ტოპ 14

18:44 | 29.08.2016 | ნანახია 3517 - ჯერ

ორნი სინბინში და ჩილაჩავა სიმბოლურში!

ტოპ 14-ის მეორე ტურის გახსნით მატჩში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის „ტულონმა“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტულონელები „პოს“ ეწვივნენ და დაძაბულ ბრძოლაში 22:18 იმარჯვეს.

ჩილაჩავამ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 27-ე წუთზე მეორე ბურჯთან ერთად შეცვალეს. ქართველი, რომელიც კისერს იტკიებდა, თამაშში 57-ე წუთზე დაბრუნდა და პირველსავე შერკინებაში საკუთარ გუნდს ჯარიმის შესრულების უფლება მოუტანა, ხოლო მოწინააღმდეგის ბურჯი სინბინით დაისაჯა. მისმა მოედანზე დაბრუნებამ, სტუმრებს შერკინებაში უპირატესობა დაუბრუნა და შედეგად, 3 ნომრის პოზიციაზე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის პირველი ქართველია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ეს პატივი ერგო.

შეცვლაზე 55-ე წუთიდან მეორე ხაზში შევიდა გორგოძე, რომელმაც გაწითლებულ დროზე, ლელოდან 2-3 მეტრში მეტოქეს რაქიდან ბურთი არ გაატანინა და სინბინით დაისაჯა. ამ ეპიზოდში „ტულონი“ აშკარა ლელოს გადარჩა, სტუმრები მოედანზე 13 კაცით დარჩნენ, მაგრამ „პომ“ ბურთი რომ გაითამაშა მეორე ფაზაშივე დაჯარიმდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

პირველი ტაიმის 9:8 მოგების შემდეგ, სტუმრებმა დასკვნითი მეოთხედის წინ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდეს. მასპინძლებმა 75-ე წუთზე ლელო დადეს, გარდასახვა გამოიყენეს და კიდევ ერთი ლელო მათ გამარჯვებას მოუტანდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩილაჩავას შეტევაში თავი არ გამოუჩენია, დაცვაში 6 ბოჭვა შეასრულა, 1 გაუცუდდა და ერთხელ დაჯარიმდა. გორგოძემ 4-ჯერ მიიღო ბურთი, 2 მეტრით წაიწია წინ, 1 ოფლოუდი გაახერხა და ერთი პასი გააკეთა. დაცვაში მან 7 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა, 2-ჯერ დაჯარიმდა და როგორც ზევით ვთქვით, სინბინით დაისაჯა.

ქართველი ქომაგისთვის საინტერესო იყო ტურის დასკვნითი მატჩი, რომელშიც მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის „მონპელიე“ დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონს“ მასპინძლობდა. მზის გულზე გამართულ მატჩს 11 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და მათ დაძაბული ბრძოლა იხილეს. „მონპელიე“ აქცენტს ძალაზე აკეთებდა, თუმცა „კლერმონი“ მეტოქეს ამ კომპონენტში მომზადებული დახვდა და აგრესიული დაცვით გასაქანი შეუზღუდა.

გუნდებმა შესვენებამდე თითო ლელო გაცვალეს, მაგრამ სტუმრებმა კარში უფრო ზუსტად ურტყეს და 16:5 დაწინაურდნენ, ხოლო 45-ე წუთზე, კამილ ლოპესმა „კლერმონის“ უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. ერთ წუთში „მონპელიეს“ აფრიკელმა ლეგიონერებმა 7 ქულით უპასუხეს - პიერ სპისის ლელო კატრაკილისმა გარდასახა, თუმცა 67-ე წუთზე ფიჯელმა იატომ ლელო დადო და ლოპესიც ზუსტი იყო. 5 წუთში, მასპინძელთა კიდევ ერთმა აფრიკელმა ლეგიონერმა ბისმარკ დუ პლესმა თავისი გუნდის მესამე ლელო დაამიწა და ბენჟამინ ბოტიკამ გარდასახა. 77-ე წუთზე მანვე ჯარიმა გაიტანა და „მონპელიეს“ პრემიალური ქულის დაბევებასთან ერთად, დარჩენილ დროში ლელოს დადებით გამარჯვების შანსი შეუნარჩუნა, თუმცა ასე არ მოხდა და „კლერმონმა“ 26:22 იმარჯვა.

ქართველი ლეგიონერებიდან მოედანზე ყველაზე მეტი დრო ზირაქაშვილმა გაატარა. ის „ვულკანების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ 2-ჯერ შეუტია და ჯამში 3 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 5 ბოჭვა შეასრულა და 1 გაუცუდდა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა შერკინებებში ტოპ 14-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯის, ნარიაშვილის შეჩერებაა, რომელმაც 54 წუთში 2-ჯერ მიიღო პასი, მბოჭავს წინვლის გარეშე დაუსხლტა და 1 პასი გააკეთა. მიშამ დაცვაში 4 ბოჭვა შეასრულა, 1 გაუცუდდა და ერთხელ თერნოვერი შეემთხვა, ერთხელ კი, დაჯარიმდა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო „მონპელიეს“ მარჯვენა ბურჯი ქუბრიაშვილიც, რომელიც 35-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს, მეორე ტაიმში მოედანს დაუბრუნდა და 5 წუთში კვლავ შეცვალეს. მან ერთხელ მიიღო ბურთი და პასი გააკეთა, 2 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა. პირველიდან 54-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა მიქაუტაძემ, 4 შეტევით ჯამში 3 მეტრით წაწია ბურთი, ერთი პასი გააკეთა, 3 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი შეემთხვა.

კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის „ბრივმა“ ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ 28:20 სძლია. ეს გამარჯვება მასპინძელთა ფულბეკის, გაეტან ჟერმეინის დამსახურებაა, რომელიც გუნდს 25 ქულით შეეწია. 26 წლის ფრანგმა 60 წუთში 6 ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანა. თამაში უხეში გამოდგა, ხშირი იყო ჯარიმები და 36-ე წუთზე ამას ასიეშვილი შეეწირა, რომელიც სინბინით დაისაჯა.

საქართველოს ნაკრების ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. ამ პერიოდში მან 2-ჯერ შეუტია და ერთი მეტრით წაიწია წინ, 6 ბოჭვა შეასრულა და სინბინი ერთადერთი ჯარიმისთვის დაიმსახურა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს პარიზელთა ბურჯი ჟვანია, რომელმაც 3 შეტევით 13 მეტრი მოიგო, ერთი ბოჭვა შეასრულა, ერთხელ თერნოვერი შეემთხვა და ერთხელ დაჯარიმდა.

„ბრივი“ 26 წუთის შემდეგ 16:3 იგებდა, მაგრამ შესვენებამდე 10 ქულა გაუშვა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა კვლავ გაზარდეს და საათის თავზე 25:13 დაწინაურდნენ, 76-ე წუთზე გაშვებულ ლელო-გარდასახვას კი, ბოლო წუთზე არეკნით უპასუხა. საერთო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, „სტად ფრანსე“ ბურთს სათამაშო დროის 67% აკონტროლებდა, ორჯერ მეტჯერ, 104-ჯერ შეუტია, ხაზი სუფთად 1-ის წილ 6-ჯერ გაჭრა და 134-ის საპასუხოდ 340 მეტრი დაფარა. „ბრივმა“ 148 ბოჭვა შეასრულა და 23 გაუცუდდა, თუმცა ამით სტუმრებმა ვერ ისარგებლეს. რეფერიმ ჯამში „ბრივის“ 4 და „სტად ფრანსეს ერთ მოთამაშეს აჩვენა ყვითელი ბარათი. მასპინძლებმა დასკვნითი 6 წუთი სულაც 13 კაცით ითამაშეს.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში გამართულ 14 თამაშში მესამე ფრე დაფიქსირდა. ამჯერად დავით ხინჩაგიშვილის „ბეიონი“ „კასტრს“ დაუზავდა - 12:12. მასპინძლებმა ბოლო ორი ჯარიმა 70-ე და 73-ე წუთებზე გაიტანეს. ხინჩაგაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 58-ე წუთზე შეცვალეს და 74-ეზე კვლავ მოუწია მოედანზე დაბრუნება.

ლექსო ყაულაშვილის „ლა როშელმა“ „გრენობლი“ სტუმრად ქართველი ლეგიონერის გარეშე დაამარცხა - 22:19. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში სტუმრად გამარჯვება სამმა გუნდმა მოიპოვა, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამში მასპინძლებმა იმარჯვეს.

ტრავმირებული ვასილ კაკოვინის „ტულუზმა“ „ბორდოს“ 22:17 სძლია. ტაიმის 9:9 დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს [22:12] და ჟირონდელებმა 72-ე წუთზე გატანილი ლელოთი პრემიალური ქულა მოიპოვეს. „ტულუზი“ ერთადერთია, რომელმაც სეზონის სტარტზე ორი გამარჯვება მოიპოვა.

ასევე ტრავმირებული ზაზა ნავროზაშვილის და გიორგი ჯავახიას „ლიონი“ პარიზში ქვეყნის ჩემპიონ „რასინგთან“ 16:29 დამარცხდა. მასპინძლებმა ერთის წილ 4 ლელო დადეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს.

საფრანგეთი. ტოპ 14. II ტური

პო - ტულონი 18:22

გრენობლი - ლა როშელი 19:22

რასინგი 92 - ლიონი 29:16

ბეიონი - კასტრი 12:12

ბრივი - სტად ფრანსე 28:20

ტულუზი - ბორდო 22:17

მონპელიე - კლერმონი 22:26

1.

ტულუზი

2

2

0

0

42:29

8

0

2.

კასტრი

2

1

1

0

40:23

6

0

3.

ბეიონი

2

1

1

0

40:35

6

0

4.

კლერმონი

2

1

1

0

56:52

6

0

5.

ლა როშელი

2

1

1

0

52:49

6

0

6.

ბრივი

2

1

1

0

43:35

6

0

7.

ბორდო

2

1

0

1

32:31

5

1

8.

სტად ფრანსე

2

1

0

1

74:48

5

1

9.

რასინგი 92

2

1

0

1

38:31

5

1

10.

ტულონი

2

1

0

1

45:46

5

1

11.

ლიონი

2

0

1

1

31:44

2

0

12.

მონპელიე

2

0

0

2

34:46

1

1

13.

პო

2

0

0

2

29:50

1

1

14.

გრენობლი

2

0

0

2

39:76

1

1

III ტური

3 სექტემბერი

სტად ფრანსე - კლერმონი

კასტრი - ლა როშელი

ლიონი - გრენობლი

პო - ბეიონი

ტულონი - ბრივი

4 სექტემბერი

ბორდო - მონპელიე

რასინგი - ტულუზი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.116145