დიდი 10

9:39 | 4.09.2016 | ნანახია 2478 - ჯერ

მოტივირებული „აკადემია“ და შეუჩერებელი სიჭინავა

„დიდი 10“-ის ორ სადებიუტო შეხვედრაში, რომლებიც პარალელურად თბილისსა და ქუთაისში გაიმართა, გამარჯვებები თბილისურ კლუბებს დარჩათ - „ავჭალაზე“ „აკადემიამ“ „ყოჩებს“, ხოლო „აია არენაზე“ ქვეყნის ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ დებიუტანტ „ბაგრატს“ პრემიალური ქულით სძლია.

თბილისურ მატჩს აკადემიელები მეტოქეზე მომზადებული და მოტივირებული შეხვდნენ. განსაკუთრებით მათი უკანახაზელები გამოირჩეოდნენ, რომლებიც ხშირად ახერხებდნენ მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას და უპირატესობის შექმნას. ამათ შორის კიდევ უფრო გამორჩეული იყო ანზორ სიჭინავა, რომელმაც პირველი ლელო შექმნა და მეორე თავად დადო. მან კიდევ რამდენჯერმე შექმნა ხიფათი და მოედანზე საუკეთესო იყო. „ყოჩებიდან“ თავი გამოიჩინა ირაკლი გეგენავამ, რომელმაც 15 და 10 ნომრებზე ითამაშა და ასევე რამდენჯერმე წამოიწყო კარგი იერიში.

ბოლნისელებს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ეტყობოდათ, რომ სეზონის სტარტია და ბევრი რამ დასახვეწი და დასალაგებელია. თამაში არ წაუვიდა ახალგაზრდა მგეზავ გიგა გულმაგარაშვილს. მთლიანობაში, შეცდომები ორივე გუნდმა დაუშვა, თუმცა იყო ლამაზი ეპიზოდებიც, რითაც ტრიბუნაზე შეკრებილმა 1000-მდე მაყურებელმა ისიამოვნა და სეზონის სტარტიც შედგა.

მატჩის დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა - გიორგი ბეგაძემ და საბა შუბითიძემ, საქართველოს ჰიმნის თანხლებით ეროვნული დროშა აღმართეს. პირველმა ლელომაც არ დააყოვნა და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა - დერეფნის მოგების შემდეგ, გიორგი მარგიანმა სიჭინავას დაფარული პასი მისცა, მანაც მცველების უყურადღებობით ისარგებლა და სისწრაფეზე ხაზი გაჭრა, ლელოში კი, ბურთი მარგიანმა შეაყოლა და კოტე ახობაძემ გარდასახა.

„ყოჩებს“ სამიოდე წუთში შეეძლო პასუხის გაცემა, გულმაგარაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. „აკადემია“ რაქებში აქტიურობდა, თუმცა უმეტესად ჯარიმდებოდა - 13 წუთში ხუთჯერ დაირღვა წესი და ირაკლი გეგენავამ ჩამორჩენა შეამცირა. მღელვარება რომ დაძლიეს, „აკადემიელებმა“ დისციპლინა გამოასწორეს და მეტოქეს რაქში რამდენჯერმე მოიგეს ბურთი. სიჭინავა, მარგიანი და სოსო მათიაშვილი, ბურთის ყოველი დაუფლებისას ხაზის გაჭრაზე მიდიოდნენ და ხშირად ამას ახერხებდნენ. დერეფნებსა და შერკინებებში ორივე გუნდი სცოდავდა, ანგარიში კი, მე-20 წუთზე ახობაძემ 20 მეტრიდან გატანილი ჯარიმით შეამცირა. ორიოდე წუთში გეგენავას რთული პოზიციიდან გაუცუდდა დარტყმა, რის შემდეგაც, შესვენებამდე ინიციატივას „აკადემია“ დაეუფლა.

