„რაგბი ჩემპიონშიპი“(„სამი ერი“ 2012 წლამდე) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო გათამაშებაა. 2012 წლიდან სამ სამხრეთელ ბობოლას არგენტინაც შეუერთდა. ნელ-ნელა „იაგუარებმა“ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონატში მხოლოდ მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან - სულ რაღაც ერთი კვირის წინ მათ სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძლევა მოახერხეს. ქვემოთ მოცემულია ამ ტურნირის საინტერესო რეკორდები „რაგბი ჩემპიონშიპის“ დაარსებიდან (1996 წ.) დღემდე, შესაბამისად აღნიშნული რეკორდები შესაძლოა ყოველ ტურში შეიცვალოს:
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება და მარცხი - სამხრეთ აფრიკა 73:13 არგენტინა. მატჩი შედგა 2013 წლის 17 აგვისტოს.
ყველაზე მეტი გატანილი ჯარიმა ერთ მატჩში - 1999 წლის 24 ივლისს „ოლ ბლექსმა“ ავსტრალიის ნაკრები 34:15 დაამარცხა, იმ მატჩში ახალზელანდიელებმა 9 ჯარიმის გატანა მოახერხეს.
ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე - 109 874 ადამიანი დაესწრო 2000 წლის 15 ივლისს სიდნეიში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ავსტრალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიასთან 35:39 წააგო.
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი - „ოლ ბლექსის“ ყოფილ კაპიტან რიჩი მაკქოუს „რაგბი ჩემპიონშიპში“ 58 აქვს ჩატარებული, ლეგენდარულ ფლანკერთან ყველაზე ახლოს, ვისაც კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, სამხრეთაფრიკელი ბრაინ ჰაბანაა( 50 მატჩი).
ყველაზე მეტი მატჩი კაპიტნის რანგში - აქაც პირველობას არავის უთმობს რიჩი მაკქოუ. მან კაპიტნის რანგში „რაგბი ჩემპიონშიპში“ 47 მატჩი ჩაატარა. მოქმედი კაპიტნებიდან მასთან ყველაზე ახლოს არგენტინელი აგუსტინ კრივია(11 მატჩი), თუმცა აღსანიშნავია, რომ კვაჭი 31 წლისაა და მისთვის რეკორდის დამხობა წამოუდგენელი ჩანს.
საუკეთესო ბომბარდირი - მსოფლიოს საუკეთესო მორაგბემ დენ კარტერმა 12 წლის განმავლობაში ტურნირზე 554 ქულის დაგროვება შეძლო. ახალზელანდიელთან ყველაზე ახლოს ავსტრალიელი მორნი სტეინია(348 ქულა).
საუკეთესო მელელოვე - ბრაიან ჰაბანას 20 ლელო აქვს დადებული, ადამ ეშლი-კუპერს- 13, ბენ სმიტს- 11, მომდევნო წლებში ყველაზე რეალური შანსი რეკორდის დასამხობად ახალზელანდიელ ჯულიან სავეას აქვს- 26 წლის გარემარბის ანგარიშზე უკვე 11 ლელოა.
ყველაზე უხეში მორაგბე - ავსტრალიელთა ფლანკერმა მაიკლ ჰუპერმა 3-ჯერ მოახერხა ყვითელი ბარათის მიღება.
მორაგბის მიერ დაგროვილი ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში - სამხრეთ აფრიკელმა მორნი სტეინმა 2009 წელს „ოლ ბლექსს“ 31 ქულა გაუტანა, „ბოკემ“ ის მატჩი 31:19 მოიგეს.
გამარჯვების ყველაზე მეტი რაოდენობა - რიჩი მაკქოუმ „რაგბი ჩემპიონშიპში“ 47 გამარჯვება იზეიმა. მას17 მატჩით ჩამორჩება თანამემამულე ქირან რიდი.
მარცხის ყველაზე მეტი რაოდენობა - ავსტრალიელმა მხტომელმა ნათან შარპმა 29 მატჩში იწვნია მარცხი, ადამ ეშლი-კუპერი -28, ბრაიან ჰაბანა - 26.
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია