პრო დ2

14:25 | 29.08.2016 | ნანახია 1815 - ჯერ

პრო დ2 მოკრძალებულად დაიწყო

საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის ახალი სეზონი ქართველმა ლეგიონერებმა მოკრძალებულად დაიწყეს.

გახსნით მატჩში ერთმანეთის პირისპირ გასული გათამაშების ლიდერები, „პერპინიენი“ და ბექა გორგაძის „მონ დე მარსანი“ წარსდგნენ. ქართველი მესამეხაზელი განაცხადში იყო და შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა, მისმა გუნდმა კი, მცირედი მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, შესვენებამდე სტუმართა ერთ ჯარიმას მასპინძლებმა ორით უპასუხეს, ზედ შესვენების წინ კი, „მონ დე მარსანმა“ შერკინებიდან შეუტია და სამი ოფლოუდის შემდეგ მეთ ჯეიმსმა ლელო დადო - 10:6.

თუმცა, ტრადიციულად, კატალონიელები საკუთარ მოედანზე ძლიერად თამაშობენ, 54-ე წუთზე მათ ტონგელ შუამარბ სიონე პიუკალაზე ორი ბოჭვა გაფუჭდა და ლელო ძელებსშუა გავიდა. ამის შემდეგ „მონ დე მარსანმა“ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ 75-ე წუთზე გაშვებული ჯარიმა უპასუხო დარჩა და „პერპინიენმა“ 19:16 მოიგო. აღსანიშნავია, რომ სტუმრების 16-ივე ქულა მეთ ჯეიმსის ანგარიშზეა.

მცირედი მარცხისთვის მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“, რომელმაც შარშან ტოპ 14-ში ასასვლელი ფინალი ითამაშა. ოთხი ქართველის გუნდი სტუმრად ელიზბარ ყუფარაძის „დაქსს“ ეთამაშა. „ორიაკის“ განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი დათუნაშვილი იყო, რომელმაც სრულად ითამაშა. მასპინძელთა შორის, თანაგუნდელის სინბინის გამო 44-ედან 52-ე წუთამდე შეცვლაზე ითამაშა ყუფარაძემ.

„ორიაკი“ ბურთს ფლობდა და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ საწყის 20 წუთში ორი კონტრშეტევა გაუშვა და პირველი იგნასიო მიერესის ჯარიმით, ხოლო მეორე ფეხით თამაშით და პიკის ლელოთი დასრულდა. 23-ე წუთზე ფეხით უკვე ახალზელანდიელმა ფულბეკმა ჯეკ მაკფიმ ითამაშა და ლელო მისმა თანამემამულემ, გარემარბმა ალექს ლუატუამ დაამიწა, ხოლო პეტიტჯანმა გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. შესვენებამდე მგეზავებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და ტაიმი 11:10 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა სამოელი ბურჯი ჯეიმს ლაკეპა სინბინით დაისაჯა, თუმცა „ორიაკმა“ მეტობით ვერ ისარგებლა. მიერესმა 48-ე წუთზე არეკნი დაახლოებით 35 მეტრიდან გაიტანა და დამრტყმელების დუელი გაჩაღდა. პეტიტჯანმა მასპინძელთა ორ ჯარიმას სამი ზუსტი დარტყმით უპასუხა და 76-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, დასკვნითი წუთები „ორიაკის“ იერიშებით წარიმართა, მაგრამ ლელოდან 8-10 მეტრში საკუთარი დერეფანი წააგეს, სულ ბოლოს ბურთი ერთხელაც დაკარგეს და 19:20 დამარცხდნენ.

ოთხი ქართველის კიდევ ერთი გუნდი „აჟენი“, ლაშა ლომიძის „ბეზიესთან“ 11:34 დამარცხდა და მასპინძლებს სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც დაუტოვა. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ლომიძე, სტუმართა შორის არ უთამაშიათ გიორგი თეთრაშვილს, ვახტანგ ახობაძეს და გიორგი მარგველანს, ხოლო თამაზ მჭედლიძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა.

პირველ ტაიმში ტოპ 14-იდან დაქვეითებულმა სტუმრებმა იბრძოლეს და მხოლოდ 5 ქულის სხვაობით, 8:13 ჩამორჩნენ. „აჟენის“ ერთადერთი ლელო ფიჯელმა ფილიპო ნაკოსიმ დადო, რომელიც მოგვიანებით თაზომ შეცვალა. თამაში რომ განახლდა „ბეზიეს“ მეორე ლელო ტუნისელმა საბრი გმირმა მიითვალა, 55-ე წუთზე ავსტრალიელმა ნიკომ დუბლი შეასრულა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროზე მიზანს ზელანდიელი პულეტაუ მიწვდა და მასპინძლებს პრემიალური ქულა მოუტანა [ლელოებით 4:1]. ამრიგად, მატჩის ხუთი ლელოდან ევროპელების ანგარიშზე ერთიც არაა.

ტოპ 14-იდან დაქვეითებულმა კიდევ ერთმა გუნდმა, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის „უიონამ“ ფედერალ 1-იდან აღზევებულ, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის „ანგულემს“ 36:10 მოუგო. მასპინძლებმა მეტოქეს ერთის წილ ოთხი ლელო დაუდეს და პრემიაც ჩაიწერეს. სტუმართა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სუთიაშვილმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს თავბერიძე, ხოლო მასპინძელთა რიგებში დასკვნითი 11 წუთი ითამაშა ვეფხვაძემ.

„უიონა“ რა თქმა უნდა უპირატესობას ფლობდა, „ანგულემმა“ ერთადერთი ლელო 24-ე წუთზე დადო, როდესაც პოეტმა გადაცემა ჩაჭრა და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე მეორე ლელოც დადეს და 21:10 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ მათ კიდევ ორჯერ დაამიწეს ბურთი სტუმართა ლელოში, თუმცა „ანგულემმა“ იბრძოლა და მეტოქემ პრემიის გაფორმება მხოლოდ 78-ე წუთზეღა მოახერხა.

პირველ ტურში ერთი ფრე დაფიქსირდა: ბექა შეყლაშვილის „ალბი“ გიორგი ნაცარაშვილის „კარკასონს“ დაუზავდა - 23:23. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. „ალბი“ 20 წუთის შემდეგ 17:3 იგებდა, შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუშვა, მეორე ტაიმის 20 წუთში კი, ორი ლელო უკვე თავად გაუშვა და 20:23 ჩამორჩა. „ალბიმ“ ანგარიში 74-ე წუთზე გაათანაბრა.

ფედერალ 1-დან აღზევებულმა ვახტანგ მაისურაძისა და არჩილ ბეჟიაშვილის „ვანმა“ „მონტობანს“ 23:20 სძლია. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერებს არც ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო დადეს და 17:6 დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ და მეორე ნახევრიდან დებიუტში ორი ლელო თავად გაუშვეს - 17:20. ეშლი მოეკამ ჯარიმით წონასწორობა 55-ე წუთზე აღადგინა, ხოლო 73-ეზე გამარჯვებისა დაკრა და გუნდს 4 სატურნირო ქულა შესძინა.

ტარიელ რატიანიძისა და შაკო ოდიშარიას „ნარბონი“ სტუმრად „ბიარიცთან“ 6:25 დამარცხდა. ვეტერანი ბურჯი რატიანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-13-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. თამაში უხეში გამოდგა, სტუმართა სამი მორაგბე სინბინით დაისაჯა, გუნდებმაც ქულები საჯარიმო დარტყმებით აგროვეს და „ბიარიცმა“ შეხვედრის ერთადერთი ლელო ბოლო წუთზეღა დადო.

რუმინეთის ნაკრების კვაჭის, ოთარ ტურაშვილის „კოლომიე“ სტუმრად „ბურგუენთან“ 18:19 დამარცხდა და პრემიას დასჯერდა. თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მორაგბემ შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა. მისი გუნდი ჯარიმების ხარჯზე თითქმის სულ წინ იყო, მაგრამ 65-ე და 70-ე წუთებზე გაშვებულ ჯარიმებს ვეღარაფრით უპასუხა.

პრო დ2-ის მეორე ტურის თითო შეხვედრა 1 და 4 სექტემბერსაა დანიშნული, ხოლო ექვსი თამაში 2 სექტემბერს გაიმართება.

საფრანგეთი. პრო დ2. I ტური

პერპინიენი - მონ დე მარსანი 19:16

ალბი - კარკასონი 23:23

უიონა - ანგულემი 36:10

დაქსი - ორიაკი 20:19

ბურგუენი - კოლომიე 19:18

ვანი - მონტობანი 23:20

ბიარიცი - ნარბონი 25:6

ბეზიე - აჯენი 34:11

1.

უიონა

1

1

0

0

36:10

5

2.

ბეზიე

1

1

0

0

34:11

5

3.

ბიარიცი

1

1

0

0

25:6

4

4.

ვანი

1

1

0

0

23:20

4

5.

პერპინიენი

1

1

0

0

19:16

4

6.

დაქსი

1

1

0

0

20:19

4

7.

ბურგუენი

1

1

0

0

19:18

4

8.

ალბი

1

0

1

0

23:23

2

9.

კარკასონი

1

0

1

0

23:23

2

10.

ორიაკი

1

0

0

1

19:20

1

11.

კოლომიე

1

0

0

1

18:19

1

12.

მონტობანი

1

0

0

1

20:23

1

13.

მონ დე მარსანი

1

0

0

1

16:19

1

14.

ნარბონი

1

0

0

1

6:25

0

15.

აჟენი

1

0

0

1

11:34

0

16.

ანგულემი

1

0

0

1

10:36

0

II ტური

1 სექტემბერი

ორიაკი - პერპინიენი

2 სექტემბერი

ანგულემი - ვანი

ბეზიე - უიონა

კოლომიე - კარკასონი

მონტობანი - ბიარიცი

ნარბონი - ბურგუენი

მონ დე მარსანი - დაქსი

4 სექტემბერი

აჟენი - ალბი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.098392