31-ე წუთზე „აკადემიას“ დერეფანს კიდევ ერთი ლელო მოყვა. მართალია თბილისელებმა ამჯერად ბურთი კარგად ვერ ააგდეს, მაგრამ ის სიჭინავამ აიტაცა, კარის წინ ნახევარ გუნდს გაუძვრა და ინდივიდუალური, ლამაზი ლელო დადო, ხოლო ახობაძემ გარდასახა - 17:3. შესვენებამდე „მხატვრებმა“ ხელდახელ ბურთაობით კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს, ხოლო ტაიმის მიწურულს ახობაძეს კარის წინ 35 მეტრიდან გასატანი ჯარიმა გაუცუდდა. „ყოჩებმა“ შერკინებაში უპირატესობა ვერ მოიპოვა და მწვრთნელმა ბურჯები შეცვალა.

შესვენებისას რატი ურუშაძემ კიდევ ორი ცვლილება განახორციელა, მგეზავად გეგენავა გადავიდა, ხოლო ფულბეკად გიორგი მელაძე გადავიდა. „ყოჩებმა“ ტაიმი აქტიურად დაიწყო და მალევე დაეუფლა სათამაშო ინიციატივას, თუმცა მეტოქის 22-ში, რაქში კვლავ დაკარგა ბურთი და სიჭინავა დუბლს შეასრულებდა გეგენავას რომ არ ევაჟკაცა. 51-ე წუთზე „ყოჩმა“ უკვე კარის წინ გაჭრა ხაზი და კარგად იარა, მეტოქის 22-ში ბურთი შეინარჩუნა, რაქიდან ის გიორგი ბეგაძემ სწრაფად გაიტანა, ნიკა ჩხიკვაძემ მარჯვენა კიდესთან ჯაბა კიკვიძეს უპასა, რომელიც 5-მეტრიანში აუტში გადაიყვანეს, თუმცა ბურთის თამაშში დატოვება მოასწრო და ჩხიკვაძემ ბოჭვის მიუხედავად ლელო დადო. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა მხოლოდ 9 ქულამდე შემცირდა - 8:17.

ამან „აკადემია“ გამოაცოცხლა, მათ მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს, ფეხით თამაშის შემდეგ, ჰაერში მყოფ მათიაშვილს გიორგი ხარშილაძე ეთამაშა და სინბინით დაისაჯა -დაზარალებულმა 44 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ამას თბილისელთა სახიფათო იერიში მოყვა და თითქოს ლელოც გავიდა, მაგრამ მანამდე მსაჯის სასტვენის ხმა გაისმა - ნიკო აფციაური რამდენიმე მეტოქეს წაეჩხუბა და რეფერიმ ის და ლევან ლომაური სინბინში გაუშვა.ამ ეპიზოდს აკადემიელთა სასარგებლოდ ჯარიმა მოყვა და ახობაძემ გაიტანა. მერე დარტყმა მათიაშვილს გაუცუდდა, თუმცა თამაში რომ განახლდა 47 მეტრიდან ისეთი არეკნი გაიტანა, აცილებული დარტყმა ყველას დაავიწყდა - 26:8.

ორიოდე წუთში გეგენავამ გაიბრწყინა - ის ცენტრალური ხაზის სიახლოვედან დაიძრა, მცველებს შორის გაძვრა, ფინტებით კიდევ რამდენიმეს გაცდა და 22-ის ხაზთან ფეხით ითამაშა, ბურთსაც აუცილებლად დაამიწებდა, მაგრამ ჯერ კიდევ უბურთოს ორი აკადემიელი შეეჯახა. მთავარმა და გვერდითმა მსაჯმა დინამიკაში ეპიზოდი ვერ განსაჯეს, ვიდეო-რეფერი არ იყო და საჯარიმო ლელოც არ დაფიქსირდა, რითაც ბოლნისელებმა პრემიალური ქულისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგეს. თამაშის მიწურულს მათიაშვილს კარის წინ 25 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ამან აღარაფერი შეცვალა და საბოლოოდ 26:8 დაფიქსირდა.

