ეროვნული ნაკრები

19:49 | 27.08.2016 | ნანახია 6398 - ჯერ

ანტონ ფეიქრიშვილი - გაურკვევლობით დაკარგული ბრიტანული შანსები

საქართველოს ნაკრების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი ჯერჯერობით უგუნდოდაა, თუმცა ის პირადად გვარწმუნებს, რომ სულ მალე ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

ირკვევა, რომ მანამდე მას ორი ბრიტანული კლუბისგან - „ბრისტოლისა“ და „ლონდონ აირიშისგან“ ჰქონდა სერიოზული შეთავაზებები, ასევე, „ბეიონი“ ცდილობდა მის დარჩენაზე დაყოლიებას, მაგრამ გაურკვევლობებმა სამივე ვარიანტი ჩაშალა. ანტონს, რომელმაც გასული სეზონი, განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე ძალიან კარგად ჩაატარა, ბრიტანეთი იზიდავს. ჩვენ მას პირადად შევეხმიანეთ და საკლუბო ამბების გარდა, რა თქმა უნდა სანაკრებო თემებზეც ვისაუბრეთ.

  • მოდით საუბარი გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო იყო თქვენს კარიერაში.
  • მთლიანობაში, ალბათ, მართლაც კარგი სეზონი მქონდა და ამას თავისი მიზეზი ქონდა. სეზონის წინ ნაკრებთან ერთად სამკვირიანი, გამორჩეული მოსამზადებელი ეტაპი გავიარე, რაც თამაშზეც აისახა. მაშინ „ბორჯღალოსნებთან“ ერთად ბოლომდე ვერ დავრჩი, რადგან იმ მომენტისთვის უკლუბოდ ვიყავი და როდესაც „ბეიონის“ ვარიანტი გამოჩნდა, მილტონ ჰეიგთან შეთანხმებით საფრანგეთში წავედი. მაშინვე ითქვა, რომ მზადებას კლუბში გავაგრძელებდი და საჭიროების შემთხვევაში ნაკრებს შევუერთდებოდი.

საკლუბო კარიერით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ჩემი სურვილი იყო მეტი მეთამაშა, თუმცა ასე არ მოხდა. ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ნაკრებში ყველანი განსაკუთრებული მონდომებით, თავდადებით ვთამაშობთ და ასეთ დროს თითოეული მორაგბისთვის უფრო ადვილია თავის გამოჩენა. ყველა ხედავს, რომ ჩვენი ნაკრები მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ მიღწეულით კმაყოფილი არ ვართ და მეტის მიღწევა გვინდა.

  • ერთი რამ ცხადია, გასული სეზონი თქვენთვის გამორჩეული იყო შედეგიანობის მხრივ, განსაკუთრებით სანაკრებო მატჩებისას.
  • ეს მილტონ ჰეიგის სისტემის და გუნდური თამაშის დამსახურებაა, რის შემდეგაც ყველაფერი გიადვილდება. მისი სისტემის წყალობით ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია უპირატესობის შექმნა, ან შეტევის დაგვირგვინება. ზოგიერთი მწვრნელი პირველხაზელისგან მხოლოდ შერკინებაში კარგ დგომას, მიწოლას მოითხოვს, აქ კი, გამორჩეული არავინაა. როგორც უკანახაზელს, ასევე პირველხაზელს, ევალება პასის გაცემა, გაქცევა, ღია თამაშში აქტიური მონაწილეობა. სწორედ ამის და თანაგუნდელების დამსახურებაა ამ სეზონში ერთა თასზე ოთხი ლელოს დადება რომ მოვახერხე - გერმანიასთან, რუსეთთან და ორი რუმინეთთან.
  • არ შეიძლება გასულ სეზონზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ 2015 წლის მსოფლიო თასი. ზემოთ ახსენეთ ჰეიგთან შეთანხმება და თქვენ მართლა მოგიწიათ ინგლისში ჩასვლა.
  • 2015 წლის მსოფლიო თასის ხსენებისას, რა თქმა უნდა უწინარესად ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში მახსენდება. ეს იყო ჩვენი პირველი თამაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, რომლის მსვლელობიდან ბევრი არაფერი მახსოვს - მხოლოდ გასახდელიდან გამოსვლა და გასახდელში შესვლა. თამაში რაგბის მექაში, კარდიფში გაიმართა და ათიათასობით გულშემატკივარმა იხილა ჩვენი თავდადება. ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, რომ სატრაბახო გვქონდეს, მაგრამ ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ვაჩვენეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და ეს მაყურებელმა დაგვიფასა.

