დღეს საღამოს 2015/2016 წლების ევროთასების მეოთხედფინალური ეტაპი იწყება. ჩემპიონთა თასისთვის ხვალ და ზეგ ხუთი ინგლისური და სამი ფრანგული კლუბი იბრძოლებს, ხოლო ჩელენჯ ქაფის მოგების შანსს ოთხი ინგლისური, ორი ფრანგული და თითო-თითო ირლანდიური და უელსური კლუბი ინარჩუნებს.
რანგით მეორე დონის, ჩელენჯ ქაფის პირველი შეხვედრა დღეს, ინგლისში „სეილ შარქსსა“ და „მონპელიეს“ შორის გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო სამი შეხვედრიდან, ერთი ფრედ დასრულდა [2008 წელს 14:14], ხოლო ბოლო ორი თამაში ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა [2012 წელს 33:18 და 2013 წელს 27:6].
თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს „მონპელიეს“ ქართველი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი თადარიგშია.
დღესვე, ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელებისა და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატ პრო 12-ში ბოლო გადადებული შეხვედრა გაიმართება. შალვა მამუკაშვილის „გლაზგო უორიორსი“ იტალიაში „ძებრეს“ ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილამდე აღზევდება. მატჩი 21:30 საათზე იწყება. მამუკაშვილი სტუმართა განაცხადში არაა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია