დღეს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ცენტრებში - თბილისსა და ქუთაისში, დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონი იწყება. ორი თამაში პარალელურად, 17 საათზეა დანიშნული და შესაბამისად, ორივე ქალაქში ერთდროულად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ქუთაისში, „აია არენაზე“ დიდი 10-ის დებიუტანტი „ბაგრატი“ ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის „ლელო-სარასენსს“ მასპინძლობს. თბილისელები აგერ უკვე ზედიზედ მეოთხე წელია უმაღლეს კვარცხლბეკზე ადიან, ჯამში კი, ჩემპიონები 6-ჯერ გახდნენ. ქართული და ქუთაისური რაგბის ფლაგმანი წლების განმავლობაში ქუთაისის „აია“ იყო, თუმცა ბოლო წლებში ამ ქალაქის მეორე გუნდი „ბაგრატი“, მეთოდურად მიიწევდა წინ და გასულ სეზონში პირველი ლიგა დამსახურებულად მოიგო.
შედეგად, პირველად ისტორიაში, ქუთაისს მოწინავე ათეულში ორი გუნდი ჰყავს. დიდი 10 სხვა დონე რომაა, ეს „ბაგრატის“ ხელმძღვანელობამაც იცის და ზაფხულში გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თანაქალაქელი „აიადან“ გუნდმა გიორგი ფრუიძე, რეზი ჯინჭველაშვილი, გივი ლოსაბერიძე, ბექა და გიორგი ტორაძეები, „არმიადან“ გიორგი ზინზიბაძე, „ჯიქიდან“ ლევან თხელიძე და „ბათუმიდან“ შაკო შაშიაშვილი დაიმატა. ეს მნიშვნელოვანი ნამატია და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად და კარგად მოხდება გუნდის შეკვრა და შეთამაშება.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, „ლელო-სარასენსმა“ ტრადიციულად რამდენიმე მოთამაშე დაკარგა - დაჩი კოპაძე და გიორგი ტალახაძე „ლოკომოტივში“ გადავიდნენ, ნიკა პატარაიამ „ბათუმს“, ხოლო თევდორე მაჭარაშვილმა „ჯიქს“ მიაშურა. ჩემპიონმა შევსება უმეტესად „ესპუართა“ და ჭაბუკთა „ა“ ლიგიდან მიიღო. „ლელო-სარასენსის“განაცხადშია საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მერაბ კვირიკაშვილი, თუმცა ცნობილი მიზეზის გამო, როდის შეძლებს ის მოედანზე გასვლას არავისთვისაა ცნობილი.
თბილისში, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე „აკადემია“ ბოლნისის „ყოჩებს“ მასპინძლობს. „მხატვრები“ დიდ 10-ში შარშან დაწინაურდნენ, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნეს და წელს ექვსეულისთვის იბრძოლებენ. გუნდი არავის დაუტოვებია, საფრანგეთიდან შეუერთდა თორნიკე ზოიძე და „არმიადან“ გიორგი სულუაშვილი.
თემო სოხაძის სახით, დიდი ძალა მოაკლდა „ყოჩებს“, რომელიც ბოლო ორი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და წელს „ბათუმში“ ითამაშებს. მის ადგილს საპასუხისმგებლო პოზიციას დაიკავებს და დარტყმების შესრულებასაც ითავებს ახალგაზრდა გიგა გულმაგარაშვილი. ბოლნისელები დატოვა და „ლოკომოტივს“ მიაშურა საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრმა, უკანახაზელმა ლევან გოგოლაშვილმა. უკანა ხაზში „ყოჩებმა“ შევსების სახით „არმიადან“ რამაზ ჯინაშვილი დაიმატა. მათი ყველაზე წონადი შენაძენი საქართველოს ნაკრების კვაჭი შალვა მამუკაშვილია, რომელიც შარშანწინ ინგლისის პრემიერშიპის „სეილ შარქსში“, ხოლო შარშან პრო 12-ის შოტლანდიურ გრანდ „გლაზგო უორიორსში“ თამაშობდა.
სამი თამაშია კვირას, შემადგენლობები დღეს საღამოს გახდება ცნობილი და ამ წყვილებზეც მოგვიანებით ვისაუბროთ.
2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10
I ტური. 3 სექტემბერი
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
აკადემია: 15. მათიაშვილი, 14. სიჭინავა, 13. მარგიანი, 12. ილურიძე, 11. ჭუაძე, 10. ახობაძე, 9. ღამბაშიძე; 1. გვარამია, 2. ლომაური, 3. მაზმიშვილი, 4. ზოიძე, 5. დავითაძე, 6. ლუარსაბიშვილი, 7. შუბითიძე (კაპ.), 8. გოგლიძე.
სათადარიგოები: 16. მახარაშვილი, 17. ქადარია, 18. მექერიშვილი, 19. მოსეშვილი, 20. გოგოლაძე, 21. ხელაია, 22. მაზმიშვილი, 23. დავითაშვილი.
ყოჩები: 15. გეგენავა, 14. მელაძე, 13. ხიდეშელი, 12. ხარშილაძე, 11. ცირეკიძე, 10. გულმაგარაშვილი, 9. ბეგაძე (კაპ.); 1. ცუცქირიძე, 2. მამუკაშვილი, 3. ჯაშიტაშვილი, 4. ეფრემიძე, 5. გოგიძე, 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. პირმისაშვილი, 17. ჯინჭარაძე, 18. ხოსიტაშვილი, 19. კიკვიძე, 20. აფციაური, 21. ნიჟარაძე, 22. რეხვიაშვილი, 23. ჯინაშვილი.
პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი: http://2tv.ge/ge/live.html
ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი
ბაგრატი (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)
ბაგრატი: 15. კვერნაძე, 14. გოშაძე, 13. ფრუიძე, 12. თუთბერიძე, 11. ბ. ტორაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლოსაბერიძე; 1. ბოგვერაძე, 2. გუდავა, 3. გ. ტორაძე, 4. კიკვაძე, 5. არჩვაძე, 6. კობახიძე, 7. გუდაძე, 8. თხელიძე (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ასათიანი, 17. ჭელიძე, 18. ბალანჩივაძე, 19. ჩიქვინიძე, 20. ხელაძე, 21. ცირეკიძე, 22. ცნობილაძე, 23. ოდიშარია.
ლელო-სარასენსი: 15. ბარკალაია, 14. ხეცოიძე, 13. გავაშელიშვილი, 12. კვესელაძე, 11. ზაალიშვილი, 10. ხმალაძე (კაპ.), 9. აფრასიძე; 1. ჯულაყიძე, 2. ჭყოიძე, 3. მჭედლიძე, 4. იორდანიშვილი, 5. ქოიავა, 6. ბუბუტეიშვილი, 7. სურგულაძე, 8. მაისურაძე.
სათადარიგოები: 16. ლომთაძე, 17. მარგალიტაძე, 18. ქართველიშვილი, 19. სიხარულიძე, 20. ხორბალაძე, 21. მინდიაშვილი, 22. ბერიაშვილი, 23. ხეცურიანი.
სთრიმი: https://www.youtube.com/watch?v=YnGgg2w-Onc&feature=youtu.be
4 სექტემბერი
თბილისი. „ავჭალა“. 17:00 საათი
არმია (თბილისი) - ჯიქი (გორი)
თბილისი. „შევარდენი“. 17:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ქუთაისი. „აია არენა“. 17:00 საათი
აია (ქუთაისი) - ბათუმი (ბათუმი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია