4 ერი

14:55 | 27.08.2016 | ნანახია 2975 - ჯერ

200%-იანი „ოლ ბლექსი“

ახალი ზელანდიის ნაკრებმა, ერთი კვირის ინტერვალში ავსტრალიას ორჯერ მოუგო პრემიალური ქულით და „რაგბი ჩემპიონშიპის“ საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი აიღო.

სიდნეის მატჩისგან განსხვავებით, ველინგტონში სხვაობა „მოკრძალებული“ იყო - სტუმრად 42:8, შინ 29:9-ით შეიცვალა. ერთი კვირის წინ „ოლ ბლექსმა“ მეტოქეს ექვსი ლელო დაუდო და ქულების აღების რამდენიმე შანსი გაანიავა, ხოლო ამჯერად „უოლაბების“ ჩათვლის მოედანი 4-ჯერ დალაშქრა, რაც 5 სატურნირო ქულის ასაღებად სრულიად საკმარისია. ამის მიზეზი ავსტრალიელები არიან, რომლებმაც დაცვაში უფრო მჭიდროდ ითამაშეს, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ოლ ბლექსის“ დებიუტანტმა, შუამარბმა ენტონი ლინერტ-ბრაუნმა კარგი თამაში აჩვენა და ბოდენ ბარეტსა და უკანახაზელებს შორის, კავშირი იდეალურად უზრუნველყო. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ახალმა ზელანდიამ მეტოქეს ყველაფერში აჯობა, მათ შორის დაცვაში თამაშშიც და „უოლაბებზე“ მეტი ბოჭვა შეასრულა, რომელთაც ეს კომპონენტი 30-ჯერ გაუცუდდათ.

პირველ ტაიმში ავსტრალიელებმა შედარებით უკეთ ითამაშეს, მაგრამ მეტოქის ორი აჩქარება იზრაელ დეგის ორი ლელოთი დასრულდა. ანგარიში მე-7 წუთზე აარონ სმიტის გარღვევის შემდეგ გაიხსნა, როდესაც ბურთი მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშდა, სტუმართა მცველები ჯერ კიდევ მოედნის საპირისპირო ფლანგზე იმყოფებოდნენ. დანარჩენები ლინერტ-ბრაუნმა მიიზიდა, შედეგად, ოთხი თავისუფალი მოთამაშიდან ლელოში დეგი შევიდა, რომელმაც თანაგუნდელისგან პასი კალათბურთის სტილში მიიღო.

ბერნარდ ფოლიმ და ბარეტიმ ჯარიმები გაცვალეს, მერე ავსტრალიელმა ჩამორჩენა 4 ქულამდე ერთხელაც დაიყვანეს,ხოლო 22-ე წუთზე დეგმა დუბლი შეასრულა - სწრაფი შეტევა მან კიდევ უფრო ააჩქარა და მცველებს ისე ჩაუქროლა, თითიც ვერავინ დააკარა. შესვენებამდე ავსტრალიელთა მესამე, უკანასკნელი ჯარიმა რის ჰოჯიმ გაიტანა, ხოლო სკოტ ფარდი უბურთო ბენ სმიტზე ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და ტაიმი 15:9 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში, დეგმა ქუადე კუპერს მაღალი ბურთისთვის ბრძოლა მოუგო, მარცხენა ფრთაზე სივრცე გაჩნდა, ჯულიან სავეამ ბოლო მბოჭავის თავგანწირული ბოჭვა არც კი შეიმჩნია და მესამე ლელო დაამიწა. მეორე ნახევრის შუაში ავსტრალიელთა დაცვა უკვე სემ კეინმა გაარღვია და ახალ ზელანდიას პრემიალური ქულა დაუბევა, ხოლო ბარეტიმ შესვენების შემდეგ ორივე ლელო გარდასახა და „ოლ ბლექსმა“ 29:9 იმარჯვა.

ახლა ზელანდია 10 ქულით სატურნირო ცხრილის თავზეა, ხოლო ავსტრალია ბოლო ადგილზე რჩება. დღეს ღამით არგენტინა სამხრეთ აფრიკას მასპინძლობს, ხოლო მესამე რაუნდის თამაშები 10 სექტემბერს გაიმართება - ახალი ზელანდია არგენტინას და ავსტრალია - სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078793