საფინალო სასტვენამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც სანტიაგო გონსალეს იგლესიასმა ჯარიმა გაიტანა და არგენტინას სამხრეთ აფრიკასთან სალტაში გამართულ ბრძოლაში 26:24 მოაგებინა.
„პუმებმა“ ისტორიაში მეორედ სძლიეს „სპრინგბოკს“ და ეს მათ დაიმსახურეს. აფრიკელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც ალბათ ერთ-ერთი უცუდესი იყო მათ ისტორიაში. ისინი არ ერიდებოდნენ ზღვარგადასულ უხეშობას და ორმა არგენტინელმა - ნიკოლას სანჩესმა და ხუან ერნანდესმა მოედანი დასისხლიანებულებმა დატოვეს, თუმცა რეფერიმ რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.
თამაშის სცენარი ძალიან გავდა ერთი კვირის წინ აფრიკაში გამართული შეხვედრის სცენარს, რომლის მიწურულს, დასკვნით 10 წუთში „ბოკემ“ 17 უპასუხო ქულა მოიხვეჭა და საბოლოოდ 30:23 იმარჯვა. სამხრეთ აფრიკამ ამჯერადაც შეძლო 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, 11 ქულა მოაგროვა და საფინალო სასტვენამდე 5-6 წუთით ადრე 24:23 დაწინაურდა, თუმცა როგორც ზევით ვახსენეთ, დარჩენილ დროში ჯარიმა გაუშვა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.
არგენტინამ ითამაშა ისე, როგორც ერთი კვირის წინ: ძალისმიერ თამაშს ენაცვლებოდა აფეთქებები, სწრაფი კონტრშეტევები და ამან შედეგი ორჯერ გამოიღო - „პუმებმა“ პირველი ტაიმის 8-წუთიან მონაკვეთში 13, ხოლო მეორე ტაიმის 6-წუთიან ინტერვალში 10 ქულა მოიხვეჭეს. ერთი საგულისხმო ფაქტიც: როგორც წესი, პირველი დონის გუნდების თამაშებისას, სინბინის 10-წუთიან მონაკვეთში მეტობაში მყოფი გუნდი საშუალოდ 10 ქულას იხვეჭეს, არგენტინელთა შემთხვევაში კი, პირიქითაა. ერთი კვირის წინ 14-მა არგენტინელმა 15 აფრიკელს 10 ქულა აუღო, რამდენიმე საათის წინ კი - 13. ზოგადად, არგენტინელთა მაგალითი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ძალისმიერ სტილში მოთამაშე გუნდად ითვლებოდა, ალბათ საუკეთესო მაგალითად უნდა იქცეს საქართველოსთვის, რომელსაც მსოფლიო უმეტესად ფორვარდების ძლიერი თამაშით იცნობს.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, როდესაც მანუელ მონტერო ხაზს მიწვდა, მაგრამ ზედ დამიწების წინ ბურთი გაუვარდა. ტაიმის შუაში ანგარიში ელტონ იანტისმა ჯარიმით გახსნა და თანაც, ამ ეპიზოდში სინბინით რამირო ერერა დაისაჯა, რომელმაც ფრანსუა ლოუზე გვიანი ბოჭვა შეასრულა. 14-კაცის წინააღმდეგ თამაში, თითქოს ის ერთადერთი უპირატესობა იყო, რომელიც „ბოკემ“ პირველ ტაიმში მიიღო, მაგრამ სწორედ აქ იფეთქეს არგენტინელებმა.
ნიკოლა სანჩესმა მეტოქეს უდისციპლინობა არ აპატია, ორი ჯარიმა გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა, ხოლო საკუთარი 22-იდან დაწყებული შეტევა ლელოთი ხოაკინ ტუკულეტიმ დაასრულა და „პუმებმა“ ტაიმი 13:3 მოიგეს. ეს იყო შედეგი, რომელსაც არგენტინა ბურთის ფლობისა და ტერიტორიული უპირატესობის ფონზე იმსახურებდა.
