სხვა

12:03 | 27.08.2016 | ნანახია 1825 - ჯერ

სამხარაძის ლელომ „ბაია მარე“ „სტიაუასგან“ ვერ იხსნა

„ბაია მარეს“ კაპიტანმა, 9 ნომერმა ბიძინა სამხარაძემ, რუმინეთის სუპერ-ლიგის მეოთხე მატჩში მესამე ლელო გაიტანა. ამჯერად საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა თავი ცენტრალურ შეხვედრაში, ბუქარესტის „სტიაუასთან“ გამოიჩინა, თუმცა მიხეილ არჩუაშვილისა და ლევან გენებაშვილის გუნდთან 24:29 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „გენჩაზე“ გამართული ლიდერთა ჯახი დაძაბული გამოდგა. სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს პრაქტიკულად ყველა კომპონენტში აჯობეს, თუმცა „სტიაუამ“ კარგად გამოიყენა მათი შეცდომები და უდისციპლინობა, ადრიან ფლორინ ვლაიკუმ ჯარიმები გაიტანა [5] და ბუქარესტელებმაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

თამაშში მონაწილეობა სამმა ქართველმა მიიღო და სამივე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა რიგებში სრულად გაისარჯა მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი, რომელიც უმეტესად შავი სამუშაოთი იყო დაკავებული და ორ ეპიზოდში გუნდი ლელოსგან იხსნა - ერთხელ სამხარაძეს დახვდა ზედ ლელოს ხაზთან, მეორედ წითელ ზონაში თერნოვერი გაახერხა; მოედანზე 77 წუთი გაატარა ლევან გენებაშვილმა, რომელმაც მისი პოზიციისთვის უჩვეულოდ ბევრი ითამაშა და ისიც უმეტესად დაცვით იყო დაკავებული, რადგან მეტოქე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც აკონტროლებდა.

„ბაია მარეს“ რიგებში 66 წუთი ითამაშა სამხარაძემ, რომელსაც ერთ ეპიზოდში არჩუაშვილი მაგრად კი დაუხვდა, თუმცა 46-ე წუთზე ლელოს ხაზიდან 2 მეტრში წარმოქმნილი რაქიდან თავად შეუტია და მიზანს მიწვდა, რაც ვიდეო-რეფერიმ დაადასტურა. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და სტუმრებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს - 14:16. აღსანიშნავია, რომ მან, როგორც კაპიტანმა, რამდენჯერმე გუნდი ლელოზე ათამაშა და გასატანი ჯარიმები კარში არ დაარტყმევინა, რაც ალბათ შეცდომა იყო.

სწრაფი კონტრშეტევებისა და ვლაიკუს დარტყმების ხარჯზე, „სტიაუა“ მაინც ახერხებდა უპირატესობის გაზრდას და მატჩის დასრულებამდე 10 წუთზე ნაკლები რჩებოდა, ანგარიში 29:17 რომ გახდა, თუმცა შეხვედრის განახლებისთანავე „ბაია მარემ“ მესამე ლელო დადო, გარდასახვა გამოიყენა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. დასკვნით წუთებში თამაში ბუქარესტელთა 22-ში მიმდინარეობდა და ლელოს დადების შემთხვევაში ისინი 4 ლელოს გატანისთვის პრემიალურ ქულასაც აიღებდნენ, თამაში კი, ფრედ, ან მათი გამარჯვებით დასრულდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და „სტიაუამ“ ლიდერობა გაიმყარა.

ახლა მათ 5 თამაშიდან 19 ქულა აქვთ და პირველი წრის დასკვნით მატჩში ბუქარესტულ დერბიში აუტსაიდერ „ოლიმპიას“ შეხვდებიან. „ბაია მარემ“ მცირედი მარცხისთვის 1 ქულა ჩაიწერა, 4 თამაშის შემდეგ ჯამში 12 გაუხდა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. დღეს თამაშობს „ტიმიშოარა სარასენსი“, რომელიც 3 თამაშიდან 9 ქულით მე-3 ადგილზეა და კლუჟის „უნივერსიტატიას“ დამარცხების შემთხვევაში, სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის გუნდს მესამე ადგილამდე დააქვეითებს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.153386