აი ეს იყო ჩემთვის საუკეთესო 2015 წლის მსოფლიო თასიდან. რაც შეეხება „ჰაკას“, შესაძლოა, ათი წლის წინ ვინმეზე ის დამთრგუნველად მოქმედებდა, ახლა კი, ასე აღარაა და შენც საბრძოლველად გმუხტავს, ყოველ შემთხვევაში ჩემზე და ზოგადად ჩვენს ნაკრებზე კარგად იმოქმედა. ბავშვობაში ზელანდიელების „ჰაკას“ და მერე მათ თამაშს ტელევიზორში აღფრთოვანებული ვუყურებდი და მაგაზე მაგარი არაფერია, როდესაც წლების შემდეგ შენ დგახარ ჰიმნებზე და „ჰაკაზე“ ამ გუნდის წინააღმდეგ.

  • პირადად ჩემთვის, ასეთი სეზონის შემდეგ მოულოდნელი იყო „ბეიონმა“ კონტრაქტი რომ არ გაგიხანგრძლივათ.
  • ეს გაუგებრობის შედეგია. „ბეიონმა“ ჯერ კიდევ დეკემბერში შემომთავაზა დარჩენა და იანვრიდან აქტიურად დაიწყო ჩემთან მოლაპარაკება, თუმცა გუნდი პრო დ2-ში თამაშობდა, ჯერ ისიც არ იყო გარკვეული შევძლებდით თუ არა ტოპ 14-ში ასასვლელ ფინალში გასვლას და არ ვჩქარობდი. გარდა ამისა, იყო ტოპ 14-ის და ინგლისური კლუბების ვარიანტები და პასუხი დავუგვიანე, რის შემდეგაც სხვა, იტალიელი მორაგბე დაიმატეს და ჩემთან კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივეს.
  • რომელი გუნდებიდან იყო შემოთავაზება?
  • მარტში „ბრისტოლიდან“ დამიკავშირდნენ, რომელიც მაშინ პრემიერშიპში ასასვლელად იბრძოდა. მოლაპარაკებები კარგად წარიმართა, პრაქტიკულად ყველაფერზე შევთანხმდით და ყველაფერი გათვლილი გვქონდა - პირობები, ჩემი ჩასვლა და ასეთ სიტუაციაში, როდესაც ყოველ დღე პასუხის მოლოდინში ვიყავი, საერთოდ დაიკარგნენ, უარიც აღარ მითხრეს ისე გაქრნენ. ამის შემდეგ მეორე ინგლისური კლუბიდან, „ლონდონ აირიშიდან“ შემეხმიანენ, სპეციალურად ჩამოვიდნენ საფრანგეთში, შევხვდი მათ სპორტულ დირექტორს, გამაცნო სათამაშო ტაქტიკა, აქაც ყველა დეტალზე შევთანხმდით და წასვლას წინ რომ აღარაფერი ედგა, გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გაუშვეს, ახალს კი, განსხვავებული გეგმები აღმოაჩნდა. „ბეიონს“ ჩემგან პასუხი არ ქონდა, ბრიტანულ კლუბებთან მიმართებში ასეთი დაუგეგმავი გაურკვევლობები მოხდა და დავრჩი უგუნდოდ. პირადად მე, ბრიტანეთში თამაშის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. მინდა მათ ქართველი ბურჯების ძალა ვაჩვენო, დაგვიანებული ჯერ არაფერია და ვნახოთ რა იქნება.
  • რას აკეთებთ ამ პერიოდში, ახლა რა ვარიანტები გაქვთ?
  • ვარჯიშობ. ახლახანს საქართველოში მყოფ ნაკრების კანდიდატებს სამკვირიანი შეკრება გვქონდა „შევარდენის“ ბაზაზე. დაგვიანებული ჯერ არაფერია, არის რაღაც ვარიანტები და დარწმუნებული ვარ, უგუნდოდ არ დავრჩები, უბრალოდ, წინასწარ რაიმეს თქმისგან თავს შევიკავებ.
  • ინტერვიუს ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ წყნარი ოკეანის კუნძულებზე ჩვენი ნაკრების ტურნეს შესახებ, საიდანაც ყველასათვის მოულოდნელი შედეგით დაბრუნდით.
  • კუნძულებზე გამგზავრების წინ ვფიქრობდით, რომ ერთი თამაში მაინც უნდა მოგვეგო და სამიზნედ ტონგა გვყავდა შერჩეული. როდესაც ადგილზე ჩავედით, ბიჭები დავჯექით და დავილაპარაკეთ - ამხელა გზა გამოვიარეთ, მთელი საქართველო ჩვენ გვიყურებდა და მაქსიმუმი უნდა გაგვეღო ყველა შეხვედრაში. სამოასთან თავიდანვე ყველაფერი კარგად აეწყო. მეტოქეს, რომელსაც ავსტრალია ყავს დამარცხებული და ნებისმიერი დიდი გუნდისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენთან არაფერი გამოუვიდა. გამოჩნდა, რომ მათთან უფრო ადვილად შეგვეძლო მოგება, ვიდრე იმავე ტონგასთან და თუნდაც ფიჯისთან. ეს ჩვენ დავამთავრეთ შეხვედრა ფრედ, რადგან მაშინ ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, რომ მოგება შეიძლებოდა. მეტოქეს წესიერი არაფერი გაუკეთებია.

