კელტების ლიგა

18:22 | 31.08.2016 | ნანახია 2591 - ჯერ

ფეიქრიშვილი დეკემბრამდე „ოლსტერში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა, პრო 12-ის ირლანდიურ კლუბ „ოლსტერთან“ მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ 19 დეკემბრამდე ითამაშებს.

28 წლის მორაგბესთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ, სადაც ის ინგლისურ კლუბებთან - „ბრისტოლთან“ და „ლონდონ აირიშთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ გვარწმუნებდა, რომ მისი მომავალი კლუბის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვეოდა. ლოდინი დიდხანს არ გაგრძელდა და ფეიქრიშვილი მესამე ქართველია, რომელიც ყოფილი „კელტების“, ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებულ ლიგაში ითამაშებს. აქამდე დიმიტრი ბასილაია შოტლანდიური „ედინბურგის“, ხოლო შალვა მამუკაშვილი ასევე სქოთური „გლაზგო უორიორსის“ ღირსებას იცავდა. ფეიქრიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც კონტრაქტი ირლანდიურ კლუბთან გააფორმა.

„ოლსტერს“ ტრავმების გამო ბურჯის პოზიციაზე პრობლემები აქვს, პრო 12-ის ახალი სეზონი სტარტს კვირის ბოლოს აიღებს და კლუბის დირექტორმა ბრაიან კუნინგემმა ირლანდიის რაგბის კავშირთან დაჩქარებული ტემპებით იმუშავა, რათა ფეიქრიშვილის განაცხადში შეყვანა დროულად მომხდარიყო.

ანტონი აქამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ საფრანგეთში მოღვაწეობდა და 2007 წლიდან „აჟენის“, „კასტრის“, „ბრივის“ და „ბეიონის“ ღირსებას იცავდა. „კასტრთან“ ერთად 2010-2014 წლების პერიოდში მან ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ, „ჰაინეკენის თასზე“ ითამაშა. 2008 წლიდან დღემდე, ფეიქრიშვილმა 23 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 5 ლელო დადო.

„რთული პერიოდი გვქონდა, რადგან ტრავმების გამო ერთბაშად სამი ბურჯი დავკარგეთ და ვეძებდით ვარიანტს, რათა მოკლევადიანი კონტრაქტით გაგვეფორმებინა ამ პოზიციის მოთამაშე. ბრაიანმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახერხა ანტონთან შეთანხმება და მადლობა ირლანდიის რაგბის კავშირს, რომელმაც ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. განვიხილავდით პირველ გუნდში ჩვენი აკადემიის აღზრდილ ახალგაზრდა მორაგბეების დაწინაურებას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი გამოცდილ ფეიქრიშვილზე შევაჩერეთ. როგორც წესი, ქართველები გამოირჩევიან შერკინებაში თამაშით და ანტონიც ერთ-ერთი მათგანია. მიუხედავად წონისა და აღნაგობისა, ის ძალიან მობილურია და მნიშვნელოვან როლს შეიტანს ჩვენს გაშლილ თამაშში, რაც სათამაშო სტილიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია“ - თქვა ფეიქრიშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბის დირექტორმა ლეს კისმა.

„ოლსტერს“ ჩემპიონთა თასი ერთხელ, შორეულ 1999 წელს აქვს მოგებული, 2006 წელს პრო 12-ის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2004 წელს მისი წინამორბედი „კელტების ლიგა“ მოიგო. 2012 წელს ის ჩემპიონთა თასის ფინალში დამარცხდა, ხოლო 2013 წელს პრო 12-ის ფინალში. შარშან „ოლსტერი“ პრო 12-ის ნახევარფინალში გავიდა და ახალ სეზონში, გარდა შინაური ასპარეზისა, ჩემპიონთა თასზეც ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ინგლისური „ექსეტერი“ და ფრანგული კლუბები - დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“, ასევე „ბორდო“ იქნებიან.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:20 | 01.09.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

23:06 | 31.08.2016
Kala94 (151)

მშვენიერი ვარიანტია.. პრო 12 ში თამაში თან ირლანდიურ კლუბში მაგარი ამბავია ! წარმატებები ანტონ !

0.081511