ქუთაისში ქვეყნის ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“ მეტოქეს პირველსავე ტაიმში სამი ლელო დაუდო, სამივე გარდასახა და 21:3 დაწინაურდა. „დიდი 10“-ის დებიუტანტმა „ბაგრატმა“ მეორე ტაიმში თბილისელებს ქულა აღარ ააღებინა, თავად კიდევ ოთხი ჯარიმა გაიტანა და ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დამარცხდა - 15:21. შედეგად, „ბაგრატმა“ უძლიერესთა შორის პირველი ქულა აიღო, მცირედი მარცხისთვის, ხოლო „ლელო-სარასენსმა“ ტიტულის დაცვა სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური გამარჯვებით დაიწყო.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

I ტური. 3 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 1000 მაყურებელი

აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 26:8 (17:3)

აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. სიჭინავა, 13. მარგიანი, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე, 10. ახობაძე, 9. ღამბაშიძე; 1. გვარამია, 2. ლომაური, 3. მაზმიშვილი, 4. ზოიძე, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე (კაპ.), 8. გოგლიძე.

სათადარიგოები: 16. მახარაშვილი, 17. ქადარია, 18. მექერიშვილი, 19. მოსეშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ხელაია, 22. მაზმიშვილი, 23. დავითაშვილი.

2 ლელო: მარგიანი, სიჭინავა

2 გარდასახვა: ახობაძე

3 ჯარიმა: ახობაძე (2), მათიაშვილი

1 არეკნი: მათიაშვილი

1 სინბინი: ლომაური

ყოჩები: 15. გეგენავა, 14. მელაძე, 13. ხიდეშელი, 12. ხარშილაძე, 11. ცირეკიძე, 10. გულმაგარაშვილი, 9. ბეგაძე (კაპ.); 1. ცუცქირიძე, 2. მამუკაშვილი, 3. ჯაშიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. პირმისაშვილი, 17. ჯინჭარაძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. კიკვიძე, 20. აფციაური, 21. ნიჟარაძე, 22. რეხვიაშვილი, 23. ჯინაშვილი.

1 ლელო: ჩხიკვაძე

1 ჯარიმა: გეგენავა

2 სინბინი: ხარშილაძე, აფციაური

ქუთაისი. „აია არენა“.

ბაგრატი (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 15:21

ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. თუთბერიძე, 11. ბ. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. გუდავა, 3. გ. ტორაძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. კობახიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე (კაპ.).

სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. ჭელიძე, 18. ბალანჩივაძე, 19. ჩიქვინიძე, 20. ხელაძე, 21. ცირეკიძე, 22. ცნობილაძე, 23. ოდიშარია.

ლელო-სარასენსი: 15. ბარკალაია, 14. ხეცოიძე, 13. გავაშელიშვილი, 12. კვესელაძე, 11. ზაალიშვილი, 10. ხმალაძე (კაპ.), 9. აფრასიძე; 1. ჯულაყიძე, 2. ჭყოიძე, 3. მჭედლიძე, 4. იორდანიშვილი, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. სურგულაძე, 8. მაისურაძე.

სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. ქართველიშვილი, 19. სიხარულიძე, 20. ხორბალაძე, 21. მინდიაშვილი, 22. ბერიაშვილი, 23. ხეცურიანი.

4 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი

არმია (თბილისი) - ჯიქი (გორი)

თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:52 | 04.09.2016
geogoli (367)

სიჭინავას ლელოს სავეაც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. აკადემიამ რიგ ეპიზოდებში მშვენივრად ითამაშა ხელდახელ და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ყოჩები კი შეუთამაშებლები მეჩვენენ. სამწუხაროა ქუთაისიდან სტრიმი რომ არ მუშაობდა. იმედია დღეს გამართულად იმუშავებს. ბაგრატი-ლელოს სტატისტიკაც რომ იყოს ზემოთ არ იქნებოდა ურიგო.

0.12301