სამოასთან თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ თავდაჯერებულობა 150 პროცენტით გაიზარდა და ტონგასთან მოედანზე სულ სხვა განწყობით გავედით, მშვიდად ვითამაშეთ და საწადელს მივაღწიეთ. ბოლო წუთზე გამარჯვებამ თავდაჯერებულობა უკვე 200%-მდე გაზარდა და ფიჯის კიდევ უფრო მარტივად ვაჯობეთ. ჩემი აზრით, ეს იყო ნებისმიერი ტურნირის მოგებაზე უფრო დიდი შედეგი. თუმცა მიღწეულით კმაყოფილები არ ვართ, მეტის ამბიცია გვაქვს და არც გაჩერებას ვაპირებთ. შესაძლოა მე და ჩემი თაობის მორაგბეები ამას ვერ მოვესწროთ, მაგრამ მწამს, ოდესღაც მომავალი თაობა აუცილებლად ითამაშებს ექვსი იქნება თუ შვიდ ერში და ქართული რაგბის წინსვლა აუცილებლად გაგრძელდება.

  • ამის ჩვენც გვჯერა და იმედია, სულ მალე თქვენს ახალ გუნდსაც შევიტყობთ.
  • დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ეს საკითხი გადაწყდება და თქვენც აუცილებლად გაიგებთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:01 | 28.08.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია მალე გამოუჩნდება ვარიანტები

00:07 | 28.08.2016
GiorgiG83 (525)

ეს ბიჭი თავისი ტავჩაუხრელი შრომით და პროფესიონალიზმით მართლა ყოველივე საუკეთესოს იმმსახურებს - მალე მოგველოცოს ანტონ!

22:37 | 27.08.2016
Kala94 (151)

გამოჩნდება რამე ვარიანტი.. წარმატებები ანტონ !

0.189988