მეორე ტაიმის დებიუტი უდავოდ სტუმრების იყო, რომელთაც შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და იანტისმა ჯარიმა გაიტანა, ხოლო 46-ე წუთზე ბრაიან ჰაბანამ ლოუსგან ზურგსუკან პასი შეირგო და სარეკორდო ლელო დადო. 33 წლის აფრიკელისთვის ეს იყო მე-20 ლელო „რაგბი ჩემპიონშიპში“ და 65-ე სანაკრებო კარიერაში, რითაც დევიდ კამპესი ჩამოიტოვა. იანტისმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და ამავე შეტევისას არგენტინამ ტრავმით მგეზავი, სანჩესი დაკარგა, მაგრამ აფრიკელთა დაბრუნება ხანმოკლე აღმოჩნდა.
ორიოდე წუთში არგენტინელებმა კარგი შეტევით უპასუხეს, ხუან მარტინ ერნანდესმა ფეხით მარჯვენა ალამთან ჩაკიდა ბურთი, ის ჰაერშივე ხუან მანუელ ლეგიზამონმა მოხსნა და ჰაბანას ბოჭვის მიუხედავად ლელოში დაამიწა. ერნანდესმა გარდასახვას 54-ე წუთზე ჩაროზად ჯარიმა მიაყოლა და 10-ქულიანი სხვაობა აღდგა - 23:13. ამან სტუმრები გამოაცოცხლა და 62-ე წუთზე დამიან დე ალენდეს ბურთი ზედ ლელოს ხაზზე გამოსტაცეს. ორიოდე წუთში მორნი სტეინმა ახლოდან ჯარიმა გაიტანა, 67-ე წუთზე კი, ერნანდესმა უპა მოჰოჯესგან თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და სანჩესის მსგავსად მოედანი დასისხლიანებულმა დატოვა, ოღონდ საკაცით. მოჰოჯე მანამდეც არღვევდა წესს, მეტოქეს ლამის თავი მოაცალა, მაგრამ რეფერიმ ის და ეს ეპიზოდიც წესების დარღვევად არ შეაფასა.
ბურთი „ბოკეს“ დარჩა და ერთ წუთში მათ მძლავრ შეტევას ლელო მოყვა - შეცვლაზე შესულმა პიტერ-სტეფ დიუ ტოიმ ბრძოლით გაიკვალა გზა და ბურთი ლელოში დაამიწა. სტეინს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 74-ე წუთზე ახლოდან ჯარიმა გაიტანა და სტუმრები 24:23 დააწინაურა. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, „პუმები“ გამარჯვების დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყვნენ და გაუმართლათ, სტეინს 76-ე წუთზე არეკნი რომ გაუცუდდა. შედეგად, სანტიაგო იგლესიასმა 22-იდან ბურთი სწრაფად გაათამაშა და შეუტია, მას სანტიაგო კორდერო მიყვა და სამხრეთ აფრიკამ ეს კონტრშეტევა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. იგლესიასმა 35 მეტრიდან ზუსტად დაარტყა, „პუმებმა“ დარჩენილი 2,5 წუთი გაძლეს და 26:24 გამარჯვებით გაიხარეს.
ამრიგად, როლები შეიცვალა და ამჯერად არგენტინამ ჩაიწერა 4 ქულა, ხოლო სამხრეთ აფრიკა მხოლოდ პრემიით დაკმაყოფილდა. „რაგბი ჩემპიონშიპის“ მესამე რაუნდში „პუმები“ ლიდერს, ახალ ზელანდიას ეწვევიან, ხოლო სამხრეთ აფრიკა აუტსაიდერთან ავსტრალიაში ითამაშებს.
2016 წლის რაგბი ჩემპიონშიპი
II რაუნდი. 27 აგვისტო
ახალი ზელანდია - ავსტრალია 29:9
არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 26:24
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 71:17 | 10 | 2 |
2. | სამხრეთ აფრიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 54:49 | 5 | 1 |
3. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 49:54 | 5 | 1 |
4. | ავსტრალია | 2 | 0 | 0 | 2 | 17:71 | 0 | 0 |
III რაუნდი. 10 სექტემბერი
ახალი ზელანდია - არგენტინა
ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან გაიზარდა არგენტინა, მართალია ბოლოს გაუმართლათ, მაგრამ სამხრეთ აფრიკა ეთან გამარჯვება მარტო გამართლებით არ მიიღწევა.
ყოჩაღ არგენტინას.