუშვეს. კაკოვინი ტრავმირებულია.

საფრანგეთი. ტოპ 14. III ტური

3 სექტემბერი

სტად ფრანსე - კლერმონი 30:30

კასტრი - ლა როშელი 18:26

ლიონი - გრენობლი 32:13

პო - ბეიონი 25:9

ტულონი - ბრივი 21:25

4 სექტემბერი

ბორდო - მონპელიე 15:32

რასინგი - ტულუზი 28:14

1.

ბრივი

3

2

1

0

68:56

10

0

2.

ლა როშელი

3

2

1

0

78:67

10

0

3.

რასინგი

3

2

0

1

66:45

9

1

4.

კლერმონი

3

1

2

0

86:82

8

0

5.

ტულუზი

3

2

0

1

56:57

8

0

6.

სტად ფრანსე

3

1

1

1

104:78

7

1

7.

ლიონი

3

1

1

1

63:57

7

1

8.

კასტრი

3

1

1

1

58:49

6

0

9.

პო

3

1

0

2

54:59

6

2

10.

ბეიონი

3

1

1

1

49:60

6

0

11.

ტულონი

3

1

0

2

66:71

6

2

12.

მონპელიე

3

1

0

2

66:61

5

1

13.

ბორდო

3

1

0

2

47:63

5

1

14.

გრენობლი

3

0

0

3

52:108

1

1

IV ტური. 10-11 სექტემბერი

სტად ფრანსე - კასტრი, მონპელიე - პო, ლა როშელი - ლიონი, ბორდო - ბეიონი, კლერმონი - რასინგი, გრენობლი - ბრივი, ტულუზი - ტულონი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.121732